Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსცემს თუ არა კიდევ ერთ შეწყალების აქტს გიორგი მარგველაშვილი?


#16 სასჯელაღსრულების დაწესებულება
#16 სასჯელაღსრულების დაწესებულება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანები მისგან შეწყალების კიდევ ერთი აქტის გამოცემას ელოდებიან. „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტმა, დავით სუბელიანმა სწორედ პატიმართა ოჯახის წევრების სახელით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პირადად შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს შეკითხვით, რატომ აღარ ჩატარდა შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა.

ზვიად ქორიძეს შეკითხვით მივმართეთ ჩვენც, თუმცა მას კონკრეტული პასუხი იმაზე, გამოიცემა თუ არა 16 დეკემბრამდე მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი, არ აქვს: „ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება და დამოკიდებულია მხოლოდ პრეზიდენტზე. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების უფლება კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, კომისია ვალდებული ვართ მას მივაწოდოთ რეკომენდაციები“ - განმარტავს ზვიად ქორიძე და ამბობს, რომ შეწყალების პროცესზე ასეთი ინტენსიური პრესინგი, რასაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქვს ადგილი, მას არ ახსენდება და არც გამართლებულად მიიჩნევს:

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე
მოლოდინი ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე იყო. ყველა ველოდით (პატიმრების ოჯახის წევრებს ვგულისხმობ), რომ წასვლის წინ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეწყალების აქტს გამოსცემდა.

„გუშინ წავიკითხე, რომ ათასი ნარკოდამოკიდებული ადამიანი ელოდება ამ შეწყალების აქტს. უკაცრავად, ათასი ადამიანი უნდა ელოდებოდეს ამნისტიის კანონს, უნდა ელოდებოდეს საკანონმდებლო ცვლილებებს და არა შეწყალების აქტს. ასეთი კამპანიური მასშტაბის შეწყალების აქტი რაც კომისიის თავმჯდომარე ვარ, არ მახსოვს. ამიტომ ძალიან ცუდია ეს მოლოდინები სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში რომ ჩნდება და მეტიც, უჩენენ ამ მოლოდინებს მსჯავრდებულებსაც, რაც ძალიან არასწორი მიდგომაა.“ - ამბობს ზვიად ქორიძე. მისი განმარტებით, ამ დროისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიაში 800 დამუშავებული საქმეა. მათგან ვადის კრიტერიუმებს 394 საქმე აკმაყოფილებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ამ დროისათვის ბოლო აქტი ოქტომბრის ბოლოს გამოსცა. ამ ამბიდან ორ თვეში მისგან მსჯავრდებულთა კიდევ ერთხელ შეწყალებას ელოდებოდა ჩვენი რესპონდენტიც, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. იგი ამბობს, რომ მოლოდინს გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ამოწურვის ფაქტს უკავშირებდა. „მოლოდინი ზოგადად სიტუაციიდან გამომდინარე იყო. ყველა ველოდით (პატიმრების ოჯახის წევრებს ვგულისხმობ), რომ წასვლის წინ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეწყალების აქტს გამოსცემდა. კომისიის შეკრებაც ამაზე მიუთითებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს დაწყებული მუშაობა. აქედან გამომდინარე უკვე ვიცით, რომ შეწყალება არ იქნება.“ - გვითხრა რესპონდენტმა, რომლის პატიმარი ოჯახის წევრი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის.

16 დეკემბრის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებად რჩება. შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილიც ისეთივე წარმატებით გამოიყენებს შეწყალების უფლებას, როგორც ამას გიორგი მარგველაშვილი აკეთებდა. „ახალი პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ მალევე შექმნის ახალ კომისიას. კომისია დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობას და გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებიც ვერ მოესწრო, არ იყო განხილული ან გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს, ახალი პრეზიდენტი მიიღებს“ -გვითხრა ზვიად ქორიძემ.

XS
SM
MD
LG