Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალ წელს მოქალაქეთა სურვილი მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანებაა


ზუგდიდი
ზუგდიდი
ახალი წელი, საცივის, გოზინაყისა და ქეიფის გარდა, ახალ სურვილებსა და მოლოდინებთან ასოცირდება. ყველა ოჯახში შეძლებისდაგვარად გაშლილ საახალწლო სუფრებზე ჩვეულებრივზე მეტად ისმის ისეთი სადღეგრძელოები, რომლებიც ყველა ცუდი მოვლენის ძველი წლისთვის გაყოლებას და ახალი წლის ახალი იმედებით დაწყებას გვისურვებს.

იმის გასარკვევად, თუ რის მოლოდინი აქვთ ზუგდიდელებს ახალ, 2013 წელს, ქალაქში ყველაზე ხალხმრავალ ადგილს მივაშურე. ზუგდიდის ბულვარი საგანგებოდ არის მორთული და განათებული. მოქალაქეები მიკროფონის დანახვაზე პოლიტიკური კითხვის მოლოდინში არიან და ნაწილი თავს მარიდებს. კითხვა, რას ელით ახალი წლისგან, მათში ცოტა გაკვირვებას და ღიმილს იწვევს.

თითქმის ყველა რესპონდენტი პირველ უმთავრეს სურვილად მშვიდობას და ქვეყნის მთლიანობის აღდგენას ასახელებს.

„რაც უთანხმოებები არის, ეს ყველაფერი დალაგებულიყოს და ქვეყანა გაბრწყინებულიყოს“.

„მშვიდობას და კარგ ცხოვრებას ვისურვებ“.

„ცხოვრების დონის ამაღლებას ვისურვებ“.

„ოჯახში ბარაქა და ხვავი რომ გვქონდეს, პურის მათხოვარი რომ არ ვიყოთ, ეს არის გლეხის სურვილი“.

„მე აბიტურიენტი ვარ და მინდა სასურველ უნივერსიტეტში მოვეწყო“.

„პირველ რიგში, მშვიდობას, ჯანმრთელობას და მერე ბევრ ფულს ვისურვებ“.

„ჩემი სურვილია, საზღვარგარეთ მყოფი შვილი დაბრუნდეს. ის მაშინ დაბრუნდება, როცა საქართველო იქნება კარგი. ჩვენთან ფინანსურად კი არა, მენტალურად ჭირს ცხოვრება და ამიტომ არ ბრუნდება“
, – მითხრეს რესპონდენტებმა.

გვერდით სავარძელში შუახნის მამაკაცები სხედან და პოლიტიკურ საკითხებზე დაობენ. ძველი და ახალი ხელისუფლების შედარებითი დახასიათება მიმდინარეობს. ჩემი გამოჩენა მყუდროებას არღვევს. აპოლიტიკურ კითხვაზე პოლიტიკურ პასუხებს ვიღებ:

„ერთხელისუფლებიანობა იყოს და არა ორი. მომავალი რომ კარგი იყოს, ეს არის ჩვენი სურვილი“.

„მოლოდინი უფრო მეტია, ვიდრე რეალობა. ამიტომ მოლოდინი ის მაქვს, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება, ვიდრე იყო აქამდე. ხალხმა მინდა, რომ თავისუფლება იგრძნოს არა მარტო კონსტიტუციაში, ფურცელზე, არამედ რეალურად. თავისუფლება კი ის არის, როცა ჯიბეში ფული გიჭყავის“.

„მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ისეთი გეზი აიღო ამ მთავრობამ. ეს სურვილი მაქვს, რომ რაც გავაკეთეთ და რაც მონაპოვარი გვაქვს, ისევ არ შევიდეს იმ წიხლის და იმ ჩექმის ქვეშ, საიდანაც, მე მგონი, რომ გამოვძვერით“
, – მითხრეს რესპონდენტებმა.

მოქალაქეები უმთავრეს სურვილად რომ ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას ასახელებენ, ამას საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ხსნის ფსიქოლოგი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ კოორდინატორი ელენე რუსეცკი. მისი თქმით, მშვიდი ცხოვრების სურვილი განსაკუთრებით იგრძნობა კონფლიქტისპირა რეგიონში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ზუგდიდში პირადი კეთილდღეობა მეორეხარისხოვანი იყოს.

ელენე რუსეცკის თქმით, ბოლო პერიოდში მოქალაქეთა ღირებულებები შეცვლილია.

„თუკი ადრე მოზარდები გასართობ გადაცემებს უყურებდნენ, ახლა შეიძლება პოლიტიკურ თოქ-შოუებსაც სიამოვნებით უსმინონ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე რუსეცკიმ.

ფსიქოლოგის განმარტებით, რესპონდენტების მსგავსად, ამ ეტაპზე მისთვისაც უმთავრესი სურვილი ქვეყანაში მშვიდობაა.
XS
SM
MD
LG