Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IBSU-ს პრობლემები - ბიზნესინტერესები, პოლიტიკა თუ ფინანსები?


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნესინტერესები და უნივერსიტეტის ჩალის ფასად ხელში ჩაგდება - შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მოტივი და მიზანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისა, შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, აეკრძალოს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება. სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება, საჭიროების შემთხვევაში კი, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ, რადგან, მისი თქმით, აშკარად ირღვევა განათლებისა და საკუთრების უფლება:

„შეზღუდვა დაგვიწესეს ფინანსური დავალიანების გამო, რომლის სამართლიანობის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს დავა. ავტორიზაციის საბჭოს შავი ზღვის უნივერსიტეტმა წარუდგინა საბანკო ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ დეპოზიტზე დადებული გვაქვს 739 ათასი ლარი და იმ შემთხვევში, თუკი საბოლოოდ დაეკისრება უნივერსიტეტს ამ თანხის გადახდა, დაუყოვნებლივ გადავიხდით. საბჭომ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში უნივერსიტეტი. ჩვენ ვიცით ამ ადამიანების გვარები, არსებობს დოკუმენტებიც ამ ბიზნესინტერესების თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ გვარების დასახელებისაგან. გვინდა, რომ ავტორიზაციის საბჭო გონს მოეგოს და შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გავასაჯაროებთ. მიმდინარეობს უნივერსიტეტის წართმევის პროცესი“.

სოსო ბარათაშვილის მტკიცებით, ამ პროცესში ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტის წილის შესყიდვას გეგმავდა ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია, თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისათვის, რომ პროცესისთვის ხელი შეეშალა:

„არსებობს ბრიტანული კომპანია, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან აწარმოებდა მოლაპარაკებას იმისათვის, რომ შეესყიდათ წილი შავი ზღვის უნივერსიტეტში. კომპანია დღესაც, 22 აგვისტოს რიცხვით, ადასტურებს მზაობას, რომ სურს წილის ყიდვა, მაგრამ თუ ვინმემ შეუშალა ამ პროცესს ხელი, ეს იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ურჩევდა შავი ზღვის უნივერსიტეტს, რომ წილი მიეყიდა არა ბრიტანული, არამედ ქართული კომპანიისათვის და ისიც ჩალის ფასად. ეს პროცესი კი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო“.

ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის განმარტება

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ უნივერსიტეტს ექვსი წლით მივეცით ავტორიზაცია და მხოლოდ იმიტომ შეეზღუდათ მათ სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება, რომ მისი ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფინანსურ-ადმინისტრაციულ საკითხებს.
დავით აფრასიძე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სოსო ბარათაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შავი ზღვის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც მხოლოდ ის თქვა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გამო სტუდენტებისა და მომავალი სტუდენტების განათლებას საფრთხე არ შეექმნება:

„ორგანიზაციას გააჩნია ფინანსური პრობლემები. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ არსებულმა სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ის აბიტურიენტები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლისა, ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება, რომ გააგრძელონ სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში. არც ერთი მათგანი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე“.

ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი დავით აფრასიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საბჭომ მიიღო სასწავლებლის ერთი წლით შეზღუდვის გადაწყვეტილება, არის უნივერსიტეტში არსებული ფინანსური პრობლემები. მისი სიტყვებით, შავი ზღვის უნივერსიტეტმა საბჭო ვერ დაარწმუნა სასწავლებლის ფინანსურ მდგრადობაში და სწორედ ამიტომ აეკრძალა სასწავლებელს სტუდენთა ახალი ნაკადის მიღება:

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ უნივერსიტეტს ექვსი წლით მივეცით ავტორიზაცია და მხოლოდ იმიტომ შეეზღუდათ მათ სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება, რომ მისი ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფინანსურ-ადმინისტრაციულ საკითხებს. საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გვაჩვენა ფურცელი და თქვა, რომ დეპოზიტზე ედოთ თანხა, მაგრამ ერთ რამეს ვიკითხავ: თუკი სახელმწიფოს მიერ დაყადაღებულია მათი ქონება, დეპოზიტზე ამ თანხებს როგორ განკარგავენ? ვერ გავარკვიეთ, ვინ ვინ არის, ვინ რას ფლობს. მათ ვერ დაგვარწმუნეს თავიანთ ფინანსურ მდგრადობაში და, პირიქით, ჩვენ გაგვიმყარდა პოზიცია, რომ მატერიალურ და ფინანსურ რესურსებთან მიმართებით დაწესებულებას და მათ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს, რათა უზრუნველყოს მისი განვითარება. ხარისხის მართვის სისტემაში არსებობს აპელაციის მექანიზმი. მიმართონ აპელაციას, გამოიყენონ ეს ბერკეტი და გადაწყვიტონ პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ დაარწმუნა საბჭო, რომ მისი ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობით უდგება უნივერსიტეტის მატერიალურ ქონებას და პასუხს აგებს, რომ უნივერსიტეტი იყოს უზრუნველყოფილი ამ ქონებით. ითქვა ისიც, რომ თითქოს იყიდება უნივერსიტეტის წილი, თურქეთის ფაქტორიც იქნა ნახსენები. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაინტერესებს. ავტორიზაციის საბჭო მსჯელობს მხოლოდ სტანდარტთან მიმართებით. სხვა საკითხებზე ვერ იმსჯელებს. ჩვენ ვმსჯელობდით სტანდარტის გარშემო და მივხვდით, რომ ხელმძღვანელობას არ აქვს გაცნობიერებული, რომ მატერიალური ქონება უნივერსიტეტისაა და ამ ყველაფრით მის ბედზე თამაშობს“.

დამოუკიდებელი ექსპერტი საბჭოს არ ეთანხმება

ჩვენი მოკვლევით, არსებული საგადასახადო დავის გამო უნივერსიტეტს არავითარი ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა, ანუ ის გამართულად ფუნქციონირებს ისეთივე წვრილ-წვრილი პრობლემებით...
ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯია დამოუკიდებელ ექსპერტთაგან ერთ-ერთია, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოწვევით, შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციისათვის საჭირო სტანდარტები შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ექსპერტთა მიერ დაწერილ დასკვნასა და რეკომენდაციებს უნდა დაეყრდნოს საბჭო სასწავლებლისათვის ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას. ნანა დიხამინჯია რადიო თავისუფლებასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის გარშემო შექმნილ პრობლემაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ პირადად ის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:

„მე არ ვილაპარაკებ ექსპერტთა ჯგუფის სახელით. მე ჩემს პირად მოსაზრებას გეტყვით. ჩვენი მოკვლევით, არსებული საგადასახადო დავის გამო უნივერსიტეტს არავითარი ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა, ანუ ის გამართულად ფუნქციონირებს ისეთივე წვრილ-წვრილი პრობლემებით, რომლებიც ნებისმიერ უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში. და თუკი ჩვენ, ექსპერტებს, რაიმე გამოგვრჩა და ეს ფინანსური დავალიანება და დავა, მართლაც, შეიძლება აისახოს განათლების ხარისხზე, მაშინ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესებს უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობას“.

ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკობს შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი ილია ჩილოღლუც. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მათ 2018-2018 სასწავლო წელს ვერ მიიღეს 800-მდე სტუდენტი და, სავარაუდოდ, ვერც მომავალ სასწავლო წელს მიიღებენ სტუდენტთა ახალ ნაკადს, უნივერსიტეტი 3 მილიონამდე ლარს იზარალებს.

ფინანსური დავა და ყადაღა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რომელთა წინაშეც დგას შავი ზღვის უნივერსიტეტი და რამაც, შესაძლოა, სასწავლო პროცესს სერიოზული რისკები შეუქმნას. ცენტრისვე განცხადებით, „უნივერსიტეტს სახელმწიფოს მიმართ აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, 700 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა“. მიუხედავად შეზღუდული უფლებისა, ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლით მიანიჭა.

შავი ზღვის უნივერსიტეტმა 22 აგვისტოს გაავრცელა დოკუმენტები და წერილი. ისინი აღნიშნავენ, რომ ავტორიზაციის მიერ დასახელებული ყადაღის საკითხი უსაფუძვლოა. წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. 2018 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულია სასამართლოს სხდომა შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად.

ილია ჩილოღლუ განმარტავს იმასაც, თუ რატომ ედავება სახელმწიფო შავი ზღვის უნივერსიტეტს 700-ათასიან დავალიანებას და ამბობს, რომ მათ არ აურიდებიათ თავი გადასახადების გადახდისათვის:

„ჩვენ ვაშენებთ შავი ზღვის უნივერსიტეტის კამპუსს. 2013 წელს შემოსავლების სამსახურმა შეგვამოწმა. როგორც სასწავლო უნივერსიტეტი, არ ვიყავით დღგ-ს გადამხდელი, თუმცა 2011 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო, რაც ჩვენ გამოგვრჩა. ჩვენ გადახდილი გვქონდა 400 ათასი ლარი. გარდა ამისა, თანახმანი ვიყავით, რომ ჯარიმის სახით გადაგვეხადა დაწესებული 20 ათასი ლარი, თუმცა საგადასახადო სამსახურმა უარი გვითხრა და გამოგვიწერეს მილიონნახევრიანი ჯარიმა, რომელიც გავასაჩივრეთ და მოგვიანებით ეს თანხა 700 ათას ლარამდე ჩამოვიდა, თუმცა სასამართლო დავა კვლავაც მიმდინარეობს. თუკი თავდაპირველად მილიონ-ნახევარი იყო ჯარიმა და ახლა 700 000 ლარზე ჩამოვიდა, შეიძლება, ხვალ 100 000 იყოს, ამდენი რატომ უნდა გადავიხადოთ? რაკიღა პროცესი გრძელდება, ჩვენ შევაჩერეთ დავალიანების გადახდა“.

კითხვის ნიშნები პოლიტიკური სარჩულის გარშემო

მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს, კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სხვა ქვეყანაში დასჯა. მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის...
მიხეილ სააკაშვილი

შეიძლება თუ არა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდებოდეს? ამის შესახებ შავი ზღვის უნივერსიტეტში ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა საზოგადოების ნაწილში, მათ შორის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებშიც ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვებს აჩენს. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეტულა გიულენთან დაკავშირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სასწავლებლებს შორის ერთ-ერთია. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დემირელის სახელობის სკოლასა და რამდენიმე საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს. დემირელის სკოლას ავტორიზაცია ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის აგვისტოში, შეუჩერეს. მაშინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად ორგანიზაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა, თუმცა სკოლის დახურვის ფაქტმა მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობდა, რომ უბრალო დამთხვევა არ იყო საქართველოში ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიჩნეული იმ რამდენიმე დაწესებულების დახურვა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხილი, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ფეტულა გიულენის - სახელთან ასოცირდებოდა. ამის შესახებ პოლიტოლოგი და შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს:

„ჩვენი უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური დაწესებულება. უნივერსიტეტი რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ბუნებრივია, გარკვეული კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა, რომ დაემთხვა ერთმანეთს ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვა, თბილისში დემირელის სკოლის დახურვა, რომელიც ფუნქციონირებდა 20 წლის განმავლობაში, და დღეს უკვე შავი ზღვის უნივერსიტეტის ჯერი დადგა. რატომ? როგორ? დღეს ნათლად ჩანს, რომ დავა მიმდინარეობს შავი ზღვის უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ასპექტებს, მე შემიძლია ამ თემაზე საათობით ვილაპარაკო, მაგრამ ჯერჯერობით, ბოდიშის მოხდით, თავს შევიკავებ. თუმცა საზოგადოებაში რომ არსებობს კითხვები, - ყოველ შემთხვევაში, პროგრესულად განწყობილ ნაწილში, - ეს ფაქტია“.

შავი ზღვის უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის წერს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა:

„მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს, კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სხვა ქვეყანაში დასჯა. მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას... თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე“.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები 23 აგვისტოდან ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG