Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების განხილვა ზუგდიდში


სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამმართველოში დაგეგმილ რეორგანიზაციასა და რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელის თემურ გერგაიას განცხადებით, სამმართველოში ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან სატყეო დეპარტამენტის გამოყოფის საკითხს განიხილავს. შედეგად, შესაძლოა მის სამსახურს განესაზღვროს მორების ჭრის, გასხვლისა და სახერხ საამქროებში რეალიზაციის უფლება. სამაგიეროდ, არ ექნება ხე-ტყის კონტროლის ფუნქცია.

თემურ გერგაიას ცნობით, უკანონოდ ხეების ჭრის შემთხვევების გამო სამეგრელოს მასშტაბით იანვარში 81 ოქმი დაიწერა - მათ შორის, ზუგდიდის სოფელ ურთის ტყეში ხეების გაჩეხის ფაქტებზეც. სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ხეების უკანონო გაჩეხის შესწავლის მიზნით, სამმართველოს მობილური ჯგუფი მეორე დღეა ურთის ტყეში მუშაობს.

„აქ ხეები განსაკუთრებით პირველი სექტემბრის შემდეგ გაიჩეხა.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 96-ე ბრძანება დროებით იქნა ამოღებული. საშიშროების წინაშე ვდგავართ და ამიტომაც მობილური ჯგუფია იქ გაგზავნილი. თუ რეალური საშიშროებაა, ჩვენ დავაყენებთ საკითხს ტყის დახურვის შესახებ“, - განაცხადა თემურ გერგაიამ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ზუგდიდის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის კოორდინატორმა ვახტანგ ბასილაიამ ჩხოროწყუში, ტოგოს მთაზე, ტყის მასობრივად დაავადების შესახებ ისაუბრა. ბასიალაიას განცხადებით, ნაწილობრივ, მაგრამ მსგავსი ვითარებაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც:

„მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ასი პროცენტიდან ასივე ხე არის დაავადებული რაღაც დაავადებით. არავინ არ არის საქართველოში, რომ მიხედოს ამ საქმეს. მთლიანად არა, მაგრამ მსგავსი პრობლემაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც“.

ხეების დასნებოვნების მიზეზებზე საუბრისას თემურ გერგაიამ განმარტა, რომ საქართველოს ტყეებში არ ხდება ხეების შხამქიმიკატებით მკურნალობა და საჭირო მატერიალური რესურსების გამოყოფა:

„მეც და სამმართველოს წარმომადგენლებმაც ვიცით, რომ ტყე არის დაზიანებული და მძიმე მდგომარეობაში, რომ საჭიროებს მოვლას, მაგრამ დღეს რაიმე პრაქტიკული განხორციელების საშუალება არ გვაქვს. ეს რეფორმები ამას ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებს. ჩემი ინფორმაციით, ცვლილებები 1 აპრილიდან დაიწყება“, - გვითხრა თემურ გერგაიამ.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი დათუნაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით ხე-ტყის ინვენტარიზაცია, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დაავადებული მცენარეების შესწავლას და ეფექტური საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას. მისი ინფორმაციით, საქართველოში ტყეების ინვენტარიზაცია ბოლოს 23 წლის წინ ჩატარდა.

სიახლეების პარალელურად „გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ“, რომლის ორგანიზებითაც მოეწყო შეხვედრა, კანონმდებლობაში ასამოქმედებელი ცვლილებები და პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ სტრატეგიაც განიხილა.

პროექტის წარმომადგენლის, მაია კოდუას თქმით, ერთ-ერთი ძირეული მიმართულება სოციოლოგიური კვლევის განხორციელებას გულისხმობს საქართველოს 7 და, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. პროცესში გამგებლები და სოფლის რწმუნებულები მიიღებენ მონაწილეობას. განისაზღვრება სატყეო სექტორში შექმნილი ვითარება და გამოკვეთილი პრობლემების ეფექტური, მყისიერი გადაწყვეტის გზები. მაია კოდუამ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა.
XS
SM
MD
LG