Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


საოკუპაციო გამყოფი ხაზი ატოცში
საოკუპაციო გამყოფი ხაზი ატოცში

ატოცელებს განსხვავებული ახალი წელი ჰქონდათ. სოფელში სტუმრიანობა იყო. პოლიციელები, სამოქალაქო აქტივისტები და ატოცის რამდენიმე მცხოვრები ღამის 12 საათზე საოკუპაციო ზოლზე გავიდნენ და ახალ წელს იქ შეხვდნენ.

საოკუპაციო ძალების პატრული ამ დროს იქ არ გამოჩენილა. საქართველოს დეოკუპაცია და მშვიდობა - ეს იყო ის სადღეგრძელო, რაც რუსეთის მესაზღვრეების მიერ ჩარჭობილ ბოძებთან, იქ მისულმა ადამიანებმა შესვეს. თქვეს რომ სამოქალაქო პატრულირებას 2019 შიც გააგრძელებენ და ბრძოლა სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება. საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხანს გაჩერდნენ, შემდეგ სოფელში დაბრუნდნენ და ატოცელებს მიულოცეს ახალი წელი. ატოცელები კი ახალ წელს, პრობლემების მიუხედავად იმედიანად შეხვდნენ. ატოცის მცხოვრები ლაიანა ქოჩიშვილი ამბობს, რომ სოფელმა სახნავ-სათესი ფართობები, საძოვრები და ტყის მასივი დაკარგა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა.

სამოქალაქო აქტივისტები ატოცში
სამოქალაქო აქტივისტები ატოცში

ატოცელმა თამაზ ვაჭრიძემ პირველ რიგში მშვიდობა ადღეგრძელა. მისი თქმით სოფელი ერთ მუშტად არის შეკრული და სირთულეებს უმკლავდებიან. მიუხედავად იმისა რომ მიწა დაკარგეს სასმელ-საჭმელი არ აკლიათ და მომავალს იმედით შეჰყურებენ.

ზემო ხვითში ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ. ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელში ჯერ ისევ ახსოვთ 10 წლის წინანდელი მოვლენები. რუსუდან ბულაშვილი ამბობს, რომ ომგამოვლილი სოფლების მცხოვრებლებმა ყველაზე უკეთ იციან მშვიდობის ფასი.

ცხინვალიდან ფეიერვერკთან ერთად ავტომატიდანაც ისროდნენ. ერგნეთელები ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდნენ. დარეჯან კასრაძის აზრით ოკუპირებულ ქალაქში როგორც გამარჯვებულები ისე ზეიმობენ, ერგნეთს კი ბევრი რამ აკლია და ახალი წლის მიუხედავად მაინც სოციალურ პრობლემებზე საუბრობს.

გიორგი კასრაძის ოჯახში პირველ სადღეგრძელოდ საქართველოს გამთლიანებისა ითქვა, შემდეგ სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების შესანდობარი შესვეს. გიორგი ამბობს, რომ მომავლის იმედს ერგნეთში არ კარგავენ და ადრე თუ გვიან ცხინვალში ისევ ერთად იზეიმებენ ქართველები და ოსები.

ახალ წელს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ტრადიციული პრობლემებით შეხვდნენ. მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაციის ახალი ტალღა. დაკარგული სახნავ-სათესი ფართობები, საძოვრები და ტყის მასივები, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება ჯერ ისევ რჩება საქართველოს ხელისუფლების მთავარ გამოწვევად.

XS
SM
MD
LG