გორში მოკლული 8 წლის გოგონა დღეს დაკრძალეს. გამოსვენება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან მოხდა. დაკრძალვაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ მკვლელობის საქმის დამატებით დეტალებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ბრალდებას დაემატა კიდევ ერთი - სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე - მუხლი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება ასევე14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის საქმეზე:
„დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე. ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“.
თავდაპირველად გამოძიება 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს, შუადღისას, სახლიდან ცეკვის წრეზე გავიდა, მაგრამ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია წარსულში 2-ჯერ ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს გაასამართლა 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით. 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. ბრალდებული მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნია გამოძალვის ნაწილში. ეს ინფორმაცია გოგონას მკვლელობის შემდეგ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გაავრცელა. დაკარგული 11 წლის ბიჭის ოჯახს იმედი მიეცა, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც იმუშავებს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებებით, შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ კანონის უმკაცრესი ზომით იქნეს დასჯილი ამ დანაშაულის ჩამდენი პირი...გიორგი ხოჯევანიშვილი
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა. ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის, განცხადებით, ყველა მტკიცებულება მკვლელობაში ბრალდებულის კვალზე მიანიშნებს და საქმე უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული:
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებებით, შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ კანონის უმკაცრესი ზომით იქნეს დასჯილი ამ დანაშაულის ჩამდენი პირი“.
მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორიდან თბილისში გადაიყვანეს. იქვე გაიმართა აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი და დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატის თქმით, ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება კი გრძელდება.