Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები: „გამოძიება არასწორად მიდის“


ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატები პროკურატურას საქმის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დაცვის მხარეს ამ დრომდე არ მიუღია საკმარისი მტკიცებულებები. ისინი პროცესში არც აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის ფაქტს ადასტურებენ.

ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს.
მალხაზ კობაურის ადვოკატები

31 ივლისს, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა განაცხადეს, რომ პროკურატურა საქმეს „შეგნებულად არასწორად უდგება“.

„რატომ არ არიან ამ დრომდე გამოკითხული სხვა მწყემსები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ? რატომ არ არის გამოკვლეული ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე?" - კითხულობს ალექსანდრე კობაიძე. მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ კობაურმა მოკლული ბავშვის ადგილსამყოფელი იცოდა, არ ადასტურებს იმას, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

ალექსანდრე კობაიძის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

კობაურის ადვოკატები გეგმავენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და უარყოფენ ბექაურის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტს. მათივე სიტყვებით, დანაშაულში ორზე მეტი უცნობი პირის მონაწილეობა იკვეთება, რასაც პროკურატურა ასევე იგნორით პასუხობს.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის კიდევ ერთი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი კი შენიშნავს, რომ „გამოძიების არასწორი მიმართულებით წასვლამ შეიძლება არასწორი შედეგი მოგვცეს. დარღვეულია მთელი რიგი პროცესუალური საკითხები. გამოძიება არ მუშაობს სხვა ვერსიაზე“.

ვასილ მამულაშვილის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:30 0:00

​ადვოკატების განცხადებით, თუ გამოძიებაში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდა, აშკარა გახდება, რომ „ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს“. ისინი კობაურის დაცვას ბოლომდე აპირებენ და აცხადებენ, რომ თავდაცვის უფლება ყველა ადამიანის უფლებაა.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს.

მკვლელობის ბრალდებით 9 ივლისს დააკავეს 20 წლის მწყემსი მალხაზ კობაური.

მის მიმართ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თუმცა მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემები გახდა ცნობილი, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG