Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა შტაინმაიერს "ფორმულა" საქართველოსთვის?


გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოში მზა ფორმულა არ ჩამოუტანია. როგორც თავად ამბობს, საქართველოსთან მიმართებით ამჯერად არ არსებობს „შტაინმაიერის ფორმულა“ - კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელიც უკრაინის შემთხვევაში უკვე შეთანხმდა და უკრაინელების დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია, ამ გეგმის კრემლის ინტერესებთან დაკავშირების გამო.

ამჯერად შტაინმაიერს მზა გეგმა არა აქვს საქართველოსთვის. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პარტნიორები სამომავლოდ კონკრეტულ გეგმებზე საქართველოსთან მიმართებითაც იფიქრებენ. სჭირდება თუ არა საქართველოს უკრაინის მსგავსი სადავო გეგმა. რა ითქვა და რა არ ითქვა?

იქნება გეგმა საქართველოსთვის?

როგორც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, საქართველოში, კონფლიქტის ზონაში, მძიმე სიტუაციაა და წინ ხანგრძლივი, მოთმინებით აღსავსე პროცესია. ამჯერად, საქართველოს კონკრეტულ წინადადებებს ვერ ვთავაზობთო, განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ არ მოვსულვართ ყოვლისმცოდნე შეთავაზებით, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია დღეს და ხვალ. ეს ხანგრძლივი პროცესია. ხანგრძლივი, მოთმინებით აღსავსე და ინტენსიური მოლაპარაკებები ვერ ჩანაცვლდება ორ პრეზიდენტს შორის საუბრით“.

თუმცა შტაინმაიერს არ უთქვამს:

  • ხანგრძლივი მოლაპარაკებების რომელ ფორმატს გულისხმობს - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს თუ ახალ ფორმატებს, რომელთა საჭიროება საქართველოს პრეზიდენტმაც ახსენა გაეროს გენასამბლეის სესიაზე გამოსვლისას და ამას დისკუსიებიც მოჰყვა საქართველოში;
  • უნდა მოველოდეთ თუ არა პირდაპირი დიალოგის ფორმატის დამკვიდრებას რუსეთთან, რომლის ალბათობაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების (ლავროვი-ზალკალიანის) შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა;
  • შესაძლებელია თუ არა ვიგულისხმოთ, რომ ჯერ არ არსებობს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულაზე მუშაობა უკვე დაწყებულია ანდა მომავალში შემუშავდება - როგორც ეს ისურვა, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა.

„მე ვისურვებდი, რომ ჩვენს სიტუაციასთან მიმართებაში ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდეს ფორმულებზე... თუ ჩვენ არ ვეძებეთ გამოსავალი, მაშინ ვიქნებით სტატუს კვოს მსხვერპლი“, - განაცხადა 7 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

25 სექტემბერს, გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვისა და სხვა ფორმატების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა „ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური“ ფორუმისა და დიალოგის გამოყენებაზე - დისკუსიებში რუსეთის ჩასართავად.

ვიდრე ანალიტიკოსები ჯერ ისევ ბჭობდნენ, რა თქვა და რის თქმა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს, ნიუ-იორკიდან წამოვიდა კიდევ ერთი ინფორმაცია - 26 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი. შემდეგ იყო ბევრი ეჭვი, ვარაუდი და შეკითხვა.

ამ ყველაფრისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც „შტაინმაიერის ფორმულა“ კრემლის გეგმად მონათლეს, გერმანიის პრეზიდენტს დაძაბული ინტერესით მოელოდნენ საქართველოშიც.

ანალიტიკოსებისთვის საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ერთხელ უკვე ჰქონდა გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით.

ის აგვისტოს ომამდეც შუამავლობდა თბილისს, მოსკოვსა და სოხუმს შორის, დეესკალაციის 3-პუნქტიანი გეგმის შესათანხმებლად. იმ ხანად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, "შტაინმაიერის გეგმად" ცნობილი გეგმა აფხაზეთის მიმართულებას შეეხებოდა.

გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის მიერ შემუშავებული გეგმის დეტალები ფრაგმენტულად ვრცელდებოდა, ძირითადად გერმანული მედიის მიერ.

გეგმა მოიცავდა, მათ შორის:

  • პირველი ეტაპი: ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყება;
  • მეორე ეტაპი: ეკონომიკური რეაბილიტაცია და ჰუმანიტარული სამუშაოების დაწყება (ბერლინი იძლეოდა სახსრების მოზიდვის დაპირებას);
  • მესამე ეტაპი: აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა.

გეგმა ჩავარდა, მერე კი აგვისტოს ომიც დაიწყო.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Institute for War and Peace Reporting-ის (IWPR) კორესპონდენტისთვის აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შტაინმაიერმა 2008 წელს პირდაპირ უთხრა ქართულ მხარეს - რომ რუსეთი საქართველოსთან „ფართომასშტაბიან ომს“ აპირებდა. ამასთან, სააკაშვილი, უკვე აგვისტოს ომზე მომზადებული ანგარიშის - „ტალიავინის კომისიის“ დასკვნის კონტექსტში შტაინმაიერზე ამბობს, რომ - ის, სავარაუდოდ მერკელის მხარდაჭერით, „რუსეთის ბრალის შემსუბუქებას“ ცდილობდა.

„შტაინმაიერის ფორმულა“ - ვნებათაღელვა უკრაინაში

„შტაინმაიერის ფორმულაზე“ დათანხმების გამო აუმხედრდა უკრაინელი ხალხის არცთუ მცირე ნაწილი უკრაინის სათავეში დიდი უპირატესობით მოსულ პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის. ოქტომბერში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები BBC-სთან ამბობენ, რომ - ზელენსკიმ რუსეთის ინტერესების შესაბამის, „კაპიტულანტურ გეგმას“ მოაწერა ხელი და ის ამისთვის „ცხელ შემოდგომას“ მიიღებს.

თბილისში მყოფ გერმანიის პრეზიდენტს BBC-ის კორესპონდენტმა პრესკონფერენციაზე შეახსენა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „შტაინმაიერის გეგმას“კრემლში დაწერილს უწოდებს.

BBC-ის წარმომადგენელი დაინტერესდა, რა როლი შეასრულა რუსეთმა და ჰქონდა თუ არა მას ზეგავლენა „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილი იმ გეგმის შემუშავებაში, რომელსაც უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კრემლში დაწერილი უწოდა და რომელმაც უკრაინაში ბოლო პერიოდში დიდი ვნებათა გამოიწვია.

„არანაირი“ - ამ ერთი სიტყვით შეეცადა გერმანიის პრეზიდენტი იმის თქმას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში არანაირი როლი არ შეუსრულებია რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტმა, რუსეთის ხსენების გარეშე თქვა, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ შეიქმნა „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში ჩიხში შესული მოლაპარაკებების გადასარჩენად და მისი განხილვა ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. „ნორმანდიული ფორმატი" აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მიზნით არის შექმნილი.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2016 წელს შეთავაზებული „ფორმულით“ გათვალისწინებულია შემდეგი:

  • განსაკუთრებული სტატუსი ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღეს, უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე, უკრაინის იმ სპეციალური კანონის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს არჩევნების ჩატარებას ხსენებულ რეგიონებში.
  • კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ იმოქმედებს დროებით, ეუთოს (OSCE) ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მიერ არჩევნების შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნებამდე.
  • განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებული კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

„ფორმულაზე“ უკრაინის თანხმობის შემდეგ ქვეყანაში აგორებული ძლიერი პროტესტის კვალდაკვალ, პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებების გაკეთება და ხალხისთვის დაპირებების მიცემაც მოუხდა.

  • 2 ოქტომბერს მან პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ" და არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და კაპიტულაცია უკრაინის ინტერესების საზიანოდ.​
  • ტელემიმართვაში ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ „შტაინმაიერის ფორმულით“ გათვალისწინებული არჩევნები დონბასში შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება მთელი რიგი პირობები.
  • დასახელებულ პირობებს შორისაა, მაგალითად: აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საზღვრების გაკონტროლება უკრაინის მიერ.

ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დასმულ აქცენტებს არ ეთანხმება მოსკოვი - სხვადასხვა განცხადების თანახმად, რუსეთს არც კი უფიქრია საკუთარი არმიის გამოყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან.

  • „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმება იყო ერთ-ერთი პირობა, რომლის შესრულებასაც ითხოვდა რუსეთი ე.წ. „ნორმანდიული ფორმატის“ (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) ფარგლებში მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად.
  • რუსეთის გარდა, „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას კიევისგან დაჟინებით ითხოვდა ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა - გერმანია და საფრანგეთი („ნორმანდიულ ოთხეულში“ შემავალი ქვეყნები).

გერმანიისა და საფრანგეთის წნეხზე ლაპარაკობდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა (ამჟამად დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრი) Associated Press-თან ინტერვიუში. საბოლოოდ,1 ოქტომბერს, მინსკში, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, საკუთარი ხელმოწერით სწორედ კუჩმამ დაადასტურა უკრაინის თანხმობა „შტაინმაიერის ფორმულაზე“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG