Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გურული დღიურების“ ფონდის კიდევ ერთი სტიპენდიატი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


სოფელ აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ფანჯრებიდან ყოველდღე ხედავენ ოკუპირებულ ზემო არცევში განთავსებულ საოკუპაციო სამხედრო ბაზას.

გაკვეთილების დროს ბავშვები ფანჯრებისკენ მზერას ხშირად აპარებენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიარაღებული ხალხის გადაადგილებასაც ამჩნევენ. სკოლის მიღმა, შემაღლებულ ბორცვზე, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიც მოჩანს, ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლისა და აფეთქებების ხმაც ესმით.აძვის სკოლაში 143 მოსწავლე დადის.

აძვის მეზობელი სოფლებიდან - ჯარიაშენიდან, ახალუბნიდან და პატარა მეჯვრისხევიდან - მოსწავლეები აქ ყოველდღე მოდიან. ლია ვარდანაშვილი მე-9 კლასის მოსწავლეა. 7 წლის იყო, როცა მშობლებმა აძვის სკოლაში გადაიყვანეს, მაშინ ქართული თითქმის არ იცოდა. ლია შერეული ოჯახის შვილია: დედა რუსია, მამა - ქართველი. ქართული მალე ისწავლა, სკოლის ბიბლიოთეკის თითქმის ყველა წიგნი გადაკითხული აქვს.

აძვის სკოლის მეცხრე კლასში დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მოულოდნელად შევიდა. ბავშვებს გაესაუბრა და უთხრა, რომ ფონდი „გურული დღიურები“ მთელ საქართველოში ეძებს კითხვის მოყვარულ მოსწავლეებს და მათ მცირე სტიპენდიას უნიშნავს. ლია ვარდანაშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა, მისი სახელი და გვარი დაასახელა და სიგელიც გადასცა, საერთოდ დაიბნა. თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა. ხელები უკანკალებდა. თქვა, რომ მის ცხოვრებაში ეს პირველი ჯილდოა. კითხვის მოყვარული მოსწავლე პირველად შეამჩნიეს.

„გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიის გარდა, ლია ვარდანაშვილს გიორგი კეკელიძემ პირადი ბიბლიოთეკისთვის მხატვრული ლიტერატურაც ჩაუტანა. 50 წიგნი ლიას საოჯახო ბიბლიოთეკაში განთავსდება. კეკელიძის თქმით, მალე სოფლის სკოლის ბიბლიოთეკაც შეივსება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქტიურად ერთვება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო აქციებში. ექიმსა და მის შვილებს განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები აინტერესებთ. ამიტომ გაფრინდაშვილების ოჯახი „გურული დღიურების“ ფონდის შემომწირველიც ხდება. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, ამ სიმბოლური სტიპენდიით, რომელიც თვეში 100 ლარია, ლიას წიგნების შეძენისა და მეტი განვითარების საშუალება ექნება.

გიორგი კეკელიძე და ფონდი „გურული დღიურები“ მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს კითხვის მოყვარულ ახალგაზრდებს. როგორც მწერალი ამბობს, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კიდევ არაერთხელ ჩავა და როგორც სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებს შეავსებს, ისე ნიჭიერ ახალგაზრდებს დაეხმარება. ლია ვარდანაშვილის კითხვის მოყვარულობა და მისი გამორჩევა კი შესაძლოა სხვა ბავშვებისთვისაც მაგალითად იქცეს.

XS
SM
MD
LG