Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ყანჩელი და კარგი ფრანგული ფილმი


“ჩემი პროვინცილები” (“პარიზული განათლება”, Mes provinciales”, “A Paris education” 2018

რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი, საფრანგეთი)

“ჩემი პროვინციელები”, რომელსაც საქართველოში “პარიზული განათლება” უწოდეს (ინგლისური სათაურიდან თარგმნეს), ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფრანგული ფილმია. ბერლინის ფესტივალზე სურათი მხოლოდ კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართეს და პირადად მე, შეიძლება ითქვას, შემთხვევით ვნახე. ჟურნალისტებს “ბერლინალეზე” საღამოობით საკონკურსო ფილმებისგან ასვენებენ. თუ ძალიან მოგწყინდა, შეგიძლია ე.წ. “პანორამის” ფილმს შეხედო, ანუ ფილმს, რომელიც საკონკურსო პროგრამის შემდგენელმა კომისიამ დაიწუნა. ასე მოვხვდი ჟან-პოლ სივეირეკის სურათზე. არაფერი ვიცოდი არც მისი ავტორის, არც მსახიობების შესახებ. სადღაც მეათე წუთზე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან კარგ ფილმს ვუყურებდი, თუმცა სეანსის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ ფრანგული სურათით აღფრთოვანდებოდნენ მხოლოდ სინეფილები, ე.ი. კინოხელოვნების ფანები, სიამოვნების ჟრუანტელი რომ დაუვლით ხოლმე საყვარელი ფილმების ციტატების ხილვისას. მაგრამ 2018 წლის ბოლოს ფილმი უჩვენეს თბილისის კინოფესტივალზე და აღმოჩნდა, რომ “პროვინციელებმა” მხოლოდ და მხოლოდ კინემატოგრაფისტების გულები არ მოიგო; ფილმი მოეწონათ ახალგაზრდებს, რომლებმაც მთავარ გმირში, პროვინციიდან პარიზში სასწავლებლად ჩასულ კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტში, შესაძლებელია, თავიანთი თავიც დაინახეს. გულის ამაჩუყებელია და შეუძლებელია დაგავიწყდეს ეს ამბავი ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭზე, რომელიც სწავლას რომ იწყებს, დარწმუნებულია, ქვეყანას გადაატრიალებს (ქვეყანას თუ არა, კინოს მაინც), მთებს დაძრავს და ზღვაზე გაივლის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცხოვრება მართლა არაა კინო. ის სასტიკია და არასდროს არაა შავ-თეთრი.

“ჩემი პროვინციელები” არა მარტო კარგი ფილმების ციტატების თაიგულია (ფარაჯანოვიც კი მოხვდება ამ თაიგულში), არამედ აქვს საუკეთესო საუნდტრეკი, რომელიც - და ესეც მოულოდნელობა იყო ფილმის პრემიერაზე - გია ყანჩელის მუსიკით იწყება - პირველი მინიატურით ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, რომელსაც საფუძვლად ელდარ შენგელაიას “შერეკილებისთვის” დაწერილი მუსიკა დაედო. მგონი, სწორედ ეს თემა გამოხატავს ყველაზე უკეთ ოცნებებში (და პარიზში) დაკარგული კარგი პროვინციელი ბიჭის განცდებს.

დიდი ხნის წინ ელდარ შენგელაიამ მიამბო, როგორ ეძებდა კომპოზიტორს “არაჩვეულებრივი გამოფენისთვის” და როგორ აღფრთოვანდა სწორედ იმ დღეებში გია ყანჩელის პირველი სიმფონიით. “მივხვდი, რომ კინემატოგრაფიულ მუსიკას ვისმენდიო”, ასე მითხრა.

პირველი სიმფონია თუ არა ,“არაჩვეულებრივი გამოფენის” მუსიკა ხომ გახსოვთ?

ძალიან ცოტაა კინოკომპოზიტორი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს ფილმის ეპიზოდის განწყობილება და თან გახდეს ამ ეპიზოდის კომენტატორი. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ავტორები არანაირად არ ცდილობენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მთავარი გმირის, აგული ერისთავის მიმართ, შეიძლება დავასკვნათ კიდეც, რომ ერთადერთი კომენტატორი ყველაფერი იმისა, რაც ხდება ფილმში, აქ მუსიკაა.

