Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში თანამდებობებისთვის ბრძოლა დაიწყო - „უნგრულ სცენარს“ „ნულოვანი შანსი“ აქვს


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

წელს ბრიუსელში ადრიანად დაიწყება ბრძოლა თანამდებობების განაწილებისათვის. ეს ცხადი გახდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 7 იანვარს გამოაცხადა, რომ ივნისში მონაწილეობას მიიღებდა ევროპარლამენტის არჩევნებში.

ევროკავშირისათვის არჩევნების წელი ყოველთვის ასოცირდება მაღალი ინსტიტუციური პოსტებისათვის ბრძოლასთან, შარლ მიშელის ამ განცხადების შემდეგ კი კანდიდატები და წევრი სახელმწიფოები უკვე დაიწყებენ ვაჭრობას, რაც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი საზრუნავი იქნება ბრიუსელში.

ამჯერად ვითარებას ამწვავებს მართალია მცირე, მაგრამ მაინც არსებული შანსი, რომ მნიშვნელოვან თანამდებობას უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი დაიკავებს. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა და შუა აღმოსავლეთი უკანა პლანზე გადაინაცვლებენ - ბლოკი სულ სხვა გამოწვევებთან გამკლავებას ეცდება.

მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ ვიქტორ ორბანი შეიძლება 1 ივლისიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ მოგვევლინოს. ევროკავშირის წესების მიხედვით, თუ ევროპულ საბჭოს მუდმივი პრეზიდენტი არა ჰყავს, მაშინ ამ როლს შეასრულებს ქვეყანა, რომელიც საბჭოს ექვსთვიანი ვადით თავმჯდომარეობს. წლის მეორე ნახევარში კი ეს ქვეყანა უნგრეთი გახდება.

უნგრეთის პრემიერის ამ პოსტზე ნახვის იდეა ბევრს აშინებს. ორბანს ევროკავშირთან არაერთი დაპირისპირება აქვს - უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბლოკმა ამ ქვეყანას ფული გაუყინა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და უკრაინისათვის გამოყოფილ სახსრებთან დაკავშირებითაც არაერთხელ მომხდარა შეხლა-შემოხლა ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის.

თუმცა, შარლ მიშელის მიერ ახლა გაკეთებული განცხადება დიდ დროს აძლევს ევროკავშირს, რომ გამოსავალი იპოვოს.

წყაროები, რომლებსაც ველაპარაკე, მშვიდად არიან და ამბობენ, რომ „უნგრული სცენარის“ განხორციელების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი არსებობს.

მოდი, ვადებს შევხედოთ

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს ჩატარდება 27 წევრ ქვეყანაში. თუ შარლ მიშელს აირჩევენ - რაც მოსალოდნელია, ევროკავშირში კარიერის დაწყებამდე ის ბელგიის პრემიერი გახლდათ - ის პარლამენტარის ფიცს პირველ პლენარულ სესიაზე - 16-19 ივლისს დადებს.

მანამდე კი ის გაუძღვება ორ უმნიშვნელოვანეს სამიტს ბრიუსელში. ერთი 17 ივნისს ჩატარდება, მეორე კი - 27-28 ივნისს. ამ შეხვედრებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდებიან, თუ ვინ გახდება მისი შემცვლელი და ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის კანდიდატებსაც დაასახელებენ.

ამ სამი პოზიციის დასახელებისას ითვალისწინებენ მთელ რიგ პარამეტრებს. დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსიც და პოლიტიკური ბალანსიც (მემარჯვენე-ცენტრისტ, მემარცხენე-ცენტრისტ და ლიბერალ კანდიდატებს ასახელებენ ხოლმე). ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია, როგორც წესი, წყვეტს ხოლმე ევროკომისიის პრეზიდენტის ვინაობას. მნიშვნელოვანია გეოგრაფიაც - თანამდებობები ევროკავშირის ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით უნდა გადანაწილდეს. ამ ბალანსის დაცვა რთულია - ბოლოს, 2019 წელს შარლ მიშელთან ერთად თანამდებობები დაიკავეს გერმანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ესპანელმა ჟოზეპ ბორელმა - აღმოსავლეთი პოსტის გარეშე დარჩა.

ამ დროს კიდევ ერთი თანამდებობა იქნება ვაკანტური ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოქტომბერში პოსტს დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ვაშინგტონის ნატოს სამიტისთვის - 9-11 ივლისისთვის უნდა იყოს ცნობილი. მართალია, ევროკავშირისა და ნატოს თანამდებობები ოფიციალურად გადაჯაჭვული არ გახლავთ, მაგრამ ისინი საერთო პოლიტიკურ თავსატეხს წარმოადგენენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკავებს უმაღლეს თანამდებობებს ევროკავშირშიც და ნატოშიც.

რა წერია წესებში?

ევროკავშირის სამ მთავარ თანამდებობას კვალიფიციური უმრავლესობა ირჩევს - გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%-მა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორბანს აქ ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება. ხუთი წლის წინ ის ურზულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა, ვერაფერს გახდა.

როგორც წესი, საბჭოს ახალი პრეზიდენტი მუშაობას წლის ბოლოსკენ იწყებს - შარლ მიშელის მანდატი 30 ნოემბერს იწურებოდა. ხომ არ აჩენს ეს ორბანის თავმჯდომარეობის შანსს ივნისიდან შემოდგომის ბოლომდე? არა! ახალ პრეზიდენტს შეუძლია მუშაობა ზაფხულშივე დაიწყოს, თუ პროცედურას შეცვლიან. ამ ცვლილებას კი უბრალო უმრავლესობა სჭირდება და ვეტოს უფლებაც არავის აქვს.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ვაჭრობა უკვე დაწყებულია - ოფიციალური და არაოფიციალური კანდიდატები ბრძოლას მოსალოდნელზე ადრე დაიწყებენ.

სავარაუდოდ, ურზულა ფონ დერ ლაიენსაც მალე მოუწევს განაცხადოს, სურს თუ არა, რომ თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით აირჩიონ, თუ, როგორც მედიაში ვარაუდობდნენ, ნატოს სათავეში ჩადგომას ეცდება?

შარლ მიშელი ლიბერალური ბლოკის მთავარი კანდიდატია, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ევროპარლამენტარობას დასჯერდეს. იქნებ სწორედ მან შეცვალოს ბორელი და გადაიბაროს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა?

არც ისაა გამორიცხული, რომ ზაფხულში სულ ახალი სახეები ვიხილოთ - 2019 წლის დასაწყისში არავინ ელოდა, რომ ურზულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ევროკომისიას ჩაუდგებოდა სათავეში.

ბრიუსელს კარგად გამოსდის კომპრომისების გამონახვა მცირე დროში. სამწუხარო კი ისაა, რომ ნაკლები დრო დარჩებათ სხვა, გეოპოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG