Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის საფლავებში გაბნეული იდენტობა


რაბათის სასაფლაო
რაბათის სასაფლაო

ახალციხეზე, როგორც მულტიკულტურულ ქალაქზე, მისი სასაფლაოებიც მეტყველებს. მართლმადიდებლების, კათოლიკეების, სომხების და ებრაელების სასაფლაოებთან შედარებით პატარა ადგილი უჭირავს სასაფლაოს, რომელსაც ათწლეულებია ქალაქში მოიხსენიებენ „უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოდ.“ ახალციხეში განისვენებენ ისტორიიდან ცნობილი ადამიანებიც.

ერეკლე მეორის მრჩეველი სოლომონ ლიონიძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მომზადებაში, რუსეთით იმედგაცრუების შემდეგ ახალციხეში გადაიხვეწა. მაშინ ახალციხე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1810 წელს, სოლომონ ლიონიძემ თავშესაფარი მეგობართან, პადრე ნიკოლა ფირალიშვილთან იპოვა. თუმცა მალევე, 1811 წლის აგვისტოში, ქალაქში გავრცელებულმა შავმა ჭირმა იმსხვერპლა.

სოლომონ ლიონიძის საფლავი
სოლომონ ლიონიძის საფლავი

კათოლიკე მღვდელმა გარდაცვლილი მეგობარი ახალციხის კათოლიკური ტაძრის ეზოში, გამორჩეულ ადგილას დაკრძალა. „ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში არიან დაკრძალულნი. სოლომონ ლიონიძეს ორ კვირაში მიჰყვა პადრე ნიკოლა ფირალიშვილიც. ნიკოლას საფლავს შედარებით მომცრო ქვა აქვს, სოლომონ ლიონიძის საფლავს კი დიდი, მარმარილოს ქვა აღარ ადევს და წელს ვაპირებთ, რომ გავუკეთოთ“ - გვეუბნება ისტორიკოსი რევაზ ანდღულაძე.

მესხი ორბელიანები, სასულიერო პირები ვასილი და იოსები ოსმალეთის იმპერიამ იმსხვერპლა. ისტორიული წყაროების თანახმად, ისინი მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და მესხებს მოუწოდებდნენ წინაპრების რელიგიის, ქრისტიანობისთვის არ ეღალატათ. ისაკ ფაშას ბრძანებით, 1806 წელს ორბელიანებს გამაჰმადიანება მოთხოვეს, უარის შემდეგ კი წამებით მოკლეს. ვასილ და იოსებ ორბელიანები რაბათში, წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში არიან დაკრძალულნი.

ნაწამები ორბელიანის საფლავის ქვა ეკლესიაში
ნაწამები ორბელიანის საფლავის ქვა ეკლესიაში

ახალციხეში განისვენებს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი. მან პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში დევნილი სომხების ნაწილი ერთად შეკრიბა და 20-იანი წლების ბოლოს ერზერუმიდან საქართველოში ჩამოიყვანა. სააღდგომოდ მიცვალებულებს ორჯერ იხსენიებს ახალციხელი ალბერტ კირაკოსიანი - ერთხელ თავის სომეხ წინაპრებს და მეორედ ქართველ ცოლს.

„მე პირადად მწამს, რომ ჩვენი აღდგომა ერთ დღეს უნდა იყოს. ჩემთვის სუყველა ერთია. ჩემი და-ძმებიც აქ არიან, ჩვენი წინაპრებიც - ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნების ხალხიც. ჩვენი ტრადიცია მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ სომხები კვერცხს არ ვღებავთ“ - ამბობს ალბერტ კირაკოსიანი.

ახალციხეში ყველაზე ძველი, 400 წლის სასაფლაო ებრაელებს ეკუთვნით. 5 ათასზე მეტ საფლავს დარაჯთან ერთად უვლის ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი. ამბობს, რომ მათი დაკრძალვის წესით, მიცვალებული სამხრეთ-დასავლეთისკენ უნდა იყურებოდეს - ანუ აღთქმული ქვეყნის, იერუსალიმისკენ.

ებრაული საფლავის ქვა
ებრაული საფლავის ქვა

,,ჩვენ სარწმუნოებამ გადაგვარჩინა. ლოცვებს ივრითზე კითხულობდნენ. დაახლოებით 90 %-ს ენა არ ესმოდა. ენა იცოდა იმან, ვინც ლოცვას კითხულობდა, დანარჩენები კი პატივისცემის ნიშნად ისმენდნენ“ - გვითხრა სიმონ ლევიშვილმა.

ახალციხეში „უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოდ“ მოიხსენიებენ ადგილს, სადაც ისტორიკოსების ცნობით, ძირითადად, ეპიდემიის და ბრძოლის დროს დაღუპულებს, ან ახალციხეში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ უცხოელებს კრძალავდნენ. სასაფლაო დაახლოებით 200-300 წლისწინანდელია. აქ ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსისთვის დამახასიათებელი საფლავები. მათ ქვებზე ქართული, რუსული, სომხური და ებრაული წარწერებია. აქვე, თუმცა, ისლამის მიხედვით, სხვებისგან ოდნავ მოშორებით მუსლიმებიც არიან დაკრძალულნი.

XS
SM
MD
LG