Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში - არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის შეფასება


ზუგდიდი
ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდსა და თემში 8 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმართება გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის არჩევნებისთვის 18, გამგებლობის 4 და საკრებულოს წევრობის 6 კანდიდატია რეგისტრირებული. ისინი, მხარდამჭერებთან შეხვედრების პარალელურად, აქტიურად მონაწილეობენ დებატებში.

პარალელურად წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ, მთლიანობაში, წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და, წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლები ლაპარაკობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც ამ დროისთვის დაფიქსირდა.

„იყო უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა. ხშირია, ასევე, შემთხვევები, როცა პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს სააგიტაციო მასალის განადგურებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ინციდენტი იყო ჯიხაშკარში, თუმცა, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დამთავრდა ეს ინციდენტიც. შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად არის მშვიდი საარჩევნო გარემო“, - განაცხადა „საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა.

მისი სიტყვებით, საგულისხმოა, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ზუგდიდშიც ამოქმედებული სატელეფონო შეტყობინების სერვისი განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ ამავე პერიოდში გაზეთის გამოცემა, სადაც, ანალოგიურად, წარმატებული პროექტების შესახებ არის საუბარი. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა.

წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საიას ანგარიშში მოხვდა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტები. როგორც საიას ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ჯემალ ჭკადუა აცხადებს, ერთ შემთხვევაში საუბარია ზუგდიდში გამგებლის წარმომადგენლის ცემის ფაქტზე და მეორე შემთხვევაში - მარტვილის საოლქო საარჩევნო კომომისიის წევრის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ჯემალ ჭკადუას სიტყვებით, რა თქმა უნდა, როცა საუბარია დანაშაულზე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საამისოდ არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები. მისივე განმარტებით, საია აგრძელებს მონიტორინგს ორივე საქმესთან დაკავშირებით.

ამასთან, ჯემალ ჭკადუას ინფორმაციით, ამ დროისთვის რიცხობრივად ყველაზე მეტი დარღვევა საარჩევნო სააგიტაციო მასალის დახევას ან დაზიანებას შეეხება:

„პირველ რიგში, ყველაზე თვალსაჩინო საარჩევნო პერიოდში რაც ზუგდიდში ნებისმიერი მოქალაქისთვის შეიძლება იყოს, არის პლაკატების ჩამოხევა. საუბარია, ფაქტიურად, ყველა პოლიტიკური სუბიექტის პლაკატის ჩამოხევაზე. ჩვენ მივმართეთ ქალაქ ზუგდიდის მერიას, დაიწყოს ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება და შეგვატყობინოს წერილობითი პასუხი“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

მისივე თქმით, საიასთვის სხვადასხვა წყაროებიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.

წინა წლებთან შედარებით, საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის დახვეწაზე ლაპარაკობს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია. მას საამისოდ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:

„ჩვენს ცენტრში 5-7 შეხვედრა ყოველკვირეულად ტარდება, ჩვენ მუდმივად გვიწევს პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების მოწვევა და ვგრძნობთ, რომ ისინი ჩვენს მოწვევას ძალიან მოწიწებით იღებენ, იგრძნობა მათი ანგარიშვალდებულება. აქტიურია სამოქალაქო სექტორიც. სამოქალაქო სექტორმა შეხვედრებზე დასვა ის შეკითხვები, რომლებიც მან წინასწარ, საზოგადოებასთან დიალოგის გზით მოისმინა და მოამზადა“, - განაცხადა ეკა მინჯორაიამ.

ამასთან, როგორც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი აცხადებს, უკვე მეორე თვეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს საარჩევნო მედიაცენტრი, სადაც ყველა კანდიდატს თუ პოლიტიკურ სუბიქტეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და შეხვდეს ამომრჩევლებს.

XS
SM
MD
LG