Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაურიანი საქმეების შიდაპოლიტიკური ფონი


ზესტაფონის გამგებელსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას 1 დეკემბერს შეუფარდებს. ბოლო დროს გახმაურებული საქმეების რიგშია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ გუნავასა და გორში სამი სახელმწიფო მოხელის დაკავების ფაქტები. ხულიგნობა, ნარკოტიკების მოხმარება, ოპერატიული მიზნით აღებული თანხისა და საწვავის მითვისება -ესაა ბრალდებები, რომლებიც ამ სამ საქმეში ფიგურირებს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამყარებული შერჩევითი სამართლის დამღუპველ შედეგებს ასწორებს, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კი ”ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ბოლო დროის ხმაურიანი საქმეების არსებული და შესაძლო შიდაპოლიტიკური შედეგებისადმი საზოგადოების გაზრდილი მგრძნობელობის ფონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გამგებლობა თუ მაჟორიტარი დეპუტატობა უაღრესად საპასუხისმგებლო ფუნქციაა და, აქედან გამომდინარე, როცა საქმე სისხლის სამართალს ეხება, პასუხისმგებლობაც უფრო მაღალი ხარისხისაა. რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების დაკავების ზოგად შეფასებას, იგი ამბობს:

” ჩვენი ყველა საქმე, რომელიც მიმდინარეობს პროკურატურაში, ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას არ აქვს არც პანიკის და არც შეშფოთების საფუძველი”.
სამი კვირის წინ დაფიქსირდა ბატონ ღარიბაშვილისა და ქალბატონ წულუკიანის უწყებების მიერ იარაღის და ნარკოტიკების ჩადების პირველი ფაქტი ...
პავლე კუბლაშვილი

საქართველოს მთავრობის მიერ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებას ეგრეთ წოდებული მსუბუქი დანაშაულის ფაქტებზე, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ტერორად აფასებს და მოქმედ ხელისუფლებას უკვე მოიხსენიებს ივანიშვილის რეჟიმად. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, 30 ნოემბერს კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის, თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას დაინტერესების თხოვნით მიმართა, პარლამენტის უმრავლესობას კი გუნავას პირველი დაკავების საქმის შესწავლა ურჩია.

”მას შემდეგ, რაც გუნავა არც ნარკომანი და არც იარაღით ხელში მოსიარულე კრიმინალი არ გამოდგა, მას ბენზინის ტალონები ჩაუდეს... სამი კვირის წინ დაფიქსირდა ბატონ ღარიბაშვილისა და ქალბატონ წულუკიანის უწყებების მიერ იარაღის და ნარკოტიკების ჩადების პირველი ფაქტი. საუბარია თენგო გუნავას საქმეზე. მაშინ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაცნობეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, უფლებადამცველებსაც. როგორც ჩანს, მათი ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ აღეძრა საქმე ამ კონკრეტული დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამაგალითოდ დაესაჯა თენგო გუნავა იმ მიზნით, რომ სხვა დროს აღარავის აღარ გაებედა ასეთ საქმეებთან დაკავშირებით ხმის ამოღება”, ამბობს პავლე კუბლაშვილი.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს ამ მოსაზრებას და ფიქრობს, რომ მსუბუქი ბრალდებებით დაკავება გარკვეული თვალსაზრისით ეჭვქვეშ აყენებს პოლიტიკურ მოტივს, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ თავად დაკავებულები, ბაჩო ახალაიას გარდა, ასევე მსუბუქი ფიგურები არიან. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რამაზ საყვარელიძეს ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკების პოლიტიკური სარჩულით დაპატიმრების საწინააღმდეგოდ მოჰყავს, შემდეგია:
სამართლიანი რომ იყოს, ამას სჭირდება ყოველთვის ყოველმხრივი გამოკვლევა საქმეების და რაღაც თემებზე პოლიტიკური ნიშნის მოშორება. მაგალითად, სადაც გეწაძე ითვლება დამნაშავედ, ლუკა კურტანიძეც ...
გიორგი მელაძე

” პოლიტიკური დაჭერის მიზანია, რომ პოლიტიკური ოპონენტი დაასუსტო. არა მგონია, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი დღეს დასუსტდეს იმ ყოფილი გამგეობის წევრებისა თუ პოლიციელების დაჭერით, რომელზეც არის ხოლმე ლაპარაკი. ამიტომ ჩემთვის ეს პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას არ ტოვებს”.

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა, თავის მხრივ, სამართლიან მოთხოვნად მიაჩნია ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელს, გიორგი მელაძეს, რომელიც ბოლო დროის სამართალწარმოებაში შერჩევითი სამართლის ნიშნებსაც ხედავს:

” სამართლიანი რომ იყოს, ამას სჭირდება ყოველთვის ყოველმხრივი გამოკვლევა საქმეების და რაღაც თემებზე პოლიტიკური ნიშნის მოშორება. მაგალითად, სადაც გეწაძე ითვლება დამნაშავედ, ლუკა კურტანიძეც, ჩემი აზრით, ის საინტერესო ადამიანია, რომლის საქმეც უნდა იყოს გამოძიებული. ამიტომ, როდესაც ამ ლოზუნგით ხდება რაღაცის კეთება, სამართლიანობის ლოზუნგით, იმისთვის რომ ეს სამართლიანობა შედგეს, ის უნდა იყოს ყოველმხრივად გამოკვლეული”.

გიორგი მელაძის თანახმად, 1 ოქტომბრის შემდეგ ძველი ხელისუფლების 25 წარმომადგენელი დააკავეს. აქედან 20 დაკავებაზე მაინც, მისი შეფასებით, სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. ამ საქმეებში, თავის მხრივ, შედის ზესტაფონის გამგებლისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის საქმეც. დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ”მაესტროს” პრესკლუბში საუბრისას არ გამორიცხა, რომ ხულიგნობისა და ქონების დაზიანების მუხლებით აღძრული საქმე დამძიმდეს კიდეც. დეპუტატის თქმით, კახა გეწაძე 2007 წლის აქციების დარბევის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG