Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქალაქ ზუგდიდისა და თემის გაერთიანების მხარდაჭერა პროტესტისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა


საპროტესტო აქცია გუბერნიის შენობასთან ზუგდიდში
საპროტესტო აქცია გუბერნიის შენობასთან ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეთა ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მოიწონეს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქისა და თემის კვლავ გაერთიანების შესახებ.

თემის საკრებულოში საკითხს მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ევროპული საქართველოდან“ ორმა წარმომადგენელმა და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.

რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, აქ სამთავრობო კომისიის დოკუმენტი 12-მა დეპუტატმა მოიწონა სამის წინააღმდეგ. სამიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი კი „ევროპული საქართველოს“ წევრია.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ცენტრალიზაციას, რაც ავტომატურად აისახება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელ იაგო ფასანძის განცხადებით, საკრებულომ წინადადება მოიწონა მოქალაქეების მონაწილეობის, ჩართულობის, განხილვების გარეშე.

„ის, რაც ხდება თვითმმართველობებში, ეს არის დირექტივა ბატონი კობახიძის და მთავრობის. არ უნდა ასრულებდეს თვითმმართველობა პარტიულ დირექტივებს, კობახიძის და სხვა იმ პირების, მათ შორის, ბატონი ბიძინას დირექტივებს“, - აღნიშნა იაგო ფასანძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს, რომ მუნიციპალიტეტების კვლავ გამსხვილება შეამცირებს თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობას და ხელს შეუშლის დეცენტრალიზაციის პროცესს, არ იზიარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა. მისი სიტყვებით, სამთავრობო კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, რეალურად იზრდება თვითმმართველობების უფლებამოსილებები და იზოგება თანხები. ის არც იმ შენიშვნას იზიარებს, რომ თვითმმართველობამ გადაწყვეტილება მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო:

„მე ვარ თემის საკრებულოს თავმჯდომარე და მე თვითონ ვიყავი რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის 80 %-მა გამოხატა თანადგომა ამ წინადადების მიმართ“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისი სიტყვების დასადასტურებლად მოითხოვეს მოსახლეობასთან გამართული საჯარო შეხვედრების ოქმი, რომელიც სხდომაზე არავის წარმოუდგენია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ნაწილის საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„სამი დღის წინ თავს ამით იწონებდნენ და ახლა რაღაც აფსურდი მიზეზი მოჰყავთ, თითქოს ამან გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა. მაშინ ამას თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვვნენ და ანალიზი თავიდანვე დაედოთ“;

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოწერა, რომ ამ მოდელმა არ გაამართლაო, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიბად უთხრა, თქვენ ვერ გამოდექით ამ საქმისთვისო“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „თვითმმართველობა ხალხს“, „მთავრობა, ცეცხლს ნუ ეთამაშები“, „ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს“ და „დაიცავი შენი ქალაქი“. ამ გზავნილებს ხელი არ შეუშლია ქალაქის საკრებულოს უმრავლეობისთვის საკითხი მოეწონებინა. აქ ეს პროცესი უფრო მეტად დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე თემის საკრებულოში. სხდომა დაპირისპირებით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ისე, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცემია.

„თავმჯდომარე ორჯერ გაიქცა საკრებულოს სხდომიდან. შემდეგ ის თანამდებობის პირებმა შეიყვანეს კაბინეტში. გამოვიდა და ისე, რომ საკრებულოში არავის მისცა უფლება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, ჩაატარა ვითომ კენჭისყრა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიას სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. განმარტებები მისმა მოადგილლემ გააკეთა. თაზო ფაცაციას თქმით, სხდომიდან საკრებულოს თავმჯდომარის ორჯერ გასვლა გამოიწვია დარბაზში ხმაურმა, რადგან მოქალაქეები თავად უშლიდნენ ხელს საუბარში ერთმანეთს.

„ვერ გაიგო ხალხმა, ისეთი ჩოჩქოლი იყო და საკრებულოს რეგლამენტი იქნა გამოყენებული, გამოვაცხადეთ შესვენება, რის შემდეგაც შემოვედით დარბაზში, თუმცა გრძელდებოდა იგივე ტემპი. შესაბამისად, დავაყენეთ საკითხი და ის იქნა მიღებული“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც მოიწონეს ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება, პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG