პოდკასტის ამ ეპიზოდში გოგი მიამბობს თავის საქმიანობაზე, ქრონიკულ ტკივილთან ბრძოლაზე, დანიაში იქაური ყურძნის ჯიშით ღვინის დამზადებაზე, ახლახან გარდაცვლილ დანიელ მძახალზე და მისთვის გადახდილ ქელეხზე.
გოგი წამლების გამომგონებელია და მისი სფერო ქრონიკული ტკივილია, ადამიანის ამ მუდმივ თანმდევთან ბრძოლა.
რატომ არის ქრონიკული ტკივილი, დანიაში მოღვაწე მკვლევრის თანახმად, სოციო-ეკონომიკური პრობლემა, ეს იყო ჩვენი საუბრის თემა და ჩავაცივდი, გამაყუჩებლებს რომ იგონებთ და ამაში ფულს ხარჯავთ, მიზეზებზე, თუ საიდან მოდის ეს ტკივილი, რატომ არ ფიქრობთ-მეთქი. როგორ არა, ვმუშაობთ, უბრალოდ ადამიანს დღეს სურს სწრაფად მოიშოროს ტკივილიო.
2018 წელს ოპერატორმა ილია სამურგანიდიმ და მე მოკლე ფილმი გადავიღეთ გოგი გეგელაშვილზე, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორზე, წამლების დიზაინის და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარზე, რომელიც გარდა წმინდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლაბორატორიაში მუშაობისა, როგორც გვითხრა, მომავალი გეგმების ორგანიზატორი და იდეების გენერატორიცაა.
როცა გოგი გეგელაშვილი - ქართველი მკვლევარი დანიაში ჩავიდა, ის სიხარულით მიიღეს.
ახლა ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ოჯახურადაც, დანიური სანათესაო ჰყავს და მიამბო თავისი მძახლის, დანიაში ცნობილი კაცის გარდაცვალების და ქელეხის ამბავი: გოგი გეგელაშვილის შვილიშვილის, პატარა უნას მეორე ბაბუა, ნილს ვესტი ახლახან გარდაიცვალა. გოგიმ მიამბო ცხონებულ ნილსზე, მის ცხოვრებაზე მოკლედ და ქელეხზე, რომელიც თავისუფლებისთვის მეამბოხე სტუდენტების წინამძღოლს გადაუხადეს. ნილს ვესტი 60-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში იყო ჩართული, ის იყო ერთ-ერთი თავკაცი სახელგანთქმული ქრისტიანიისა, კოპენჰაგენში მდებარე თავისუფალი ქალაქის, რომელიც იმ დროს დააარსეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ახალგაზრდებმა. ვთხოვე, საქართველოს ახალგაზრდებზეც თქვით რამდენიმე სიტყვა-მეთქი და გოგიმ მითხრა, მინდა არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ის, რასაც იტყვის ხალხი და სამართლიანად იქნება აღრიცხული, ამ ხალხის სიტყვა, არ იყოს დავის და ჩხუბის საგანი. ... ამას მხოლოდ გამჭვირვალობა და არჩევნების სამართლიანად ჩატარება სჭირდებაო.
გოგი გეგელაშვილმა, დანიაში ფესვებგადგმულმა ქართველმა იმაზეც მიამბო, როგორ მიაგნო დანიაში ყურძნის ჯიშს, რომელიც ქართული საფერავის შთამომავალია და როგორ დაამზადა მისგან სკანდინავიური წითელი ღვინო.
ფორუმი