პროკურატურა სწრაფი ტემპებით ცდილობს დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნას, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მისი დანაშაულის შესახებ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი. ის ფიქრობს, რომ მელიას დააკავებენ.
ადვოკატი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად სუსისა და შს სამინისტროს თანამშრომლები არიან.
ადვოკატი კონდახიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მტკიცებულებების ნახევარზე მეტი მას შემდეგ შეაგროვა, რაც გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.
„ამ საქმის (მტკიცებულებების) თითქმის 80 პროცენტი შეგროვილია დღეს, 11:00 საათის შემდეგ...დადასტურდა, რომ პროკურატურა ფორსმაჟორში მუშაობს. ერთი ტომი გადმომცეს და ეს მასალები არანაირად არ ადასტურებს ნიკა მელიას როლს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში.
სულ რამდენიმე ადამიანის ჩვენებებია საქმეში და მათი 90 პროცენტი შს სამინისტროს თანამშრომელია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კონდახიშვილი.
მოწმეების მიკერძოებაში, ადვოკატთან ერთად, ეჭვი არც „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ეპარებათ.
რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოწმეები არიან:
- ალექსი ბუიშვილი - შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- სანდრო ბარამიშვილი - შს სამინისტროს თანამშრომელი;
- ირაკლი შაიშმელაშვილი - შს სამინისტროს თანამშრომელი;
- ნიკა დემეტრაშვილი - შს სამინისტროს თანამშრომელი (თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, უფროსი დეტექტივი);
- დავით ბარამიშვილი - სუსის თანამშრომელი;
- ნათია ბერიძე - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, კოკა ყანდიაშვილის მულტიმედია პორტალის - “ეს პერსონა”-ს თანამშრომელი;
ამასთან, ადვოკატ კონდახიშვილის თქმით, ალექსი ბუიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის დაკავებაშიც მონაწილეობდა.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა მოწმეთა დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეში მოწმეები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
თუმცა გულუაშვილმა 26 ივნისს პარლამენტში ასევე თქვა, რომ, ბუნებრივია, აქციაზე მყოფი პირებიდან გამოსაკითხად მოწვეულ ნაწილში სამართალდამცველებიც იყვნენ.
„ესენი არიან როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იქ წესრიგს იცავდნენ, ასევე, იმ პირების ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა მიტინგის დროს უშუალოდ პარლამენტის წინ“ - განაცხადა გულუაშვილმა.
გულუაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ როცა მასალები ადვოკატს გადაეცემა, მტკიცებულებების სრულად გაცნობის შესაძლებლობა იქნება.
„მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა ნებისმერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეომტკიცებულებები,“ - აღნიშნა პროკურორმა.
ადვოკატი კონდახიშვილი კი, რომელმაც მასალები გადაეცა, ამბობს:
- საქმეში არ დევს იმაზე მეტი ინფორმაცია, რასაც შეიცავდა 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები;
- არსებობს მხოლოდ მოწმის სიტყვიერი ჩვენება იმის შესახებ, რომ მელია აქციაზე მიკროფონში მშვიდობიანად ლაპარაკობდა, ხოლო მიკროფონს მიღმა ძალადობრივ განცხადებებს აკეთებდა.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი უკვე წაუყენა 225-ე 1 და მე-2 ნაწილების შესაბამისად. გამოძიება მას 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ემუქრება პატიმრობა 6-დან 9-წლამდე ვადით.
გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი 26 ივნისის სხდომაზე შეუჩერა.
ახლა უკვე პროკურატურას ხელს აღარაფერი უშლის, რომ მიმართოს სასამართლოს დეპუტატ მელიას დაკავების მიზნით. 26 ივნისს, საღამოს გამართული კენჭისყრის საშუალებით გენერალურ პროკურატურას თანხმობა მისცა 91-მა დეპუტატმა.
„სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ მას დააკავებენ... ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არავითარი შემხებლობა არა აქვს სამართალთან... ეს არის ოპოზიციის დასჯისა და განეიტრალების პოლიტიკური პროცესი“, - ეუბნება ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი რადიო თავისუფლებას.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისი დაკავების საკითხი უნდა გადაწყდეს, 27 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში მოპოვებული თანხმობით პროკურატურა სასამართლოს ხუთშაბათს დღის პირველ ნახევარში მიმართავს.