წელიწადი და ოთხი თვე დაჰყო პოსტზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პირველმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. პირველმა მინისტრმა იმიტომ, რომ 2018 წლის 13 ივლისს, სწორედ ის გახდა პირველი მინისტრი გაერთიანებული - განათლების, მეცნიერების და ძეგლთა დაცვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებისა.
ხოლო, თუკი განათლების მინისტრების რაოდენობას გადავითვლით, მაშინ მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეხუთე განათლების მინისტრი გამოდის.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა:
„ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“.
იქცა თუ არა კერზაიას საქმე ბატიაშვილის აქილევსის ქუსლად?
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ბაჩანა შენგელია, დედის გარდაცვალების მიზეზად ასახელებდა და დღემდე ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. როგორც ის ამბობს, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს.
6 ნოემბერს კი, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, ია კერზაიას ვაჟის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“:
„ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა არ ეცდება თავისი საცეცების მიწვდენას“, - დაწერა 6 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ბაჩანა შენგელიამ.
მიხეილ ბატიაშვილმა 7 ნოემბერს უარყო, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასთან:
„რა თქმა უნდა, სადღაც საბუთების გაგზავნა ვერ დაუკავშირდება ამას, თუმცა მე შემიძლია პირადად გითხრათ, რომ მივესალმები სტრასბურგში ამ საქმის გაგზავნას“, - თქვა უკვე ყოფილმა მინისტრმა.
ბაჩანა შენგელია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დარწმუნებულია, რომ მიხეილ ბატიაშვილი, როგორც ია კერზაიას საქმეში „ერთ-ერთი ბრალდებული პირი“, ხელისუფლებამ „მოიშორა“. ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ მიხეილ ბატიაშვილის პოსტიდან წასვლა პირდაპირ კავშირშია სარჩელის სტრასბურგში დარეგისტრირებასთან:
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მისი გადაყენება უნდა მომხდარიყო ამ საქმის გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, გიორგი გახარიას გაპრემიერების პერიოდში, აგვისტოს ბოლოს. საქმის შეწყვეტაც ორი მიზეზის გამო მოხდა. გახარიას გაპრემიერების დროს, ია კერზაიას საქმე არ უნდა ყოფილიყო მოქმედი საქმე და მეორე, თავად ბატიაშვილმა ითხოვა გარკვეული გარანტია, რომ თუკი ის წავიდოდა თანამდებობიდან, ეს საქმე არ უნდა ყოფილიყო წარმოებაში. თუმცა, მაშინ, როგორც ჩანს, მიხეილ ბატიაშვილის გადაყენების საკითხი ცოტა ხნით გადადეს, რომ პირდაპირ კავშირში არ ყოფილიყო ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ახლა კი, როდესაც ჩვენი სარჩელი უკვე დარეგისტრირდა სტრასბურგში, ეს უკვე აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რადგან ხელისუფლებას არ სჭირდება მინისტრი, რომელიც არის მძიმე დანაშაულში ბრალდებული. ჩვენი აზრით, ის დამნაშავეა, თუმცა, მინიმუმ ბრალდებული მაინც ხომ არის. შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადამიანს, რომელსაც ხანგრძლივი გეგმები ჰქონდა ამ პოსტზე, უცებ, ხუთშაბათს დილით ახსენდება, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს. არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ის სხვა მიზეზით წავიდა თანამდებობიდან. ხელისუფლებას არ სჭირდება ადამიანი, რომელიც მას ასეთ მძიმე ტვირთად აწევს და ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს პროცესი“.
„მინისტრი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან არ უყვარდა“
მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა, რომლის შემდეგაც „წიგნის ეროვნული ცენტრი“, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია ლიტერატურისა და ზოგადად კულტურის მიმართულებით, სრულად გაქრა რადარებიდან.
2018 წელს, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ფრანკფურტის ბაზრობის დასრულებიდან მალევე, „წიგნის ცენტრის“ თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ 2019 წლის იანვრიდან ცენტრის დახურვა იგეგმებოდა. ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, დეა მეტრეველის თქმით, მან, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა, რათა ყველასთვის მიეწვდინა ხმა, რომ „წიგნის ცენტრის“ დახურვით მნიშვნელოვანი საქმე ფუჭდებოდა. თუმცა, ამბობს, რომ მის წინაშე ყველა კარი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. ვრცელი ინტერვიუ ამ პროცესთან დაკავშირებით დეა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას რამდენიმე თვის წინ მისცა.
დღეს, მიხეილ ბატიაშვილის პოსტის დატოვების შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კვლავ იმეორებს, რომ ვერც სამინისტრომ და ვერც მინისტრმა ბატიაშვილმა, ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანა ის მოვლენა, რაც „წიგნის ცენტრის“ საქმიანობით ქართულმა კულტურამ და ლიტერატურამ მიიღო.
დეა მეტრეველი იმასაც ამბობს, რომ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრად მოსვლის დღიდან, ნათელი იყო ყველასათვის, რომ მისთვის კულტურა ნაკლებად საინტერესო სფერო იყო:
„ამ ადამიანმა ჩაიბარა ის მნიშვნელოვანი, მრავალპროფილიანი უწყება, რომლის მართვის გამოცდილება მას არ ჰქონდა. ამიტომ დაშვებული იქნა ძალიან ბევრი და, მათ შორის, გამოუსწორებელი შეცდომა. მან ამ ერთ წელიწადში საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ისეთი სტრუქტურის შემქმნელმა, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ძალადობრივი და მიმართული თავისუფალი ადამიანების ანგარიშსწორებისკენ. ჩვენ შიგნით ყველამ ვიცოდით, რომ მას კულტურა არ აინტერესებდა და მით უფრო იქ მიმდინარე პროცესები, პრობლემები, საჭიროებები. მან დაგვამახსოვრა თავი, როგორც მინისტრმა, რომელსაც ხელოვნება და ლიტერატურა ძალიან არ უყვარდა. მას არ ესმოდა, თუ რა ტიპის უწყებას მართავდა. მასთან კომუნიკაცია იყო ძალიან შეზღუდული. დელეგირებული ჰქონდა საქმიანობები მოადგილეებზე, რასაც ეს მოადგილეები ბოროტად იყენებდნენ და, სავარაუდოდ, მისგანაც ჰქონდათ მწვანე შუქი ანთებული, რომ განეხორციელებინათ ისეთი დანაშაულებრივი რეფორმები, მათ შორის, ისეთი წარმატებული ორგანიზაციის დახურვა და საჯარო უწყებების სიიდან გაქრობა, როგორიც იყო წიგნის ეროვნული ცენტრი“.
შავი ზღვის უნივერსიტეტის კრიზისი - ბატიაშვილის მინისტრობის პირველი დღეების ხმაურიანი გადაწყვეტილება
2018 წლის აგვისტოში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით შეუჩერა სტუდენტთა ნაკადის მიღება. მაშინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებდა, რომ შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რასაც, შესაძლოა, სასწავლო პროცესისთვის სერიოზული რისკები შეექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს, ანუ, პირველკურსელთა მიღების შეზღუდვიდან 6 დღეში გადაიხადა, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩა.
მიხეილ ბატიაშვილი აცხადებდა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გამო სტუდენტებისა და მომავალი სტუდენტების განათლებას საფრთხე არ შეექმნებოდა.
თვეების განმავლობაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ორგანიზებით, რამდენიმე ათეული საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება 2018 წლის დეკემბერში, მას შემდეგ დაიბრუნა, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ხელახლა განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
განათლების რეფორმა - საატესტატო გამოცდების გაუქმება, პედაგოგთა ხელფასის ზრდა
განათლების რეფორმის გეგმა მიხეილ ბატიაშვილმა პოსტზე დანიშვნიდან ზუსტად ორი თვის თავზე, იყალთოს აკადემიის ეზოში, პომპეზური ღონისძიების თანხლებით წარადგინა.
რეფორმა იყო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი და ამბიციური. მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასის 1500 ლარამდე გაზრდა.
რეფორმის ამ ნაწილის განხორციელება თვე-ნახევრის წინ, პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ხელფასის მატება შეეხო სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, პირველი ოქტომბრიდან უფროსი მასწავლებლების ხელფასი 1011 ლარია, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლების – 1745 ლარი.
ამ რეფორმასა და მიხეილ ბატიაშვილის სახელს უკავშირდება 2018-19 სასწავლო წლიდან საატესტატო გამოცდების გაუქმება და 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სიიდან უნარ-ჩვევების გამოცდის ამოღება. მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავდა, რომ კომპლექსური რეფორმის მიზანი იყო სკოლის როლის გაძლიერება და უნივერსიტეტებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭება.
6000-ზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი, რომლებმაც სკოლა ჯილდოს სანაცვლოდ დატოვეს
მიმდინარე წლის ზაფხულში, მიხეილ ბატიაშვილმა საპენსიო ასაკის პედაგოგებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ ჯილდო შესთავაზა.
ეს შეთავაზება, პირველ ეტაპზე, 6 000-მდე პედაგოგმა მიიღო, რამაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარი შეადგინა.
მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამური ოდენობა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღეს. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში უნდა ითქვას ისიც, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება.
სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი - მინისტრის ინიციატივა
მიხეილ ბატიაშვილმა კიდევ ერთი ინიციატივით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მიმდინარე წლის თებერვალში, მან საზოგადოებას სტუმარ-მასპინძლობის პროფესიული სასწავლებლის გახსნის იდეის შესახებ აცნობა.
სასწავლებელი კერძო სექტორის ჩართულობით უნდა გაიხსნას და, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს განათლების სამინისტროში, ამ პროექტზე მუშაობა დღეს აქტიურად მიმდინარეობს.
„წესით, პოპულისტ მინისტრს უნდა ველოდოთ, არჩევნები მოდის“
სპეციალისტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია, წლებია, ადევნებს თვალს განათლების სამინისტროში მინისტრების ცვლილების პროცესს. 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე, უწყებაში 11 მინისტრი შეიცვალა.
სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების მინისტრები იმდენად მცირე ხნით იკავებენ პოსტებს, რომ რთულია დროის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების მოსწრება. მიხეილ ბატიაშვილის შემთხვევაში ის ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ასახელებს:
„მან მასწავლებლების წახალისების სისტემა შემოიღო და სისტემაში შემოვიდა მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი. ასევე, მან გააუქმა საატესტატო გამოცდები და მისაღები გამოცდების რაოდენობა შეამცირა“.
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ძალიან ხშირად, მინისტრების ცვლა დაკავშირებულია საარჩევნო ციკლთან და მიხეილ ბატიაშვილიც სწორედ ამ ციკლის მორიგი რგოლია:
„როგორც წესი, არჩევნების წინ ინიშნებიან უფრო პოპულისტი მინისტრები. არჩევნების გადაგორების შემდეგ, ცდილობენ, რომ დანიშნონ ისეთი მინისტრები, ვისაც ლაპარაკის გარდა, საქმის გაკეთებაც შეუძლიათ და ა.შ. და ა.შ. ეს არის ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მინისტრობა საქართველოში მაინცდამაინც მიმზიდველი თანამდებობა არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მათ ბევრი უაზრო და საანგარიშო დავალებების შესრულება უწევთ. კიდევ ერთი ანომალია ის არის, რომ ჩვენ თითქმის არასდროს ვიცით, როდესაც მინისტრი ტოვებს პოსტს, ეს ნამდვილად მისი პირადი გადაწყვეტილებაა თუ, ამ შემთხვევაში, ქვეყნის არაფორმალური მმართველის თუ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის. ახლა ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ, წესით, პოპულისტ მინისტრს უნდა ველოდოთ. არჩევნები მოგვადგა კარზე“.
ვინ დაიკავებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს?
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრობის სავარაუდო კანდიდატად ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სახელდება. თუმცა, თავად მაია მიმინოშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კიდევ ერთ კანდიდატურად სახელდება ბადრი მაისურაძე, მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე, რომელიც მინისტრის მოადგილედ ორი თვის წინ დაინიშნა. ბადრი მაისურაძე 2016 წლიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.