Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. მისი დათვალიერებისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაღის შიდა ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია. სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია, დამშრალია ბაღის შუაგულში განთავსებული ტბა. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, პარკის გადარჩენისთვის არსებითი ხასიათის სამუშაოები არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დროდადრო მოწყობილ დასუფთავების აქციებს. როგორც ქალაქის ხელმძღვანელები ირწმუნებიან, ამჯერად ბოტანიკურ ბაღში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება.

ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ბაღში პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად 80 ათასი ლარი გამოიყო:

„ეს არის საპროექტო ღირებულება, რომ დადგინდეს რა სჭირდება ბოტანიკურ ბაღს. წლის ბოლომდე აღვადგენთ ხელოვნურ ტბას და იქნება წყალი. ამას ძალიან მონატრებული არიან ზუგდიდელები. ვაპირებთ... არ მინდა შაბათობა დავარქვა, მაგრამ მობილიზებული იქნება მერიის და ასევე გამგეობის სამსახურები, რომ გაიწმინდოს ბოტანიკური ბაღი. 2015 წლიდან კი სრული რეაბილიტაცია დაიწყება“.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იქნება თანხები ბაღში სხვადასხვა სამუშაოებისთვის. მისივე თქმით, ბაღს უნდა აღუდგეს სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც:

„ეს არის კავკასიაში უნიკალური მცენარეებით განაშენიანებული ადგილი, სადაც ადრე იყო და უახლოეს პერიოდში, ალბათ, უნდა აღდგეს მისი სამეცნიერო-კვლევითი ფუნქცია. შესაბამისად, ქალაქის მერია და ქალაქის საკრებულო დიდ ყურადღებას უთმობს ბაღის რეაბილიტაცია-აღდგენის საკითხს. ამაში აქტიურად გვეხმარება ცენტრალური ხელისუფლება. ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში აისახოს ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობის სამუშაოები და ამისთვის შესაბამისი რესურსები იქნეს მონახული“.

ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ აქვთ კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მერიის მხრიდან მხარდაჭერის პირობა აქვთ:

„ჩვენ პროექტის ფარგლებში სანერგის აღდგენას ვგეგმავთ, სადაც გადაშენების პირას მყოფი 30 სახეობის მცენარის გადარჩენა მოხდება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ არა მარტო სანერგის აღდგენა, არამედ გარკვეული პერიოდით მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობა მოვახდინოთ. ასევე მოხდეს ბაღის პასპორტიზაცია“, - განაცხადა „მერკურის“ ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ. მისივე თქმით, პროექტი ჯდება 50 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდი გამოყოფს.

XS
SM
MD
LG