არსად მსოფლიოში დემოგრაფიული საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც ეს ისრაელშია. არსად ისრაელის ტერიტორიაზე ეთნიკური პრობლემა ისე მტკივნეულად არ აღიქმება, როგორც ეს „ბიბლიურ“ ქალაქ იერუსალიმშია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის მოსახლეობა ისრაელის მოსახლეობის 7 %-ზე ნაკლებია. დღესაც, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ახალი აფეთქება ეთნიკურმა ნაპერკალმა გამოიწვია: შიშმა, რომ ისრაელის უმაღლესი სასამართლო იერუსალიმიდან რამდენიმე არაბი ოჯახის გასახლების გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ხანძარში გაახვია რეგიონი.
ნაომი შემერის ცნობილი სიმღერა „იერუშალაიმ შელ ზაჰავ“-ის მიხედვით იერუსალიმი ოქროს, ბრინჯაოს და შუქის ქალაქია. შემერმა ეს სიმღერა დაწერა 1967 წლის მაისში, იერუსალიმის გაერთიანებამდე რამდენიმე დღით ადრე. და სულ მალე შემერის „ოქროს იერუსალიმი“ ისრაელის არაოფიციალურ ჰიმნად იქცევა.
არადა იერუსალიმს, მსოფლიოს ამ ყველაზე „ბიბლიურ“ ქალაქს, სიონიზმის დამფუძნებელი მამები საერთოდ არ აღიქვამდნენ ოქროსა და ბრინჯაოს ქალაქად. თეოდორ ჰერცლი იერუსალიმს ბინძურ ხვრელად თვლიდა. მას გულს ურევდა ქალაქის არაბული ხედები და მიაჩნდა, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო ისრაელის დედაქალაქი. არც დავიდ ბენ გურიონს ჰქონდა უფრო რომანტიული წარმოდგენა იერუშალაიმზე : 1948 წლის 14 მაისს, ქვეყნის ინაუგურაციისას თელ-ავივში, ისრაელის სახელმწიფოს პირველი მეთაური საერთოდ არ ახსენებს იერუსალიმს თავის სიტყვაში (სხვათა შორის, გაეროს 1947 წლის გადაწყვეტილება - იერუსალიმის საერთაშორისო ქალაქად გამოცხადების შესახებ - ზუსტად ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო).
მაგრამ ომში (ისე როგორც ბიბლიაში), ხალხს ურჩევნია ქალაქების (ისე, როგორც ბავშვების) ორად გაჭრა, ვიდრე საკუთარი წილის დათმობა. და 1948-1949 წწ. ომის შედეგად - როდესაც შვიდი არაბული ქვეყანა ახლადშობილ ისრაელს თავს დაესხმება - ყველაზე ბიბლიური ქალაქი ორად გაიყოფა იორდანელებსა და ისრაელელებს შორის.
ამ ამბიდან ოციოდე წლის თავზე, რომ არა იორდანიის გადაწყვეტილება, ხელახლა თავს დასხმოდა ისრაელს, იერუსალიმი ასე „ბიბლიურად“ ორად გახლეჩილი დარჩებოდა. მაგრამ 1967 წლის ივნისში იორდანიის მეფე ჰუსეინის „ბიბლიური მასშტაბის“ შეცდომა კარდინალურად შეცვლის მოვლენათა მსვლელობას...
1967 წლის ივნისში ეგვიპტის წინააღმდეგ ისრაელის ომში იერუსალიმს საერთოდ არანაირი როლი არ გააჩნდა. და, აი, 1967 წლის 5 ივნისს, გადაწყვეტს რა იერიში მიიტანოს ისრაელზე, იორდანიის მეფე ჰუსეინი შემოატრიელებს ბედის ბორბალს. ცაჰალის (ისრაელის არმიის) კონტრშეტევა ადვილად უკუაგდებს იორდანიის ნაწილებს. ამ სიტუაციაში მოშე დაიანი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ერთპიროვნულად გადაწყვეტს, რომ „ბიბლიური“ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და სამხედროებს 1949 წლიდან არსებულ გამყოფ ხაზთან არ გააჩერებს. და ასე, 7 ივნისს, გამთენიისას, ცაჰალის სადესანტო ნაწილი ადვილად მიაღწევს დასავლეთის ე.წ. „გოდების კედელს“, იუდაიზმის ამ ყველაზე უფრო წმინდა ადგილს... ადგილს, სადაც, მიუხედავად 1949 წლის საზავო შეთანხმებისა, ებრაელები ლოცვას ვერ ახერხებდნენ. „ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა“ - ასე უპატაკებს მოშე დაიანს მოთა გური, სადესანტო ნაწილის მეთაური.
