Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით რაზმაძეს გორში ხვალ დაკრძალავენ


ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დღეს გორში, ბებიის სახლში, გადაასვენეს.

მეზღვაურის ბიძა, იაგო ცეცხლაძე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ცხედარი დაზიანებულია:

„მოსულია ექსპერტიზის დასკვნა, მოსულია არაბულ ენაზე და ინგლისურად აქ გადათარგმნეს, მაგრამ ისე ციტატურად და არასწორად არის ჩასმული, რომ აზრს ბოლომდე ვერ გამოიტან. იძახიან, რომ ბავშვი მოკლულია, მაგრამ როგორ არის, ვისგან არის, რა დროს არის დაღუპული, ამას არ გვეუბნებიან. ჩატარდა ექსპერტიზა ჩვენთან, თბილისშიც, და გამოჩნდება ექსპერტიზის პასუხებში, ოღონდ უნდა გარკვეული დრო, იმიტომ რომ მიცვალებული ძალიან დაზიანებულია, წყალში ნამყოფია. ისიც არ ვიცით, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, მაგრამ მიგვანიშნეს, რომ დრო უნდა და რამდენ ხანს მოითხოვს არ ვიცით“.

სახლთან დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებას დილიდან ელოდნენ მეგობრები, ნათესავები და მეზობლები. ბევრი მათგანი ტიროდა, მეზობლები კი დათოს ბავშვობას იხსენებდნენ.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე, ლიბიაში ნაოსნობისას 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა, 21 იანვარს კი ქართველი მეზღვაური სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.

დავით რაზმაძის ცხედარი თბილისში 5 მარტს ჩამოასვენეს. მისი დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. ამ საქმეს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტი იძიებს და გამომძიებლები ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული კვლევის შედეგებს ელოდებიან. ექსპერტიზის ბიუროში კი ოჯახს უთხრეს, რომ სრულფასოვანი დასკვნის დადებას დრო დასჭირდება

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია. ზაზა რაზმაძე მთელმა მსოფლიომ იმ ცნობილი ფოტოთი გაიცნო, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გორის დაბომბვისას არის გადაღებული. ფოტოზე ზაზა რაზმაძე დაღუპულ ძმას, ზვიად რაზმაძეს, დასტირის. ზაზა 2014 წლის თებერვალში უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა. რაზმაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია დავით რაზმაძის დაღუპვით გაგრძელდა. 7 მარტს, დილით, დავით რაზმაძეს ეკლესიაში გადაასვენებენ, პანაშვიდის შემდეგ კი გორის სასაფლაოზე დაკრძალავენ

XS
SM
MD
LG