Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეხუთე: ბოლშევიკური სქოლასტიკა


ომის დამთავრების შემდეგ ბოლშევიკებს შორის დაიწყება კამათი, თუ ვის რა პასუხისმგებლობა მიუძღვის ვარშავას კარიბჭესთან დამარცხებაში. ეს კამათი ჯერ სამხედროებს შორის გაჩაღდება (ტუხაჩევსკი ეგოროვს გადააბრალებს ვარშავასთან მარცხს) და მალე პარტიის ცენტრალურ კომიტეტსაც მოედება.

1920 წლის 22 სექტემბერს, ბოლშევიკური პარტიის მეცხრე კონფერენციის დროს, ტროცკი შეეცდება ვარშავასთან დამარცხებაში მთავარ პასუხისმგებლად სტალინი გამოიყვანოს: „მე თქვენ გეკითხებით, საიდან ვიცოდით ჩვენ, რომ პოლონეთის ჯარები უკვე დამარცხებული იყო? (საუბარია 17 აგვისტომდე პერიოდზე, პილსუდსკის მიერ ორგანიზებულ კონტრშეტევამდე. - ლ.ო.) ამხანაგებო, მე მივცემ ჩემს თავს უფლებას და განვაცხადებ, რომ ბევრი ჩვენთაგანი სკეპტიკურად უყურებდა ამ მტკიცებას. (...) მე მქონდა ამის შესახებ საუბარი ამხანაგ სტალინთან. მე მას ვუხსნიდი, რომ არაფრით არ შეიძლება თავის დამშვიდება, რომ თითქოსდა პოლონეთის ჯარი უკვე დამარცხებული იყო. (...) მე სტალინს მივუთითებდი, რომ ჩვენს ხელში ძალიან ცოტა ტყვე და ძალიან ცოტა პოლონური აღჭურვილობა ჩაგვივარდა და რომ ეს იმას მიანიშნებდა, რომ პოლონური ჯარი ჯერ კიდევ არ იყო ხერხემალში გადატეხილი. ამის საპასუხოდ სტალინი მე მეუბნებოდა ‘არა, თქვენ ცდებით. თუ ჩვენ უფრო ნაკლები ტყვე ავიყვანეთ, ვიდრე ეს ჩვენი წარმატებების შესაბამისად იყო მოსალოდნელი, ამის მიზეზი პოლონელი ჯარისკაცების შიშია დანებებისა - ისინი ტყეებში იფანტებიან. დეზერტირობამ პოლონურ ნაწილებში უზარმაზარ მასშტაბს მიაღწია და ეს არის ჩვენი გამარჯვებების მთავარი მიზეზი.’ რა უნდა ვთქვა ახლა მე?! ის, რომ ამხანაგმა სტალინმა შეცდომაში შეგვიყვანა როგორც მე, ისე ცენტრალური კომიტეტი! (...) ამხანაგი სტალინი ცდებოდა და მან საკუთარი შეცდომით შეცდომაში შეიყვანა ცენტრალური კომიტეტი“.

ლენინის სიტყვა უფრო შემრიგებლური იყო: „შეიძლება ჩვენ დავუშვით შეცდომა, როდესაც კერზონის ნოტას პასუხად გავეცით - ‘მიგვიფურთხებია თქვენი ერთა ლიგისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას’. (...) ჩვენ რომ მაშინ ეთნოგრაფიული პოლონეთის საზღვარზე გავჩერებულიყავით, ჩვენ მაშინ შევინარჩუნებდით არა მარტო სამხედრო გამარჯვებას, არამედ ასევე მოვიხვეჭდით ორეოლს და გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაში. შესაძლებელია კერზონის ნოტაზე არდათანხმება ჩვენი მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იყო“.

სტალინი გააპროტესტებს ტროცკისა და ლენინის სიტყვებს. ჯუღაშვილი ცენტრალურ კომიტეტს მოსთხოვს კომისიის შექმნას, რომელსაც დამარცხების მთავარი პასუხისმგებელი უნდა დაედგინა. მაგრამ ლენინი, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ამ მარცხში ყველაზე დიდი იყო, კომისიის შექმნაზე უარს განაცხადებს.

საინტერესო იქნება ასევე ლენინისეული ვერსია დამარცხებისა, რომელსაც ულიანოვი კლარა ცეტკინთან საუბარში განავითარებს: „პოლონეთში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. (...) ჩვენს შეუდარებლად ვაჟკაცი სამხედრო ნაწილების ავანგარდს არ ჰქონდა არც საბრძოლო მასალები და არც საკმარისი გამხმარი პური საჭმელად. ამის გამო მათ მოუხდათ პოლონელი გლეხებისა და საშუალო ფენის წარმომადგენლებისგან პურისა და სხვა საჭირო ნივთების რეკვიზიცია. ამის შედეგად, პოლონელებმა წითელ არმიაში დაინახეს მტრები და არა ძმები-განმათავისუფლებლები. ისინი აღიქვამდნენ და მოქმედებდნენ არა სოციალური, რევოლუციური გზით, არამედ როგორც ნაციონალისტები, როგორც იმპერიალისტები. რევოლუცია, რომელზეც ჩვენ დიდ იმედს ვამყარებდით, არ მოხდა პოლონეთში. მუშები და გლეხები, რომლებიც მოტყუებულნი იყვნენ პილსუდსკის (...) დამქაშების მიერ, იცავდნენ თავიანთ კლასობრივ მტერს, ეომებოდნენ რა ჩვენს მამაც წითელარმიელებს“.

ლენინის სიკვდილის შემდეგ დავა უკვე წიგნების ფურცლებზე გადავა. 20-იან წლებში, ამ „ისტორიოგრაფიულ“ ჭიდილში, მიხაილ ტუხაჩევსკი და მისი თანამოაზრეები დაუპირისპირდებიან ალექსანდრ ეგოროვსა და სტალინს (სტალინი ამ ორივე სამხედროს ჯერ მარშლის წოდებას მისცემს და შემდეგ დახვრეტს ამ სქოლასტიკისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო). 1927 წელს ქვეყნიდან გაძევებული ტროცკი ამ ბრძოლას ემიგრაციაში გააგრძელებს. ვინაიდან სამოქალაქო ომში გამარჯვება ბოლშევიკების ლეგიტიმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენდა, ეს სქოლასტური კამათი საბოლოოდ არაერთი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

სამოქალაქო ომის „კანონიკური“ ტექსტის შეჯერება სტალინის სიცოცხლეში ვერ მოესწრება - 1936 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის ისტორიის გამოცემის დასრულებას მეორე მსოფლიო ომი შეუშლის ხელს. კრებულის მეხუთე ტომი (სადაც აღწერილი იქნება პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომიც), მხოლოდ 1960 წელს გამოვა. ნიკიტა ხრუშჩოვის მეფობის პერიოდში გამოცემული ამ მეხუთე ტომის მიხედვით, ვარშავის კარიბჭესთან მარცხში მთავარი პასუხიხმგებლობა ეკისრებოდა... ლევ ტროცკის, კაცს რომელსაც საერთოდ არანაირი პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა 1920 წლის ზაფხულში განვითარებულ სამხედრო მოქმედებებთან. პერესტროიკის და პოსტპერესტროიკის ეპოქაში მთავარ დამნაშავედ უკვე სტალინს გამოიყვანენ. მოკლედ, ბოლშევიკურ სქოლასტიკას დღემდე მედგრად უდგას სული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG