ავტომობილების ე.წ. ტექდათვალიერების რეფორმის წარმატებას საფრთხეს უქმნის სავარაუდო კორუფციული ინტერესები, რაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, გადაწყვეტილებებს უკავშირდება, - მიიჩნევენ ამჟამად მოქმედი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა დაბრუნდეს „შევარდნაძის დრო“ და ტექდათვალიერების მთელი პროცესი ისევ ერთი კომპანიის (ისევ „ალდაგის“) ხელში აღმოჩნდეს. „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში“ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიის ხელოვნურ დამკვიდრებაზე ლაპარაკობენ და არაკონკურენტულ, ბარიერებით აღსავსე გარემოში ცენტრების ბიზნესის დაღუპვას პროგნოზირებენ. ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას არაერთი კითხვა უკავშირდება, მაგრამ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ითხოვენ.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 2018 წლის 8 იანვრით დათარიღებულმა ბრძანებამ განვითარების გზები მოუჭრა ცენტრებს, რომლებიც ე.წ. ტექდათვალიერების ბიზნესში არიან ჩართული, გაფართოება სურდათ ანდა ამ ბიზნესში ჩართვას გეგმავდნენ. გამკაცრდა მოთხოვნები და გაჩნდა ბევრისთვის დაუძლეველი ბარიერებიც, მაგალითად:
- აკრედიტაციის მისაღებად დაწესდა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოთხოვნა (თითოეული ხაზისთვის 100.000 ლარის ოდენობით);
- დაინტერესებულ პირებს მოეთხოვებათ ასევე წინადადება ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე (თითოეული ხაზისთვის სულ მცირე 50.000 ლარის ოდენობით). მინისტრის ბრძანებაში მითითებულია, რომ აღნიშნული წინადადება მოთავსებული უნდა იყოს „ცალკე კონვერტში“.
- ზღვარი გაივლო 2017 წლის 11 დეკემბერზე, ანუ აკრედიტაციის მიღების მსურველთა გარკვეული კატეგორიებისთვის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი მათ 2017 წლის 11 დეკემბრამდე გადახდილი აქვთ სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10 %.
როგორც „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თავადაც ინსპექტირების ცენტრის მფლობელმა, ვაჟა იორდანიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამგვარ ხელფეხშებოჭილ სიტუაციაში ე.წ. ტექდათვალიერების ცენტრებს კიდევ ერთი დიდი თავსატეხი გაუჩნდათ: ეკონომიკის სამინისტრომ ბაზარზე გზა გაუხსნა მონოპოლისტი კომპანიის დამკვიდრების პროცესს. ლაპარაკია „საქართველოს ბანკის“ შვილობილი სადაზღვევო კომპანიის, „ალდაგის“1, შვილობილ კომპანია „პრემიუმ რეზიდენსზე“, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2018 წლის აპრილში გამოცხადებულ შერჩევის პროცედურაში (ინტერესთა მოწვევა) გაიმარჯვა და ამის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოში, „გრინვეი საქართველოდ“ გადაკეთდა.
- „გრინვეი საქართველოს“ ტექდათვალიერების 51 ხაზით ოპერირებისა და 10-წლიანი საქმიანობის უფლება მიეცა, მაშინ როცა უკვე არსებულ ცენტრებს აკრედიტაციების მოქმედების მხოლოდ 4-წლიანი ვადა აქვთ მიცემული.
- ინტერესთა მოწვევის პირობების თანახმად, მონაწილე კომპანიას ოპერირების საერთაშორისო გამოცდილება მოეთხოვებოდა, რაც ავტომატურად გამორიცხავდა შერჩევის პროცესში ადგილობრივი ცენტრების მონაწილეობას.
- კომპანია „პრემიუმ რეზიდენსს“ საერთოდ არ ჰქონდა საერთაშორისო გამოცდილება ტექინსპექტირების სფეროში იმ დროისთვის, როდესაც ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შერჩევის პროცესში მონაწილეობდა.
აგვისტოში „გრინვეი საქართველოდ“ გადაკეთებული კომპანია „პრემიუმ რეზიდენსის“ საერთაშორისო გამოცდილებას არაერთი კითხვა უკავშირდება, თუმცა, როგორც 1 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „შპს „პრემიუმ რეზიდენსმა“, რომელიც ამჟამად ოპერირებს შპს „გრინვეის საქართველოს“ სახელით, აიღო ვალდებულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა განახორციელოს მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აღიარებული ესპანური კომპანიის „Applus Iteuve Technology, S.L.U“ ტექნიკური მომსახურების საშუალებით“.
„მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლამდე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული იყო 27 ინსპექტირების ცენტრი, რომლებიც ფლობდნენ 37 ინსპექტირების ხაზს, ხოლო, დღეის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტებულია 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებიც ფლობენ 89 აკრედიტებულ ინსპექტირების ხაზს. ეს ცალსახად მიუთითებს ბაზრის დივერსიფიცირებაზე და გამორიცხავს მონოპოლიის ხელშეწყობას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ წერილობით განცხადებაში. თუმცა, როგორც „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ადვოკატი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ აკრედიტაციის გაცემასა და გაფართოებაზე უარი უთხრა უკვე მოქმედ თუ ბიზნესის დაწყების მსურველ კომპანიებს და ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გასაჩივრება სასამართლოში უკვე დასრულდა კომპანიის (შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი“) მოგებით.
ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ერთი შეხედვით ამ ეტაპზე მონოპოლიის საფრთხე არ არსებობს და შერჩევის პროცესში გამარჯვებული „გრინვეი საქართველო“ (მანამდე „პრემიუმ რეზიდენსი“) ბაზარზე დაახლოებით 35 %-ს იკავებს, მაგრამ როდესაც არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენებულ სხვა კომპანიებს 4-წლიანი აკრედიტაციის ვადა ამოეწურებათ, გამარჯვებული კომპანიის 35 % შესაძლოა 100 %-ად იქცეს და მონოპოლიაც აშკარა იქნება.
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ მღელვარება დროში ემთხვევა ახალი ეტაპის დაწყებას ე. წ. ტექდათვალიერების რეფორმის პროცესში. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.