Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არტისტები ”წმინდა ოჯახში” - ეშმაკთან ზავი


”მეფისტო” (”Mephisto”, “Мефистофель”), უნგრეთი-გფრ, 1981. ”მეფისტო” აღინიშნა ”ოსკარით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.

ბასილ კობახიძის დღიურებს ვკითხულობდი ამასწინათ: „...დღეს დავამთავრე კლაუს მანის ავტობიოგრაფია. ბოლო რამდენიმე თვეა, მისი პიროვნების და ტექსტების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. 1947 წელს თავის ძმას წერდა: „ისინი ჩვენ ყველას დაგვხოცავენ, ყველა ინტელექტუალს“. მის შესახებ ინტერნეტში ვეძებ მასალებს და იშტვან საბოს ფილმს „მეფისტო“. გადავწყვიტე, კლაუს მანზე დავწერო...“

არ ვიცი, დაწერა თუ არა ”მეფისტოზე”. საერთოდ არ ვიცი, რას აკეთებს ქვეყნიდან შეიძლება ითქვას გაძევებული ბასილ კობახიძე, რომელიც საქართველოს ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს - სიძულვილს შეეჭიდა და ამ ბრძოლაში ფაქტობრივად ვერავინ დაუდგა გვერდზე. სიძულვილი ყველას გვაშინებს.

აგერ, ამ კვირაში აღიარა კიდეც ნიკა მემანიშვილმა, 17 მაისის კონცერტში (ეკლესიის ეზოში ჩატარებულ კონცერტებზე სულ გურამ რჩეულიშვილის ”ალავერდობა” მახსენდება) მონაწილეობას ვერ მივიღებ, სხვა გეგმები მაქვსო, ყველანაირ ძალადობას ვგმობ, მაგრამ სუსტი კაცი ვარ, ინტერნეტბულინგს, რომელიც ნინო ქათამაძემ გადაიტანა, ვერ გავუძლებო. ამაზეც მადლობა, ნიკა! ზოგიერთი ამასაც ვერ იტყოდა.

მაგრამ ამ ინტერვიუს მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი ლაჩრები ვართ. როგორც კუნდერას ტერეზა ამბობს, ”სუსტი ვარ და მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ცხოვრობენ ჩემნაირი სუსტი ადამიანები”. რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომ არ წავედით ამ ქვეყნიდან, რომ მოგვწონს, ჩვენნაირ სუსტ და ლაჩარ ადამიანებთან ერთად ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობთ და არც არასდროს არ ვიტყვით.

ვიტყვით, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მისი ფერები. ვიტყვით, რომ აქ უფრო საინტერესოა ცხოვრება - ძალადობის მუქარის ქვეშ ცხოვრება. ვიტყვით, რომ ესეც სასიამოვნოა - ინფანტილურ, და, ზოგჯერ უბრალოდ, არანორმალური პოლიტიკოსების მიერ მართულ ქვეყანაში ცხოვრება. ბევრ რამეს ვიტყვით თავის გასამართლებლად, რადგან, აი, ამის ნიჭი, იცოცხლე, გვაქვს.

ჰენდრიკ ჰოფგენი, კლაუს მანის წიგნის და იშტვან საბოს ფილმის მთავარი გმირი, პოპულარული და ძალიან ნიჭიერი მსახიობი, ასევე თავს იმართლებს; ის ნაცისტების გერმანიაში დარჩა. უფრო მეტიც, ნაცისტების შეთავაზება მიიღო და ბერლინის თეატრის მთავარი რეჟისორიც გახდა, ჰენრიკი ამბობს, რომ ”ჰამლეტს” დგამს და არა პროპაგანდისტულ სპექტაკლს, რომ ადამიანებს ეხმარება, რადგან ხელისუფლებასთან მისასვლელი გზა აქვს. რომ ”ყველა თუ გაიქცა, ვინ დარჩება გერმანიაში” და ა.შ. თავის მართლება უხდება პარიზის ერთ კაფეში, სადაც გერმანიიდან გაქცეულ თავის ყოფილ მეუღლეს ხვდება. სწორედ ამ მონოლოგის დროს მიუახლოვდება ასაკში შესული კაცი, სილას გააწნავს და ეტყვის: ”ეს იმისთვის, რაც ხდება გერმანიაში!”

არავის სიამოვნებს ინტერნეტბულინგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სილის გაწვნისაც ეშინია ბევრს. ეს სილის გაწვნა ხომ სინდისის გაღვიძებას ნიშნავს. როცა საკუთარ სინდისთან მწყრალად ხარ, როცა სინდისი გხედავს, რომ ტყუი და თავს იმართლებ, ინგრევი, იშლები რაღაცნაირად და ვეღარც მუსიკას წერ და სპექტაკლიც აღარ გამოგდის. პარიზის ასეთ კაფეში, სადაც ხელოვანს, არტისტს დიდი ხანია სხვა მოთხოვნებს უყენებს საზოგადოება, შეიძლება მოგვარდეს ვინმე და პასუხი მოგთხოვოს იმაზე, რაც შენს ქვეყანაში ხდება - სიძულვილზე, სუსტის ჩაგვრაზე, სასამართლო სისტემის მოშლაზე, იმაზე, რომ 15 წლის ბიჭი თავს იკლავს, შენი ხალხი კი იმაზე მსჯელობს, რამდენად სწორად გააშუქა ეს ამბავი მედიამ... იმაზე, რომ შენი ხალხი თავის გადარჩენას ცდილობს და იმასთან წავა, ვინც ანუგეშებს, დაელაპარაკება. მაშინაც კი, თუკი გულის სიღრმეში გრძნობს, რომ ატყუებენ.

”მეფისტოს” პრემიერიდან რამდენიმე წელიწადში უნგრეთში კომუნისტური სისტემა დაინგრევა. გაიხსნება უშიშროების არქივები და აღმოჩნდება, რომ იშტვან საბო, ამ არაჩვეულებრივი ფილმის ავტორი, უნგრულ „სუკთან“ თანამშრომლობდა, მისი ინფორმატორი იყო. უნგრელი რეჟისორები ამბობენ, ამიტომაც მისცეს საშუალება გადაეღო ეს ფილმი, ამიტომაც წარადგინეს ”მეფისტო” ამერიკულ ოსკარზე, ამიტომაც არ უქმნიდა საბოს პრობლემებს უნგრეთის კომუნისტური ხელისუფლებაო. ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ სულ სხვანაირად აღიქმება იშტვან საბოს შემოქმედება, მისი ფილმების მთავარი თემა - ზავი ეშმაკთან, როგორც გადარჩენის საშუალება, როგორც ტაშის და თაყვანისმცემლის სიმრავლის ვნება. აბა, რომელ არტისტს არ უნდა ხალხს უყვარდეს? რომელ არტისტს არ უნდა აზრს ეკითხებოდეს საზოგადოება? ჰოდა, ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგაც იმართლებდა იშტვან საბო თავს - უშიშროებასთან თანამშრომლობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ხალხს დავხმარებოდიო. ჩვენიც დავამატოთ - უშიშროებასთან რომ არ ეთანამშრომლა, სავარაუდოდ, ვერასდროს ვნახავდით იშტვან საბოს კარგ ფილმებს.

ის ხალხიც ხომ გახსოვთ, ის ქართველი არტისტები, დროდადრო მოსკოვში რომ მოუნდებათ ხოლმე ცეკვა და სიმღერა. როგორ ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ხომ არ დაგვიწყებიათ? ”ოკუპანტის დედაქალაქში იმიტომ ჩავდივარ, მინდა ვანახო, რომ ჩვენ ველურები არა ვართო”. სხვა გამართლებაც მახსოვს - მოსკოველი ქართველების თხოვნით ჩავედიო, საერთოდ, მაგ ფესტივალს პუტინი ვერ იტანს და სოლიდარობა გამოვუცხადე ხელისუფლებისგან დაჩაგრულებსო.

ამ კვირაში გაირკვა, რომ ქართველმა მხატვრებმაც მოინდომეს მოსკოვში გამოფენის მოწყობა. თან როგორ დასათაურებულ გამოფენაში - ”აქ რომ გეცხოვრა, სახლში იქნებოდი”. თანაც იმ გალერეაში, რომლის საინფორმაციო მხარდამჭერი, არც მეტი არც ნაკლები, ”სპუტნიკია”.

უიო, სათაური არ ვიცოდითო, ნამუშევრის სახელი აიღეს და კონტექსტი შეეცვალაო... „სპუტნიკი“ რაღააო? ამდენი არ ვიცითო. ჩვენ მხატვრები ვართ და კარგ გალერეაში გამოფენა გვინდაო. ეგენი - გალერისტები - პუტინს ვერ იტანენო... და საერთოდ, ჯერ გაერკვიეთ და მერე გაგვაკრიტიკეთო.

მოკლედ, გამართლებას, როგორც ჩანს, ამ ჯგუფმაც მიაგნო. თორემ მე პირადად არ გამიგია გამოფენაში მონაწილე რომელიმე მხატვარს უარი ეთქვა მოსკოვის გალერეა ”ტრიუმფის” გამოფენაში მონაწილეობაზე.

ჰოდა, რისი თქმა მინდა, იცით? ბასილ კობახიძე რომ იგონებს კლაუს მანს, ესენი ყველა ინტელექტუალს დახოცავენო... რატომ გაახსენდა ნეტავი ეს ფრაზა? სადღა არიან ის ინტელექტუალები საქართველოში, რომლებსაც თავის გამართლება არ უწევთ სინდისის წინაშე, რომლებიც ძლიერს და მდიდარს არ ემორჩილებიან? საქართველოში კი არა, აგერ კლაუს მანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, იშტვან საბო კი, თურმე კომუნისტური უნგრეთის „სუკს“ ემსახურებოდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG