Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა მიმართ ძალადობა - ოჯახში, სკოლაში, მედიასა და საზოგადოებაში


„საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს ფიზიკურად სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ“, - ვკითხულობთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამოკვლევაში „ბავშვთა მიმართ ძალადობა“, რომლის პრეზენტაციაც საიამ 13 ივლისს გამართა და რომელშიც კვლევის ავტორები სახელმწიფოს მთელ რიგ რეკომენდაციებს სთავაზობენ. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური სასჯელის გამოყენება ბავშვის მიმართ არცერთ შემთხვევაში არ არის ეფექტიანი და ვერანაირად გამოდგება აღზრდის მეთოდად.

ანგარიშის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოშიც ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ის გულისხმობს ბავშვის დაშინებას, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკას, აგრესიულ დამოკიდებულებას, რასაც დაბალი თვითშეფასება და დამოუკიდებლობის დაკარგვა მოსდევს ხოლმე.

გამოკვლევის ავტორი მარი მესხი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა ბავშვის მიმართ ძალადობის ყველაზე დამანგრეველი ფორმაა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნული გამოკვლევის თანახმად, ქალთა მხოლოდ 3,9 %-მა აღიარა, რომ ისინი ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, რაც საკითხის ტაბუირებით, არასრულწლოვნის შიშითა და სირცხვილით არის გამოწვეული.

რაც შეეხება სკოლაში ძალადობას, გამოკითხულთა 25% მიუთითებს, რომ ან თავად არის ძალადობის მსხვერპლი, ამ ამბობს, რომ მისი მეგობარზე იძალადეს. კვლევის ავტორები სავალალოდ მიიჩნევენ საზოგადოების დამოკიდებულებას ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი და მაგალითად მოჰყავთ გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აღზრდის ასეთი მეთოდი არაძალადობრივზე უფრო ეფექტიანია.

მედიასივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის თაობაზე კი გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ შემცირებულია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების ფაქტები, თუმცა ჯერ კიდევ გვხვდება არაპროფესიონალური გაშუქების არაერთი შემთხვევა. განსაკუთრებით ბევრ შეცდომას მედია სუიციდის ფაქტების გაშუქებისას უშვებს.

საია მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმების სრულყოფა და სახელმწიფოს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • მოხდეს ყველა შესაბამისი კანონის პერიოდული რევიზია და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია,
  • ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრება,
  • მშობელთა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა,
  • სასწავლო პროგრამების გადახედვა და მანდატურის რგოლის გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით,
  • პატრულების და უბნის ინსპექტორების გაძლიერება და მათი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ტრენინგების გაგრძელება.
  • ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოში ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა და გაძლიერება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG