ქალაქ ზუგდიდის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განვითარების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნება. საპროექტო წინადადება საკრებულოს წევრებს უკვე წარედგინათ. ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანიას განცხადებით, საქართველოში, მთლიანად, და ჩვენს რეგიონშიც სივრცითი ტერიტორიული მოწყობა უსისტემოდ მიმდინარეობს.
„მშენებლობის რეგულირება და მასზე ზედამხედველობა საერთოდ ამოვარდნილია სივრცით-ტერიტორიული მოწყობის კონტექსტიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის პრაქტიკულად გადაულახავ დაბრკოლებებს ბიუჯეტის დაგეგმვის, შემოსავლების სწორ განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა ლაშა ფარცვანიამ. მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნება, თუ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ურბანისტებით, არქიტექტორებით, ეკოლოგებით, ხელოვნებათმცოდნეებით, ეკონომისტებით, ინჟინრებით დაკომპლექტებული. ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოოდ განისაზღვრება, თუ სად იქნება ინდუსტრიული და სავაჭრო ზონა, ასევე სატრანსპორტო კვანძი.
„დაფინანსება მოხდება როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისე ადგილობრივიდან. ბიუჯეტი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნება შედგენილი. ჩვენი გათვლებით, ეს დაჯდება 5-6 მილიონის ფარგლებში. პროექტი მოიცავს ასევე არქიტექტურის სამსახურის კადრების გადამზადებასაც, რომლებიც მომავალში იმუშავებენ ავტომატიზებულ სისტემებზე“, - განაცხადა ლაშა ფარცვანიამ.
საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა ეს სიახლეა მისთვის:
„ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგან ეს აუცილებელია განვითარებისთვის“.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ მოუწოდა დეპუტატებს, შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებს, მომდევნო სხდომისთვის წარმოადგინონ წინადადებები, საკუთარი ხედვა სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით:
„არ დასრულდება ეს პროცესი არც ერთ კვირაში, არც ერთ თვეში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მუდმივ სრულყოფას საჭიროებს, თუმცა პირველადი სამუშაოს დაწყებისთვის ჩვენ ყველა საფუძველი და შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომ ვიფიქროთ პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უკვე პრაქტიკულ ასპექტში დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“.
მერაბ ქვარაიას თქმით, სამუშაოები ამ მიმართულებით შესრულებულია 2010 წელს და მისი გარკვეული ნაწილი შეიძლება საბაზისოდ გამოადგეთ. სამუშაო ჯგუფი, საპროექტო წინადადების ავტორთა ვარაუდით, მუშაობას ახალ წლამდე შეუდგება.