Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბნელი დრო“ აფხაზეთში


იზიდა ჭანია
იზიდა ჭანია

10 ნოემბერს აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში, თუ რას მიაღწია ქვეყანამ მისი მმართველობის 2,5 წლის განმავლობაში.

რამდენიმე დღეა არ მტოვებს შეგრძნება, რომ ჩვენი პრეზიდენტი სადღაც სხვა განზომილებაში, ან სხვა კეთილმოწყობილ ქვეყანაში ცხოვრობს. თურმე მან „მოახერხა ფინანსურ-ეკონომიკური და საბანკო სფეროების, კულტურის, ჯანდაცვის, თავდაცვის, სასამართლო სისტემის განახლება“... ამის მოსმენა ალბათ ყველაზე მეტად იმ პენსიონერებს გაუხარდათ, 2,5 ათასი რუბლის გამო პენსიის რიგში რომ დგანან, კიდევ შუქის და წყლის გარეშე დარჩენილ საავადმყოფოებს.

მაინც რატომ გადაწყვიტა ჩვენმა პრეზიდენტმა საჯაროდ გამოსულიყო? ალბათ იმის გამო, რომ საზოგადოება ღელავს. საზოგადოება მმართველი ძალითაა უკმაყოფილო და მიიჩნევს, რომ აფხაზეთს მსგავსი არაკომპეტენტური ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ჰყოლია.

აფხაზეთში „ბნელი დროა“, ელექტროენერგიის გათიშვით, რასაც პრეზიდენტი „არაკომფორტულს“ უწოდებს. რაზე საუბრობს ის მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის მთავარი რეფორმების არარსებობაა, თან ყველა სფეროში, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, სოციალური უსაფრთხოება, კორუფცია, იმ პროგრამის არარსებობა, რომელიც ქვეყანას ენერგოკრიზისიდან გამოიყვანს და ასე შემდეგ. პრეზიდენტი ამ საკითხებს შორის ისე ლავირებდა, თითქოს დანაღმულ ნიადაგზე დადისო. და რა მივიღეთ საბოლოოდ?

თუ პატრიოტულ ფრაზებს მოვაშორებთ, რაც პრეზიდენტის გამოსვლაში უხვად იყო, სარეკლამო აგენტის უხეირო ტექსტი შეგვრჩება ხელში. აგენტის, რომელიც იმაზე ბჭობს, აფხაზეთში კიდევ რა დარჩა გასაყიდი. დაგვრჩება ადამიანი გეგმებისა და იდეების გარეშე. ამ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს, რა თანამდებობა უჭირავს.

აღმოჩნდა, რომ უფლებებისა და თავისუფლების დაცვა პრეზიდენტის მოვალეობაში არ შედის, რადგან ამის თაობაზე მას კრინტიც არ დაუძრავს. ბჟანიას უცნაური დამოკიდებულება აქვს საშინაო პოლიტიკისადმიც. მისი ძირითადი მიმართულება მან ასე განსაზღვრა: „ჩვენ ღია უნდა ვიყოთ მათ მიმართ, ვინც ჩვენ მიმართ არის ღია და გვაღიარებს, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა და გრძელვადიანი, მყარი, გულწრფელი ურთიერთობა სურს“.

კარგი, საშინაო პოლიტიკაზე საუბარს ვერ ბედავს, მაგრამ ენერგოკრიზისზე, რომელიც მესამე წელია განუსაზღვრელ ზიანს გვაყენებს, რამე ხომ უნდა ეთქვა? თქვა კიდეც: ვითარებას საგანგებო მდგომარეობა უწოდა. მაღალი ძაბვის ხაზებზე სარემონტო სამუშაოები ავარიით რომ დასრულდა, ამაზე კი განაცხადა, ეს ქვეყნის ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებულიო. მართლაც და, თანამოაზრეებს ხომ არ მისცემს პასუხისგებაში იმის გამო, რაც მათზე არ არის დამოკიდებული.

კიდევ პრეზიდენტმა სახელმწიფოს გეზი განსაზღვრა - „სტაგნაციიდან გამოსვლა და განვითარება“, რადგან „არანაირი უფლება არ გვაქვს დასახულ მიზანს გადავუხვიოთ“.

მშვენიერი ლოზუნგია, მაგრამ გამოსვლის ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტაგნაციიდან გამოსასვლელი რეცეპტი მას არ გააჩნია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG