ზუგდიდის გამგეობაში რეორგანიზაცია გრძელდება. ატესტაციის შედეგად თანამდებობიდან უკვე გათავისუფლდა 28 საჯარო მოსამსახურე, მათ შორის 11 გამგებლის წარმომადგენელი ზუგდიდის სოფლებში და გამგეობის ააიპ-ების თანამშრომლები.
სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად დათხოვნილების დიდი ნაწილი გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და სასამართლოს გზით ცდილობს ამის დამტკიცებას. მათ ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავენ.
გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ კომისიის დასკვნა ხელოვნურად შექმნილი მიზეზია, რეალურად კი ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ასე ფიქრობს გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ აბასთუმანში, ვახტანგ კუტალიაც:
„როდესაც რესპუბლიკური პარტია იყო კოალიციაში შემავალი, მე მაშინ ვიყავი მისი წევრი. ზონის კოორდინატორი ვიყავი, შვილი დაცვის სამსახურში მუშაობდა. მე ასე ვთვლი, რომ რეალურად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მე ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი“.
„ჩვენ ბაღში ვმუშაობთ და ბაღის თანამშრომლები ვართ. ოპტიმიზაცია სულ სხვა რამეს ნიშნავს. ბაღის გამგეს რომ ათავისუფლებენ და ცვლიან სულ სხვა კადრით, ვერ გავიგე, აქ რა ოპტიმიზაციაზეა საუბარი. მე პირადად დამთმობი არ ვარ“,- განუცხადა ჟურნალისტებს სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის ყოფილმა გამგემ, ია ნაჭყებიამ.
ზუგდიდის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტესტირებას ატარებდა სპეციალური კომისია და მან დადო დასკვნა 28 თანამშრომელზე, რომ ისინი არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას. ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებსა და ბრალდებებს არ იზიარებს გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია:
„გაანალიზებულ იქნა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა და, ასევე, დატვირთულობა მთელი მათი დასაქმების პერიოდში. ამ ანალიზის შედეგად მივედით ამ დასკვნამდე და, სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ადამიანების გაშვებამ“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა.