Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანას ბაღის“ დარაჯები და ყურის ჩხირები კალაძესთვის


„ანას ბაღის“ აქტივისტებმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს და მერს კახი კალაძეს ყურის ჩხირები „მიუტანეს“. მოსახლეობა კვლავაც ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

„ჩვენი მერის გამოსვლებს რომ ვისმენთ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ არ ესმის ჩვენი პრობლემები. მოვიტანეთ ყურის ჩხირები, რათა უკეთესად გაიგოს ხალხის წუხილი და ვარამი“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მამუკა დარისპანაშვილი, რომელიც სხვებთან ერთად, უკვე მესამე წელია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე წამოწყებული მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის.

ნატა ცინცაძე „ანას ბაღზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00

„ანას ბაღი“ ვარკეთილის ზემო პლატოზე, მე-2 მიკრორაიონში მდებარეობს. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ამჯერად ბაღთან სამშენებლო სამუშაოები და აქციები ერთდროულად მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ათსართულიანი შენობის აგება „ანას ბაღს“კორპუსების ჩიხში მოაქცევს და ვარკეთილი კიდევ ერთ რეკრეაციულ ზონას დაკარგავს.

თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ და „სიტუაციის დრამატიზებას აზრი არა აქვს“.

მამუკა დარისპანაშვილი აქციებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

ბაღი, სადაც დღეს ხეები და საბავშვო ატრაქციონებია, თავდაპირველად სამი ადგილობრივის ბოსტანი იყო და ბოსტნეული მოჰყავდათ. დარგეს ხეებიც. გულო ციხელაშვილი ერთ-ერთი გახლდათ, ვინც ამ მიწის ნაკვეთს უვლიდა. მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილი ანა დაიღუპა, სამეზობლომ გადაწყვიტა, ბაღისთვის ანას სახელი ეწოდებინა.

გულო ციხელაშვილი „ანას ბაღის“ დაარსებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00

ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ. ჯერჯერობით დაუდგენელია რკინის კონსტრუქციით აგებული კარავი ქარმა წააქცია თუ ვინმემ მიზანმიმართულად დაშალა.

21 იანვარს, აქციასთან ერთად, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თბილისის მერიას წერილობით მიმართეს. ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

„ანას ბაღს აქვს პარკის სტატუსი. პარკის ცენტრალური შესასვლელი არის გადაკეტილი მშენებლობით. ეს შესასვლელი მერიის მიერ არის დადგენილი და მოსახლეობას არა აქვს უფლება, პარკში შევიდეს. უნდა შემოუარონ.მერიას უფლება არ ჰქონდა აქ მშენებლობის ნებართვა გაეცა“, - ამბობს იურისტი მუხრან ღურწკაია.

იმ შემთხვევაში თუ მერიამ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ადგილობრივები აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG