Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მზერა - ჰააგისა და ბრიუსელისაკენ


ნატოს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ხმაურიანი განცხადება 2008 წლის აგვისტოში „შესაძლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის“ შესახებ და შეკითხვები საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის გარშემო - ამ და სხვა თემების ირგვლივ ტრიალებდა საქართველოს მედია გასულ კვირაში.

გასულ კვირაში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამსახური იუწყება, ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებსა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებს. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო ბრიუსელისკენ, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომალიანსისა და საქართველოს ურთიერთობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების თვალსაზრისით. დაახლოების პროცესი არ შეჩერდება, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 8 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე. ღონისძიებას, რომლის განრიგი მოიცავდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას „28+1“–ის ფორმატით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ნატოს წევრმა 20-მა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა მიავლინოს პერსონალი საქართველოში, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, და დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი სფეროს რეფორმების პროცესში:

„უმნიშვნელოვანესი საქმეა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებით, და მას აქვს უფლება თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. რუსეთი კვლავაც ხელყოფს საქართველოს საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“.

ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, ალიანსის მხრიდან დაინტერესების ფონზე, ასევე იმედისმომცემად მიაჩნია საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელიც 7 ოქტომბერს ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. ხიდაშელის იმედები ასევე უკავშირდება ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას:

„წინ არის დეკემბრის მინისტერიალი, რომელიც ძალიან პოზიტიური იქნება. მაღალი ალბათობით, ეს იქნება გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ „ღია კარის პოლიტიკა“ ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით ჩვენთვისაც გარანტირებული იქნება“.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

როგორც თინა ხიდაშელმა ბოლო დღეებში არაერთხელ განმარტა, ის ისურვებდა, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გვერდის ავლით მოემზადოს ნატოში ინტეგრაციისთვის, მაგრამ, თუკი ასეთი დაპირების მიღება არ მოხერხდება მომავალი წლის ვარშავის სამიტზე, მაშინ საქართველოს უნდა გადაეცეს MAP-ი და ამით უნდა შესრულდეს მთავარი ამოცანა, რომ აღარ არსებობდეს შუალედური ბარიერები საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს პარლამენტში გასულ კვირაში"2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან დაიწყო.

ბიუჯეტის ახალი, 2016 წლის, პროქტის მიხედვით, მთავრობა ძირითად პრიორიტეტებად კვლავაც სოციალური სფეროსა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ტოვებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარი იქნება, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონ ლარს, გრანტები 130 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს.

3 %-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად გაჩერებულები ვართ, ეკონომიკა არ იზრდება. ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა შემოდის ისეთი ბიუჯეტით, თითქოს ეკონომიკაში პრობლემები არ იყოს...
ზურაბ ჯაფარიძე

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2016 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3.0 %-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5 %-ს შეადგენს:

„მაკროპარამეტრებით ბიუჯეტი უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს გარშემო არსებობს, ვფიქრობ, ამ პარამეტრებში უნდა დავრჩეთ. ჩვენ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ გვაქვს“.

საპარლამენტო უმცირესობაში ბიუჯეტს აკრიტიკებენ. „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი იმის დასტურია, რომ მთავრობასაც კი არა აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავა:

„3 %-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად გაჩერებულები ვართ, ეკონომიკა არ იზრდება. ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა შემოდის ისეთი ბიუჯეტით, თითქოს ეკონომიკაში პრობლემები არ იყოს. ფულს კი ისევ ისე ხარჯავს, როგორც აქამდე ხარჯავდა“.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში.

ჰააგის სასამართლო
ჰააგის სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთშაბათის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს პროკურორს სურს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დასაწყებად ნებართვა მიიღოს. პროკურორს გამოძიების ნებართვა სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ უნდა მისცეს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას დასკვნით, არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.

დადგა დრო ჰააგის პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაებმება თუ არა ის აგვისტოს ომის დანაშაულებათა გამოძიების საქმეში და ეს, როგორც ჩანს, ასეც მოხდება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განმარტა, რომ საქართველოს მხარე აქტიურად ითანამშრომლებს ჰააგის პროკურორთან:

„ჩვენი მიზანი, საქართველოს მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები - მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - და ბოლომდე გამოვიძიოთ და გამოვაძიებინოთ მათ, ჩვენთან ერთად, ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ გავხდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომის სტატუტის თანახმად, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლოთ“.

როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, საქმე ახალ, საწყის ეტაპზეა და ძიების პროცესში ორი ძირითადი პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს:

„ერთი ძირითადი ნაწილი უკავშირდება ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, მათი სახლ-კარის გადაწვას, მასობრივ დეპორტაციას, წამებას, მოკვლას და, მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას, რომლის ირგვლივაც არსებობს განსხვავებული ხედვები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. სწორედ ეს მეორე ნაწილი შეიძლება იქცეს ჰიპოტეტურად პრობლემურად ქართული მხარისათვის“.

ამიტომ ქართულ მხარეს დასჭირდება ძალიან მყარი არგუმენტების წარდგენა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს და ქართველ სამხედროებს არ დაუგეგმავთ და არ განუხორციელებიათ ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო სამშვიდობოებზე თავდასხმა.

ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, შესაძლოა, „არანებაყოფლობითი მკურნალობა“ ჩაუტარდეთ.

სახელმწიფო მკაფიოდ ამბობს, რომ ის იღებს ვალდებულებას ამ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, უფრო მეტიც, სოციალური მხარდაჭერის კუთხით...
გიორგი ხეჩინაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებულ ეროვნულ რეკომენდაციებს გარკვეული გაფრთხილებების შემდეგაც არ შეასრულებს და მკურნალობას თვითნებურად შეწყვეტს, ის „არანებაყოფლობით“, იძულებით მკურნალობას დაექვემდებარება. სავალდებულო მკურნალობა ინფექციის საფრთხის თავიდან აცილების წინაპირობა უნდა გახდეს - ასეთია კანონპროექტის ავტორების მოლოდინი. როგორც 5 ოქტომბერს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც განაცხადა, კანონის ამოქმედების შემდეგ ტუბერკულოზის მკურნალობისათვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯს კვლავაც სახელმწიფო დაფარავს.

6 ოქტომბერს პორტალ „კვირის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი კანონის დეტალებსა და ქვეყანაში ტუბერკულოზის მხრივ არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმაც. მისი თქმით, კანონი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიწერა, ამ უმძიმესი დაავადებისგან საზოგადოების დაცვას გულისხმობს, მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ნამკურნალევი პაციენტები, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად წყვეტენ მკურნალობას და, როგორც ინფექციის გამავრცელებელნი, საშიში ხდებიან დანარჩენი საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს კი ერთი ადამიანის მკურნალობა 15 000 ლარი უჯდება:

„სახელმწიფო მკაფიოდ ამბობს, რომ ის იღებს ვალდებულებას ამ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, უფრო მეტიც, სოციალური მხარდაჭერის კუთხით. ცენტრში დგას პაციენტის გამოკვლევა. არის თუ არა ის გადამდები პაციენტი - ამის გაგება ხდება სწორედ სავალდებულო და თუ დადასტურდა მისი ავადობა, სახელმწიფო მას მკურნალობის სრულ კურსს სთავაზობს“.

საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას, და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG