Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ მკვლელობას საპროტესტო აქციებით პასუხობენ


აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გიგა ოთხოზორიას ხსოვნას
აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გიგა ოთხოზორიას ხსოვნას

ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა ცენტრალური ბულვარის პერიმეტრზე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელთ ეჭირათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „ჩვენ მშვიდობა გვინდა“,„არა ოკუპაციას“, „მკვლელი დაისაჯოს“.

აქციის მონაწილეებმა სანთლების ანთებით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას. მათი განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.

„მე არ მინდა აფხაზი ხალხის გაიგივება იმ ბოროტ ვიღაცასთან. აფხაზები - აი, როგორ გითხრათ - ამ მძიმე მომენტშიც ჩემი ნათესავები არიან და მე არ მეგულება მათში მსგავსი ვიღაც“, - განაცხადა აფხაზეთის #1 საჯაროს სკოლის პედაგოგმა, ოთარ ბჟანიამ.

მსვლელობას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე და „სამეგრელოს განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ეს პირველი საპროტესტო აქცია არ არის, ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამო გამართული. გასულ კვირაში აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელთან მოაწყვეს.

„ეს არის თითოეული ადამიანის პირადი ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ, საქართველომ, ეს უკვე გამოვიარეთ. ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს, როცა შვილებს ვუშვებთ და ისინი შინ არ ბრუნდებიან. ჩვენ მოვედით, რომ დავაფიქსიროთ მოქალაქეობრივი აზრი, იმიტომ რომ ეს ფაქტი ჩვენში ტოვებს უსუსურობის განცდას, შეგრძნებას იმისას, რომ ჩვენ არ ვართ დაცული. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ დაცული იყოს ყველა საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აქციის მონაწილე ციცინო შენგელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას მოგვიანებით ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. ისინი მკვლელობის ადგილზე მივიდნენ ტრანსპარანტებით: „რუსეთი კლავს“, „არა ოკუპაციას“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ „არა ოკუპაციას“. ვამბობთ ხმამაღლა, რომ „რუსეთი კლავს“. მოვუწოდებთ ყველას, ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს, გაწყვიტონ ყველანაირი დიალოგი მანამ, სანამ არ დადგება იმ ადამიანის პასუხისმგებლობა“, - ამბობს „ტიესპრესის“ ჟურნალისტი ემზარ კვარაცხელია.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცოლ-შვილსა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მკვლელობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟე რაშიდ კანჯიოღლია ბრალდებული. მასზე საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული.

გარდაცვლილის ახლობლების და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა ხურჩაში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 21 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, გიგა ოთხოზორიას საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვიაო.

XS
SM
MD
LG