Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით წერედიანი: „ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...“


4 იანვარს დავით წერედიანს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 30 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლების ნაწილი მის მთაწმინდაზე დაკრძალვას მოითხოვს, თუმცა თბილისის მერიამ საბოლოოდ მახათას მთა შეარჩია.

„ქართლის ნაზამთრალ გულისპირს

ნელი წვიმებით ნამავს,

ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს

სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...“

დავით წერედიანი დაიბადა 1937 წლის 12 აგვისტოს აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

დავით წერედიანმა ქართული ენის ახალი შესაძლებლობები გამოავლინა.
გიორგი ლობჟანიძე

დავით წერედიანი თარგმნიდა ფრანგული და გერმანული ენებიდან. ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძისა“ და „მცირე ანდერძის“ თარგმანებზე ამბობენ, რომ თავისი ხარისხით ტექსტი დედანს უტოლდება, „ფაუსტის“ თარგმნისათვის კი მან ორჯერ აიღო „საბა“. ასევე „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გარდა ამისა 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

გიორგი ლობჟანიძე - პოეტი, მთარგმნელი: „ძალიან დიდი პოეტი და კონგენიალური მთარგმნელი იყო. დავით წერედიანმა ქართული ენის ახალი შესაძლებლობები გამოავლინა. ახალ-ახალი ინტონაციებით გაამდიდრა და ისეთი ლირიკული შედევრები შექმნა, რომლებიც ყველა თაობისთვის იქნება მისაღები. ერთი სიამოვნებაა წაიკითხო მის მიერ ნათარგმნი პასკალ კინიარის „ყოველი დილა ქვეყანაზე“. ძმები გრიმების ზღაპრებიც მისი ნათარგმნია. ხშირად ამბობენ, ზღაპრების თარგმნას რა უნდაო. ნურას უკაცრავად! შეიძლება უფრო რთულიც იყოს“.

„ცრის... რა უღრანი ღამეა...

ღმერთო, გზას ავცდი, მგონი...

ძახილის ძალა მომეცი,

ძალი წყვდიადში დგომის.

ამ ქვადქცეული ღამიდან,

ამ ბნელეთით და მკვდრეთით,

სხვა რა გააღწევს ნამდვილი,

მწარე ძახილის მეტი....“

დავით წერედიანის პოეტური მემკვიდრეობა დიდი არ არის, მაგრამ რაც არის:

„არაჩვეულებრივი ლექსებია. მან აიღო ხალხური ლექსების ქარგა და პიროვნული მუსიკის ჩარჩოებში მოაქცია. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, ფალიაშვილმა ქართულ მუსიკაზე ოპერა რომ შექმნა“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

„მუხლებზე ხელებდაყრილი

ვზივარ ეკვდერის კარად.

აღმდგარა ყველა ლაზარე,

ჩემი ლაზარე - არა“.

ეს ლექსი 1984 წელს გამოქვეყნდა და „თვითმფრინავის ბიჭს“, გეგა კობახიძეს, მიეძღვნა.

გამომცემლობა „ინტელექტს“ დავით წერედიანთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა, სურდა მისი პოეტური კრებულის გამოცემა, ასევე ფრანგი კლასიკოსი პოეტების თარგმნა, მაგრამ ვერ მოასწრო. „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ დავით წერედიანი ძალზე გულდასმით მუშაობდა და წიგნის მომზადებას დიდხანს უნდებოდა.

ორი წიგნის გამოცემა მაინც მოასწრეს: „თემა და ვარიაციები“ და ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსეროს“ თარგმანი. ეს უკანასკნელი სწორედ მაშინ გამოვიდა, როდესაც წერედიანი უკვე საავადმყოფოში იწვა. თავისი ბოლო წიგნის ნახვა ავტორმა ვეღარ მოასწრო.

„ბოლო დროის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა მასთან და სულ სხვა დავით წერედიანი გავიცანი. ადამიანი, ვისთანაც თითქმის ყველაფერზე შეიძლებოდა საუბარი. განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა, რომელსაც ფართო წრე ვერ ამჩნევდა, რადგანაც არ იყო ყველასთვის გახსნილი. ეს იუმორი ძალიან კარგად ჩანს მის თარგმანებში“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

30 დეკემბრიდან მოყოლებული გროვდება ხელმოწერები დავით წერედიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის მოთხოვნით, თუმცა ქალაქის მთავრობამ ამ წინადადებაზე უარი თქვა. როგორც მერიაში აცხადებენ, მთაწმინდის პანთეონი დახურულია და ამის გამო დავით წერედიანი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG