Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდელების დიდ ნაწილს საკუთარი ჭის წყლის ხარისხზე ინფორმაცია არ აქვს


ზუგდიდელების დიდი ნაწილი სასმელად საკუთარ ეზოებში გათხრილი ჭის წყალს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ხშირ შემთხვევაში ლაბორატორიულად შეუმოწმებელია, მოქალაქეებს მის ხარისხში ეჭვი არ ეპარებათ. რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობამ არ იცის, როგორ წყალს მოიხმარს ყოველდღიურად. მათ არ იციან ასევე, არის თუ არა ზუგდიდში კვლევითი ლაბორატორია, სადაც წყლის შემოწმებას შეძლებდნენ:

„არ შემიმოწმებია, მაგრამ წყალი, მგონი, საკმაოდ სუფთაა. ეს ჩვენი დაკვირვებით გვგონია ასე. არ იქნება ურიგო, რომ აქ ლაბორატორია იყოს. ასეთ შემთხვევაში მეც მივიტანდი წყალს“, - ამბობს ლუიზა სალია.

„ისე, არ შეგვიმოწმებია, მაგრამ მიფიქრია, რომ წყალი არის უვარგისი. თან ჩვენ პატარა ბავშვი გვყავს და...“, - გვითხრა მარინა სართანიამ.

„ჩვენ რომ გვაქვს, ის ჭა სუფთაა. რა ვიცი, აბა, დასაბამიდან ასეა ეს. დიდი ხნის გათხრილი გვაქვს ჭა და, მე მგონი, სუფთაა“, - ასე ფიქრობს ქალაქში მცხოვრები გურამ კილასონია.

ზუგდიდელებს ჭის გაწმენდის საკუთარი მეთოდიც აქვთ. როგორც ქალაქში მცხოვრები ნანი სახოკია აცხადებს, თუ წყალს სპეციფიკური გემო და ნალექი გაუჩნდა, ჭიდან სრულად ამოტუმბავენ, შემდეგ დაცლილ ჭაში მარილს ან თეთრ შაბიამანს ჩაყრიან. ნანი სახოკია ამბობს, რომ ეს კარგად აპრობირებული და ეფექტური მეთოდია:

„ყოველ წელიწადს ვრეცხავთ ასე. წყალს ჯერ მატორით ამოვქაჩავთ და მერე ვყრით მარილს ან შაბიამანს. ამის შემდეგ წყალი სუფთაა“.

რესპონდენტების საპასუხოდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალურ ფილიალში აცხადებენ, რომ წყლის ხარისხის დადგენა ზუგდიდში, მათ ოფისშია შესაძლებელი. როგორც ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა ნინო აბულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ზუგდიდში წყლის ბაქტერიოლოგიური, ხოლო ფოთში უფრო მასშტაბური გამოკვლევა ტარდება. მაგალითად, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, ფოთში ხდება ყოველთვე 20 ათას მოსახლეზე გათვლილი სასმელი წყლის ხარისხის გადამოწმება. ნინო აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ გაერთიანებული წყალმომარაგების ზუგდიდის სერვისცენტრს:

„ვისაც ეჭვი აქვს თავის წყალზე, მას გემო ან ფერი შეეცვლება, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს, მაგრამ თავისი ჭურჭლით არა - იმიტომ რომ, ბაქტეოროლოგიური ანალიზი გასტერილებული ჭურჭლით უნდა იყოს აღებული. ქიმიური სულ სხვანაირია. თვითონ ჩვენი ლაბორანტი ან ოპერატორი, ან თანამშრომელი მივა და ის წამოიღებს“.

გაერთიანებული წყალმომარაგების რეგიონალური ფილიალის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი მოსახლეობას არ ურჩევს ჭის თვითნებურად გასუფთავებას. ნინო აბულაძის მტკიცებით, წყლის მარილითა და შაბიამნით დასუფთავების გავრცელებული მეთოდი უშედეგოა:

„პირდაპირ მარილს თუ ჩაყრით, ეს არაფერი არ არის. ამისთვის არსებობს სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგია. ჩვენ ყველას ვეხმარებით, ვაძლევთ სადეზინფექციო ხსნარს, ვუხსნით, როგორ მოიქცნენ. ჩვენ თვითონაც ვეხმარებით და ჩვენ თვითონაც ვუწმინდავთ ზოგ შემთხვევაში. შემდეგ კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, ვაკეთებთ ანალიზს, რამდენად გასუფთავდა“.

ნინო აბულაძის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა წყალი თავად მოსახლეობის დაუდევრობით ბინძურდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი აცხადებს, რომ მოქალაქეები ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ წყლის ხარისხს და ასევე ვისწავლოთ მისი ზომიერი მოხმარება.

XS
SM
MD
LG