იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, 8 ივნისს, 19 საათზე, იუსტიციის სახლთან გაიმართება აქცია. აქცია სოციალური ქსელის, ფეისბუკის საშუალებით დაგეგმეს მოქალაქეებმა, რომლებიც ერთიანდებით სახელწოდების ქვეშ #მეთავისუფლებისათვის. გარდა თეა წულუკიანის გადადგომისა, აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა.
ვრცელია ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ: „იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა; იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ; იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად; თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას; იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით“...
თეა წულუკიანის გადადგომა 5 ივნისს მოითხოვა 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მათ განცხადებით მიმართეს პრემიერ-მინისტრს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორი ხუთჯერ შეიცვალა.
ამ განცხადებას იმავე დღეს მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოხმაურება პირად ფეისბუკ გვერდზე, სადაც ის წერს, რომ მისთვის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ულტიმატუმის ენით საუბარი“.
პრემიერ მინისტრის ამ პოსტს ფეისბუკის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. "ჰაჰას" სიცილაკით გამოეხმაურა. თუმცა, მალევე, პრემიერის პოსტის ე.წ. "მომწონებლებს" შორის ასობით ე.წ. "ბოტი", დიდი ალბათობით ყალბი პროფილი გამოჩნდა, უცხოური ან გაუგებარი სახელებით.
მომდევნო დღეს მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართა აქცია სახელწოდებით „კანცელარიის ბოტები“. მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანეს რეზინის ბოტები და მათი თქმით, ასე გააპროტესტეს ხელისუფლების პროპაგანდისტული იარაღი, ე.წ. „ციფრული ბოტები“.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას ე.წ. ბოტების გამოყენების შესახებ.
რეზინისა და ციფრული „ბოტების ომის“ შემდეგ, ფეისბუკში გაჩნდა გვერდი ჰაჰა/haha. სარკასტული ვიდეოებითა და ფოტოებით.