აი ამგვარად, 1967 წლის ივნისში, „ბიბლიურად“ გახლეჩილი ქალაქი „ბიბლიურადვე“ გაერთიანდება. აი ასე, 71 კვადრატული კილომეტრის მიერთება გამოიწვევს ბიბლიური მასშტაბის გეოპოლიტიკურ რევოლუციას.
მაგრამ ის, რაც 1967 წლის ივნისში მოხდა, მთლიანად გასცილდება წმინდა გეოპოლიტიკას - რევოლუცია იქნება ასევე რელიგიური. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ებრაული რელიგია დაიწყებს დიდი ნაბიჯებით შესვლას სიონიზმში. იუდაიზმის რელიგია - რომლის ფეთქებად პოტენციალს მშვენივრად იცნობდნენ სიონიზმის მამები და რომელიც მათ დიდ დისტანციაზე ეჭირათ - ფართოდ შეიჭრება ისრაელის პოლიტიკაში. და ებრაული რელიგიის მიერ ისრაელის პოლიტიკის ეს ოკუპაცია არსად არ იქნება ისე სასტიკი, როგორც იერუსალიმში, „ბიბლიურობის“ ამ ეპიცენტრში. „ლოგიკურია ბიბლიური ქალაქისათვის“ - იტყვის ალბათ მკითხველი...
ებრაული რელიგიის მიერ ისრაელის პოლიტიკის ოკუპაციის მიზეზი კი იქნება ეთნოგრაფიული შიში. სწორედ ამ ბიბლიურ ქალაქში დაუპირისპირდება არაბული „დემოგრაფიული ბომბი“ ებრაულ „დემოგრაფიულ ბომბს“: 1967 წლის ივნისში თუ არაბები შეადგენდნენ იერუსალიმის მოსახლეობის 25,8 %, დღესდღეობით მათი წილი 38 %-ს აღწევს. სწორედ ამის გამო, ამ „ბიბლიური“ ქალაქის ებრაული მოსახლეობის ულტრა-ორთოდოქსირება გახდება ამ ეთნოგრაფიული შიშის როგორც სიმპტომი, ისე პანაცეა. სწორედ ამ ორი „ეთნიკური ბომბის“ ჭიდილი და მასთან დაკავშირებული იერუსალიმის ურბანიზაციის პოლიტიკა (რომელსაც ზოგი პოლიტიკური მიმომხილველი კოლონიზაციას უწოდებს), იქნება ის ფერი, რომლითაც შეიღებება როგორც ამ ბიბლიური ქალაქის, ისე ზოგადად ისრაელის ურთიერთობა არაბებთან უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში.
სხვათა შორის, რელიგიის ეს შეჭრა პოლიტიკაში ძალიან ნათლად აისახება „ბიბლიური“ ქალაქის მუნიციპალურ არჩევნებზე: იერუსალიმის 1993 წლის მერის არჩევნებში მემარჯვენე ეჰუდ ოლმერტი სასტიკად დაამარცხებს ლეგენდალურ მემარცხენე ქალაქის თავკაც ტედ კოლეკს, რომელიც იერუსალიმს 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა. ათი წლის შემდეგ თვით მემარჯვენე ეჰუდ ოლმერტი იგემებს მარცხს ულტრა-ორთოდოქს ური ლუპოლიანსკისგან. „არაბებთან თანაცხოვრება მკვდარია.“ - აღნიშნავს ამ პროცესით გაწბილებული ტედ კოლეკი, „ბიბლიური“ ქალაქის ეს ყველაზე გრძელვადიანი მერი. ამ დღეეებში ისრაელის არაბ და ებრაელ მოქალაქეებს შორის განვითარებულმა ინტერეთნიკურმა შეტაკებებმა, რომლებიც წმინდა წყლის პოგრომებსა თუ ლინჩის წესით გასამართლებაში გადაიზარდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტედ კოლეკი არ ცდებოდა.