გია ყანჩელი მუსიკალური კომენტატორი კი იყო ყოველთვის, მაგრამ სიჩუმე უფრო უყვარდა. საბჭოთა ეპოქაში მოღვაწეობდა, მაგრამ, თავისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არასდროს დაუწერია პათეტიკური პატრიოტული ჰიმნები და კანტატები პარტიაზე. ასევე, ბევრი თავისი კოლეგისგან განსხვევებით, თითქმის არასდროს გამოუყენებია ფოლკლორი, როგორც “მასალა”. არადა, რომ უსმენ, ზოგჯერ გგონია, რომ რაღაც ხალხურს მღერიან და უკრავენ. “შერეკილები” ხომ გახსოვთ? ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული თემა”, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ.

მუსიკალური დრამატურგიის განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების” იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის კინომუსიკაში. მე ვერ ვიხსენებ ყანჩელის ვერც ერთ სერიოზულ ნაწარმოებს, რომელშიც კათარზისი არ იყოს - არა აქვს მნიშვნელობა რა ჟანრია, სიმფონია თუ რამდენიმეწამიანი მუსიკალური კინოჩანახატი.

გია დანელიასა და გია ყანჩელის “არ იდარდოში” მუსიკა ქმნის დინამიკურ პულსაციას და განსაზღვრავს კიდეც სურათის ტრაგიკომიკურ ჟანრს. გაიხსენეთ თუნდაც ფსევდოქელეხი, რომელშიც გარდასახვა მიცვალებულის მოხსენიებიდან ცეკვა-თამაშამდე გამოიხატება... ასევე გარდაისახება მუსიკაც – მწუხარე საგალობლიდან მხიარულ ექსცენტრიკამდე... სიკვდილი გადაიქცევა ვარიეტედ, კაბარეს მსგავს სანახაობად, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ფილმის მთავარ იდეას – სიცოცხლისა და სიყვარულის მარადიულობას. ამას ჰქვია, მართლაც, “სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”. ეს მიყვარს სწორედ გია ყანჩელის კინომუსიკაში - წყვეტილი ფრაზები და მოულოდნელი მდუმარება, რომელიც ზოგჯერ მუსიკაზე უფრო მეტად მოქმედებს, რადგან ამ პაუზებში, ამ სიჩუმეში ძლიერდება მოლოდინის განცდა - მუსიკის მოლოდინისა, მუსიკისა, რომელმაც გაყინულობა, უმოძრაობა უნდა დაამარცხოს.

ცხადია, სწორედ ამას გულისხმობდა ელდარ შენგელაია, როცა ყანჩელის მუსიკას “კინემატოგრაფიულს” უწოდებდა. მით უფრო სასიხარულოა, რომ გია ყანჩელის პირველი მინიატურა, “შერეკილებით” რომ დაგვამახსოვრა თავი, მოხვდა ფილმში მალერის, ბახის, მოცარტის ნაწარმოებების გვერდით, ფილმში, რომელიც გვიამბობს ძალიან კარგ ახალგაზრდა კაცზე, აგული ერისთავივით ბევრი ვერაფერი რომ ვერ შექმნა, ვერაფერი დატოვა, კარგი კინო ვერ გადაიღო, მაგრამ მთავარი მაინც შეძლო - სიცოცხლის გემოს ჩასწვდა. ფილმს რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ ყანჩელის მუსიკალური მარგალიტი სწორედ ამ სიცოცხლის ნაწილია. კი, აქ ხვდებიან, შორდებიან, ღალატობენ, პატიებას ითხოვენ, თავსაც კი იკლავენ. “ჩემი პროვინციალები” შავ-თეთრი ფილმია, რომელიც ჭრელ სიცოცხლეს გამოხატავს. ზოგჯერ წყდება გია ყანჩელის მელოდიასავით, მაგრამ მერე მაინც გრძელდება, რადგან გამორიცხულია ყველაფერი გაწყდეს, გაჩერდეს და უკუნეთად იქცეს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG