Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის რამე, რაც მასზე არ ვიცით? - კიდევ ერთხელ გრიბოედოვზე


ალექსანდრე გრიბოედოვი - დიპლომატი, მწერალი და კომპოზიტორი, ტრაგიკული ბედის ადამიანი, რომელიც კომედიებს წერდა და რუსეთ-ირანის კონფლიქტს შეეწირა.

კავკასიაში მოგზაურობისას პუშკინი მგზავრებს გადაეყარა, რომლებსაც ურემზე რაღაც ედოთ. იკითხა, რა მოგაქვთო, გრიბოედოვიო, იყო პასუხი. ეს მისი ბოლო „შეხვედრა“ იყო მწერალთან, რომელიც თეირანში ფანატიკოსმა ბრბომ აკუწა.

პოლიგლოტი ბავშვი

ალექსანდრე გრიბოედოვი 1795 წლის 15 იანვარს მოსკოვში, თავადის ოჯახში, დაიბადა. დედამ, რომელიც საკმაოდ მკაცრად ზრდიდა შვილს, მას საუკეთესო პედაგოგები დაუქირავა. გრიბოედოვს ამეცადინებდა ენციკლოპედისტი ივან პეტროსილიუსი, ფილოსოფოსი იოჰან ბულე და სწავლული ბოგდან იონი. ბავშვი კარგად ითვისებდა უცხო ენებს, უკრავდა ფორტეპიანოზე და არფაზე.

„6 წლის უკვე სამ ენაზე ლაპარაკობდა. სულ 6 ენა იცოდა: რუსული, ფრანგული, გერმანული, ჩეხური, ესპანური და იტალიური. ისე, წარმოშობით პოლონელი იყო - გჟიბოვსკი, რაც შემდეგ გრიბოედოვად ითარგმნა.

მრავალმხრივი განვითარების ადამიანი გახლდათ: მწერალი, კომპოზიტორი... რუსული ვალსების მამამთავრად ითვლება, ლისტსაც კი ადარებდნენ“, - ამბობს თსუ-ის პროფესორი, სლავისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით გოცირიძე.

გრიბოედოვის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია კომედია „ვაი ჭკუისაგან“. ის დღემდე იდგმება თეატრებში, თუმცა გრიბოედოვის სიცოცხლეში, ცენზურის გამო, არ დაბეჭდილა და მხოლოდ ხელნაწერებით ვრცელდებოდა. „ვაი ჭკუისაგან“ ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ტექსტია, რომელმაც უამრავი ფრთიანი ფრაზა წარმოშვა, მაგალითად: „ვინც ბედნიერია, საათზე არ იხედება“, „გული და გონი ერთმანეთს ვერ უგებენ“, „ის ჩემი რომანის გმირი არაა“, „მსახურება და არა მომსახურება“, „დღე დღეს მისდევს და ყველაფერი ძველებურადაა“ და ასე შემდეგ.

„გრიბოედოვი დეკაბრისტებთან მეგობრობდა, რის გამოც დაპატიმრებულიც კი იყო. დეკაბრისტებმა ევროპიდან ახალი იდეები შემოიტანეს, მათ შორის მასონობაც. გრიბოედოვი თავადაც ორი მასონური ლოჟის წევრი გახლდათ. „ვაი ჭკუისაგან“ იყო პაროდია იმ ჩამორჩენილ საზოგადოებაზე, რომელიც შორს იდგა ევროპული ღირებულებებისგან. კრილოვმა უწინასწარმეტყველა კიდეც, ამ ნაწარმოებს აკრძალავენ, მათ ჩემი იგავებიც კი ვერ მიიღესო“, - ამბობს დავით გოცირიძე.

მისივე თქმით, გრიბოედოვი კარგად იცნობდა საქართველოსაც და მისი დაუსრულებელი ნაწარმოები, „რადამისტი და ზენობია“, საქართველოს მიეძღვნა.

გრიბოედოვს ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათგან განსაკუთრებით ცნობილია ე.წ. „გრიბოედოვის ვალსი“.

ლეგენდარული ოთხმხრივი დუელი

1818 წელს გრიბოედოვი დუელში დაიჭრა. ეს იყო დუელი, რომელშიც, უშუალოდ დაპირისპირებული მხარეების გარდა, სეკუნდანტებიც უნდა შებრძოლებოდნენ ერთმანეთს, სეკუნდანტები კი იყვნენ გრიბოედოვი და ცნობილი დეკაბრისტი,იაკობოვიჩი. დუელის პირველი ნაწილი პეტერბურგში ჩატარდა, მეორე კი თბილისში, სადაც გრიბოედოვი და იაკობოვიჩი ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ. გრიბოედოვს ტყვია მხარში მოხვდა. მოგვიანებით სწორედ ამ ჭრილობით ამოიცნობენ მის გვამს თეირანში მომხდარის შემდეგ.

ნინო ჭავჭავაძე
ნინო ჭავჭავაძე

ნინო და მუსიკის მასწავლებელი

1822 წელს გრიბოედოვი ხდება ალექსანდრე ერმოლოვის, თბილისში რუსული ჯარების ხელმძღვანელის, მდივანი. ასე ხვდება გრიბოედოვი საქართველოში პირველად. საქართველოში ყოფნისას გრიბოედოვი ხშირად სტუმრობდა წინანდალს, სადაც პატარა ნინო ჭავჭავაძეს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. 1828 წელს გრიბოედოვმა და ნინომ სიონში ჯვარი დაიწერეს. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 18 წელი იყო. გრიბოედოვი ამ დროს უკვე რუსეთის ელჩად მსახურობდა ირანში და ამიტომ თეირანში წასვლა მოუხდა.

თავდასხმა რუსეთის საელჩოზე

გრიბოედოვი წარმატებული დიპლომატი იყო, მან შეადგინა დოკუმენტები თურქმენჩაის ზავის შესახებ, რომლის მეშვეობითაც 1828 წელს რუსეთ-ირანის ომი დასრულდა. თურქმენჩაის ზავის თანახმად, რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები, ირანს კი 20 მილიონი ოქროს მანეთის კონტრიბუცია დაეკისრა.

თურქმენჩაის ზავი
თურქმენჩაის ზავი

1829 წლის 11 თებერვალს თეირანში ადგილობრივები თავს დაესხნენ რუსეთის საელჩოს ირანში და იქ მყოფი 37 ადამიანი ერთიანად ამოწყვიტეს. რუსულ წყაროებში აღნიშნულია, რომ, გარდა პოლიტიკური დაძაბულობისა, გრიბოედოვთან თავს აფარებდნენ სომეხი დევნილები, მათ შორის ორი ქალი შაჰის ნათესავის ჰარამხანიდან, რაც, თითქოს, თავდასხმის მიზეზი გახდა.

„რუსები ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ, სპარსული წყაროების მიხედვით, გრიბოედოვი განზრახ ტალახიანი ჩექმებით შევიდა მეჩეთში, რის გამოც ფანატიკოსმა მასამ ჩაქოლა. ამის თაობაზე აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე წერს“, - ამბობს დავით გოცირიძე.

გრიბოედოვის სხეული ისე იყო დასახიჩრებული, დუელის დროს მიღებული ძველი ჭრილობა რომ არა, მისი ცნობა ვერ მოხერხდებოდა.

ნინო ჭავჭავაძეს ქმრის სიკვდილს დიდხანს უმალავდნენ, როდესაც მომხდარის შესახებ მაინც შეიტყო, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვმა მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა.

ალექსანდრე გრიბოედოვი პირველი იყო, ვინც მთაწმინდაზე დაიკრძალა. მის საფლავზე გამოსახულია მგლოვიარე ქალი, მარმარილოზე კი ამოკვეთილია: „Ум и дела твои бессмертны в памяти русской, но для чего пережила тебя, любовь моя?“ („შენი გონება და საქმეები სამუდამოდ დარჩებარუსეთის ხსოვნაში, მაგრამ რატომ ვიცოცხლე შენზე დიდხანს, ჩემო სიყვარულო“).

თეირანში მომხდარის შემდეგ ირანმა რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად იმპერატორთან დელეგაცია გაგზავნა, სხვა საჩუქრებთან ერთად ჩაიტანეს უზარმაზარი ალმასიც. ალმასი „შაჰის“ მასა 88,7 კარატია და ის დღეს რუსეთის ალმასის ფონდში ინახება.

ალმასი „შაჰი“ მარკაზე
ალმასი „შაჰი“ მარკაზე

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG