Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ოთხოზორიასადმი მიძღვნილი დამოუკიდებლობის დღე


სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს. დადიანების კარის ეკლესიაში, სადაც მისი ცხედარი იყო დასვენებული, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდი. გიგა ოთხოზორიას მშობლებთან, ცოლსა და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ზუგდიდელებიც დაემშვიდობნენ. ტაძარში დილიდან ყვავილებით და სანთლებით მოდიოდნენ რიგითი მოქალაქეები, გარდაცვლილის მეგობრები, ნათესავები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ ის, რაც მოხდა, შემზარავი ფაქტია და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, უკვე მიმართეს ინტერპოლს, რათა მკვლელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს:

„შესაბამისად, ჩვენ იმედი გავქვს, რომ მკვლელი უკვე წითელი ცირკულარით ძებინილი იქნება“.

შოთაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მკვლელი დაკავებულია. თქვა, პროკურატურა მსგავს ცნობას არ ფლობსო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა კი განაცხადა, ჩემიინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული - „როგორც ჩვენ ვიცით, იგი სოხუმშია, სახლშიო”.

მამუკა ცოტნიაშვილის სიტყვებით, სამინისტრო მუშაობს, რომ „ოჯახს ნორმალური პირობები შეუქმნას, რათა დაეხმარონ უდიდესი ტრაგედიის გადატანაში“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართონ. რაც შეეხება კითხვებს, დააკავეს თუ არა მკვლელი ან მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება, მინისტრი განმარტავს:

„გალში შედგება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში პირველი შეხვედრა … ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების განხილვა მოხდება იქ“.

ზუგდიდი დღეს საქართველოში იყო ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ სიმბოლურად და არა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. ყველა ღონისძიება, რომელიც ქალაქის მასშტაბით გაიმართა, გიგა ოთხოზორიას მიეძღვნა.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ, საქართველოს დროშებით ხელში, მშვიდობიანი მარშით მსვლელობა მოაწყვეს და, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტთან ერთად, მშვიდობის შეტყობინება გაუგზავნეს აფხაზებს. მანამდე მარშის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ:

„ჰათრ ზქუუ საშცეი, საჰიუშცეი აფსუა („დებო და ძმებო აფხაზებო“...), ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მე კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მინდა მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს. გიგა ოთხოზორია დღეიდან იქნება ჩვენი და აფხაზების ერთიანი ტკივილი“.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლებისა და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. სოხუმი კი იუწყება, გიგა ოთხოზორიას საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვიაო. მკვლელობაში ბრალდებულია დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლი, რომელზეც საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG