Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგომის შემდეგ: ვადამდელი არჩევნები თუ წარმატებით ჩანაცვლებული პრემიერი?


2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ არ წასულა. თქვა, რომ რჩება „გუნდის წევრად და ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად“ და მის შემცვლელს წარმატებაც უსურვა.

ერთ-ერთი კანდიდატი, ვინც ბახტაძის შემცვლელად მოიაზრება, შს მინისტრი, გიორგი გახარიაა. დაასახელებს თუ არა მმართველი გუნდი სწორედ მის კანდიდატურას, ეს 3 სექტემბერს გახდება ცნობილი.

თუმცა, მანამდე, რა ხდება სამართლებრივად მას მერე, რაც პრემიერი გადადგება?

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამების დირექტორი, კონსტიტუციის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებსთან საუბარში განმარტავს, რომ:

  • პრემიერ მამუკა ბახტაძეს უფლებამოსილება შეუწყდება გადადგომისთანავე;
  • მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გადადგება, მთავრობა აგრძელებს მისი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე და შესაბამისად, ქვეყანას ჰყავს ძველი მთავრობა;
  • შემდეგ არის 2 კვირიანი ვადა, რა ვადაშიც ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დაინიშნოს. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 ხმა სჭირდება;
  • კანდიდატის დასახელების უფლება აქვს არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიას - ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“;
  • თუ ეს 76 ხმა ვერ მოგროვდა, შემდეგ ნებისმიერ დეპუტატთა ერთობას, რომელიც 50 კაცისგან შედგება, აქვს უფლება წამოაყენოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუმცა, აქაც 76 ხმაა საჭირო ნდობის გამოსაცხადებლად. ამ შემთხვევაშიც პარლამენტს აქვს ორკვირიანი ვადა;
  • თუ ვერც პირველ და ვერც მეორე ორკვირიან ვადაში პრემიერი ვერ დაინიშნა, ამის შემდეგ პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. საერთო ჯამში ამ პროცესის დასასრულებალდ არის მაქსიმუმ ხუთკვირიანი ვადა;
  • თუ რომელიმე კანდიდატმა მოიპოვა პარლამენტის ნდობა, მაშინ პრეზიდენტი დანიშნავს ორი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერი დანიშნავს მინისტრებს 2 დღის ვადაში.

ხდება ისეც, ამბობს ვახუშტი მენაბდე, რომ თუ მმართველ პარტიას სურს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, მაშინ წარდგენილ კანდიდატს ჩააგდებს ხოლმე და გამოიწვევს ხელოვნურ კრიზისს, რის დროსაც პრეზიდენტი იძულებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ​

„თუმცა, თუ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ საარჩევნო სისტემის დაპირებული რეფორმა არ გატარდა, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდება და „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება“, - უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, მართლაც ემზადებოდეს ვადამდელი საპარლამენტი არჩევნებისთვის, იზიარებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ახლა ეშმაკურ გადაწყვეტილებას იღებს: ის მოხარული იქნება, თუ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის რეფორმა არ განხორციელდება. უსუფაშვილის ვარაუდით, მისი საარჩევნო წარმატების გარანტია ისეთი კომბინაცია უნდა გახდეს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სწორედ ვადამდელ არჩევნებს - არსებული სისტემით. შემდგომ კი, ვითარების პოლარიზაციას და ისევ უპირატესობის მოპოვებას:

„გახარია ამ შემთხვევაში იდეალური კანდიდატურაა: თუ მისი კანდიდატურა ჩავარდა, ამას ახსნა ექნება, რა ვქნა, ასე მოხდაო და თუ დაამტკიცეს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ის აღმოჩნდება ის ფიგურა, რომლის პრემიერად დანიშვნაც ბუნებრივად მოახდენს საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. ფეისნუკგვერდზე კი დაწერა:

პრემიერად გიორგი გახარიას კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში, საპარლამენტო სუვერენიტეტის ტრიუკის გათამაშებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას რეალისტურ სცენარად მიიჩნევს „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი გიორგი ჩიტიძეც.

თუ პრემიერის პოსტზე გახარიას კანდიდატურა მართლაც დასახელდა და ის პარლამენტმა ჩააგდო, მაშინ ეს „ქართულ ოცნებაში“ შეთქმულების ნიშანი იქნება - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი სიტყვებით, თუ აღმოჩნდება, რომ დღევანდელი „გასამხედროებული „ქართული ოცნება“ - ხმას არ მისცემს გახარიას (თუ მას მართლაც დაასახელებს მმართველი გუნდი), ეს იქნება არა დემოკრატიის, არამედ სწორედ გასამხედროებულობის ნიშანი:

„და იმის წინაპირობაც, რომ მისი კანდიდატურის ჩაგდებას მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ძველი, შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემით. მე ყოველთვის მეშინოდა, რომ ხელისუფლების მიერ გადმოგდებული ეს ბარტყი - პროპორციული სისტემის ცვლილება, ტყუილად გადმოგდებული დარჩებოდა. ეს ცვლილება სულაც არ უხარია „ქართულ ოცნებას“ და ჩემი აზრით, სიამოვნებით შეახოცავს ხელს ოპოზიციას, იტყვის, თქვენ ვერაფერი დაინახეთ, ისევ გახარიას გადადგომას ითხოვდით, როცა ასეთი კარგი ვარიანტი შემოგთავაზეთო. ამ თეორიას, აქვს არსებობს შანსი, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებამდე, ეს მაინც ვარაუდებია“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, პოლიტოლოგთა ნაწილი, მათ შორის, ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ გახარიას გაპრემიერებით (ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრის პოსტზე დანიშვნით) მმართველ გუნდი ხალხს აჩვენებს, რომ "მტკიცე ხელის პოლიტიკას იწყებს".

თავად მამუკა ბახტაძემ კი, რომელმაც საკუთარი გადადგომის გადაწყვეტილების თაობაზე, საჯაროდ, ფეისბუკზე დაწერა, მოგვიანებით თქვა, რომ ეს „ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და კონსპირაციის თეორიების ძებნა საჭირო არ არის“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG