Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლია-განმუხურის მუსიკალური ფესტივალის სარგებელი და საფრთხე


ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა. ოთხდღიანი ფესტივალის განმავლობაში ზუგდიდის ჰოსპიტალს ძირითადად ინტოქსიკაციის ნიშნებით, საერთო ჯამში, 18-მა პაციენტმა მიმართა. აქედან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა, 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

ზუგდიდის ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას, განცხადებით, ფესტივალის ტერიტორიიდან წუხელაც იყო მომართვიანობა. მისი ინფორმაციით, 4 პაციენტი იყო შეყვანილი. აქედან სამი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, ერთი კი შუბლის არეში მსუბუქი ჭრილობით. ამ დროისთვის ყველა მათგანი გაწერილია.

„სულ, ფესტივალის დაწყებიდან დღეს დილამდე, საერთო ჯამში, შემოყვანილი იყო 18 პაციენტი. აქედან 8 არის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი არის 3 შემთხვევა. კვებითი ინტოქსიკაცია არის 2 შემთხვევა. პატარა ზედაპირული ტრავმების შემთხვევა არის 4 და ერთი გარდაცვალება“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

გვყავდა 150-ზე მეტი საერთაშორისო დონის არტისტი. საერთო ჯამში, ფესტივალმა ჩაიარა წარმატებულად. დაფიქსირდა 12 500-მდე ადამიანი.
ხატია გელოვანი

ამასთან, ტერიტორიაზე, სადაც ოთხდღიანი ფესტივალი ტარდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოსა და ირანის მოქალაქეები. ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას, ნაწილს კი შეძენა-შენახვასთან ერთად მის რეალიზაციასაც ედავებიან.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

„გვყავდა 150-ზე მეტი საერთაშორისო დონის არტისტი. საერთო ჯამში, ფესტივალმა ჩაიარა წარმატებულად. დაფიქსირდა 12 500-მდე ადამიანი“, - განაცხადა ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ხატია გელოვანმა.

საორგანიზაციო გუნდი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს მანამდე განცხადებით გამოეხმაურა. მათი თქმით, ისინი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ყველა შესაბამის უწყებასთან ითანამშრომლებენ.

მანამდე რაც ანაკლიაში ფესტივალები ტარდებოდა, მე არ ვყოფილვარ. წელს პირველად ვარ აქ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ანაკლია არის ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო კურორტი საქართველოში.

Echowaves-ს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები, მთლიანობაში, ღონისძიებით, მათ შორის სერვისითა და ფასებით, კმაყოფილნი დარჩნენ. აღნიშნეს, რომ კერძო სახლებსა თუ სასტუმროებში განთავსების ღირებულება თითქმის შარშანდელის მსგავსია. მაგალითად, კერძო სახლებში ფართის ქირა საშუალოდ 50 ლარიდან იწყებოდა და მომსახურების შესაბამისად იზრდებოდა. რაც შეეხება სასტუმროებს, აქ ოთახის ფასი საშუალოდ 150 ლარიდანაა:

„სასიამოვნო გარემო და სიტუაციაა. საკმაოდ დაბალი ფასები იყო და მაღალი ხარისხის მომსახურება“;

„მანამდე რაც ანაკლიაში ფესტივალები ტარდებოდა, მე არ ვყოფილვარ. წელს პირველად ვარ აქ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ანაკლია არის ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო კურორტი საქართველოში“, - თქვეს ფესტივალის სტუმრებმა.

დამსვენებლებმა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების შესახებაც ილაპარაკეს. მათი განმარტებით,სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლია საჭირო:

„ახალგაზრდებმა ხშირად არც იციან, რას ყიდულობენ და რას მოიხმარენ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონტროლდება, ადამიანი რას მოიხმარს ასეთ ფესტივალებზე. თუკი სახელმწიფო პოლიტიკას შეიცვლის ამ მიმართულებით, მგონია, რომ მსხვერპლი მომავალაში აღარ იქნება“, - თქვა ფესტივალის ერთ-ერთმა სტუმარმა, დემეტრე ევგენიძემ.

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26-ში დასრულდა. ღონისძიება სახელმწიფომ პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 4 მილიონი ლარით დააფინანსა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.

წინა წლებში იმავე ტიპის ფესტივალი GEM fest-ის სახელწოდებით ტარდებოდა, თუმცა ადმინისტრაციას 2017 წელს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ფინანსურად იზარალეს კერძო მეწარმეებმაც. ფესტივალში ჩართულ პირებს, კვების ობიექტების მეპატრონეებს თუ თანამშრომლებს, პრეტენზიები ჰქონდათ ადმინისტრაციასთან. 2017 წელსვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ფესტივალზე შესაძლო ფინანსური ხასიათის სამართალდარღვევაზე. გასულ წელსაც ღონისძიება სახელმწიფო პროექტ „Check in Georgia-ს" ფარგლებში მოეწყო და ამისათვის 1.9 მლნ გამოიყო.

XS
SM
MD
LG