უკრაინელი სამხედრო, რომლის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა გუშინ სოციალურ ქსელებში, წინასწარი მონაცემებით, არის ტიმოფეი შადურა. ამის შესახებ იტყობინება 30-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელშიც ის მსახურობდა.
41 წლის შადურა მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა ბახმუტის რაიონში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ. ამჟამად მისი გვამი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მის ვინაობას საბოლოოდ დაადგენენ ცხედრის დაბრუნებისა და საჭირო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, აზუსტებენ მოკლულის თანამებრძოლები.
მანამდე უკრაინელ ჟურნალისტს, სოფია კოჩმარ-ტიმოშენკოს მოჰყავდა შადურას დის სიტყვები: „ასი პროცენტით ჩემი ძმაა. ესაა მისი თვალები, ხმა და ის, როგორ ეწეოდა სიგარეტს“.
გუშინ ტელეგრამში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელ სამხედროს, რომელიც სიგარეტს ეწევა, ახლო მანძილიდან ხვრეტენ მას შემდეგ, რაც ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“. უკრაინამ გამოძიება დაიწყო ომის კანონებისა და წესების დარღვევის თაობაზე.
რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია გავრცელებულ ვიდეოზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედიაში არაერთხელ გამოჩენილა ტყვედ ჩაბარებულ უიარაღო სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობების ამსახველი ვიდეოჩანაწერები - როგორც უკრაინელების, ისე რუსეთისა. ყოველ ჯერზე მხარეები ერთმანეთს სამხედრო დანაშაულში სდებდნენ ბრალს. უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ დადო პირობა, გამოიძიოს შესაძლო დანაშაულთა შემთხვევები, რომლებიც მისი არმიის სამხედროებმა ჩაიდინეს. ამ გამოძიებათა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს უკრაინელ სამხედროთა მკვლელობის ამსახველ ვიდეოებზე.