უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას ბახმუტში, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რუსი სამხედროები ზოგჯერ 12-ჯერ აღემატებიან ქალაქის დამცველებს. "ძალიან დიდი შემოდინებაა, იარაღი სროლის ინტენსივობისგან ჩახმახში იჭედება", - ამბობენ უკრაინელი სამხედროები. ორშაბათს, 6 მარტს, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა დაადასტურა, რომ მთავარსარდლის შტაბმა გადაწყვიტა, გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაცია ბახმუტში და არ გაიყვანოს ჯარები.
აი, როგორ აღწერს რუსეთის შეტევას უკრაინელი ჯარისკაცი ვოლოდიმირი:
"ძირითადად მოქმედებენ ექვსი-რვა ჯარისკაცისგან შემდგარი მცირე ჯგუფები - ისინი ატარებენ დაზვერვას საბრძოლო მოქმედებებით, ამის შემდეგ მტერი ცეცხლს ხნის არტილერიიდან, ნაღმსატყორცნებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან. და შემდეგ ფრონტალურად იერიშზე გადმოდის ექვსი-რვა კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც უკან რამდენიმე ასეთივე ჯგუფი მოჰყვება. და ასე დაუსრულებლად, სანამ არ შეასრულებენ თავიანთ მიზანს. ანუ მათი ადამიანური რესურსი ამ მხრივ შეუზღუდავია", - ჰყვება უკრაინელი ჯარისკაცი.
უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ასეთი ფრონტალური თავდასხმების შედეგად რუსეთის ჯარები მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ისინი აცხადებენ, რომ ბახმუტის შესანარჩუნებლად ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ბახმუტმა მოიტანა და მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.
- უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ზალუჟნის და სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ სირსკის პირდაპირ ჰკითხა, უნდა დატოვონ თუ არა ქალაქი ბახმუტი და ორივემ უპასუხა, რომ არ უნდა დატოვონ და უნდა გაძლიერდნენ. ზელენსკის ინფორმაციით, ამ პოზიციას ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს მთავარსარდალთან არსებულმა საბჭომ.
- 6 მარტს ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს ნატოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, ბახმუტში რუსეთმა უკრაინაზე ხუთჯერ მეტი სამხედრო დაკარგა.
- რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას და ამ მიზნით რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს".