Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა – ბრძოლა გავლენისთვის და ცნობები ევროკავშირიდან


დენიელ იოჰანესი, ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, რიჩარდ ნორლანდი
დენიელ იოჰანესი, ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, რიჩარდ ნორლანდი
ევროკომისიის განცხადებით, რომელიც გასული სამუშაო კვირის პირველივე დღეს გავრცელდა, ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებით დაასრულეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები, რაც, ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცების საწინდარია. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავისუფალი სავაჭრო სივრცის გახსნა ვაჭრობასთან დაკავშირებული არაერთი მექანიზმის რეფორმირებას ჩაუყრის საფუძველს. საქართველოს მთავრობაში კმაყოფილებას გამოხატავენ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების გამო. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა ქართველი მომხმარებლის უსაფრთხოების ხარისხსს აამაღლებს, ღია და სტაბილური გარემოს შექმნა კი ხელს შეუწყობს ევროპიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებას, თუმცა მანამდე წინაა ვილნიუსის სამიტი.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ ასევე საქართველოში ნაწარმი პროდუქციისა და მომსახურებისთვის ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც გასული სამუშაო კვირის დასასრულს უკვე ვიცე-პრემიერის რანგში მოგვევლინა.
ეს პარტიის წინააღმდეგაც იმუშავებს და ის ხალხი, ვინც რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ ისედაც მომართულია, მათ, ასე ვთქვათ, შემატებს მეტ ენთუზიაზმს...
დავით ზურაბიშვილი

მთავრობის სხდომაზე, რომელიც 26 ივლისს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, განათლების ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის შემცვლელად წარადგინა.

“სიურპრიზი იყო თქვენთვის? თვითონ გიორგისთვისაც სიურპრიზი იყო, ამ დილით მოვახერხე და გავაცანი“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს და მათ გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი შემცვლელი, განათლების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე წარუდგინა. ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება გასული კვირის საკადრო სკანდალი – თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე, დანარჩენ ორ მოადგილესთან ერთად, აღარ დააბრუნეს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ზურაბიშვილი:

“მოადგილის რანგში მე მას აღარ განვიხილავ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება გასაზიარებელია და მე მას შევთავაზებ მრჩევლის პოზიციას“.

განათლების მინისტრის ახალ შეთავაზებას დავით ზურაბიშვილმა უარით უპასუხა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში გამოთქვა აზრი, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება რესპუბლიკურ პარტიაზე დარტყმაა:

“მე ვარ რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიური მდივანი. ძალიან ცოტანი ვართ ისედაც მთავრობაში წარმოდგენილები და როდესაც ამდენი მინისტრის მოადგილეა, ამდენი მინისტრია და მაინცდამაინც ყველაზე არაკომპეტენტური და ცუდი აღმოვჩნდები მე, ეს, გვინდა-არ გვინდა, ასე გამოდის. შეიძლება არ უფიქრიათ ამის გამკეთებლებს
დავით ზურანიშვილი
დავით ზურანიშვილი
ასე თავიდან, მაგრამ ეს ასე გამოვა, რა თქმა უნდა. ეს პარტიის წინააღმდეგაც იმუშავებს და ის ხალხი, ვინც რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ ისედაც მომართულია, მათ, ასე ვთქვათ, შემატებს მეტ ენთუზიაზმს“.

რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი, თავის მხრივ, ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დედაქალაქის საკრებულოში ახლად შექმნილი უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წავიდა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მის რჩეულს მხარი არ დაუჭირა. 24 დეპუტატი ერთის წინააღმდეგ – უმრავლესობის რჩეული კი ყოფილი ნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი გახდა. თავმჯდომარის რანგში პირველი განცხადებით ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის მერს მიმართა:

“დღევანდელი საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს მერიასთან, სწორი და კანონიერი ზედამხედველობა განახორციელოს მათი საქმიანობის, რათა ყველა ის საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აზრთა სხვადასხვაობის გამო, პოლიტიკური ჭიდილის გამო, შეფერხებით მიმდინარეობდა, დაჩქარებული ტემპებით განხორციელდეს. ასევე მივმართავ ქალაქის მერს გიგი უგულავას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მოტივირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ კანონიერების ფარგლებში განახორციელოს ყველა ის საქმე, რომელიც მას ეკისრება და იმედს გამოვთქვამ, რომ რიტორიკაც შეცვლილი იქნება ჩვენ შორის საუბრის“.

ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელიც ფიქრობს, რომ ირაკლი შიხიაშვილს შრომატევადი სამუშაოს წარმოება მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატია.
მთავრობა უნდა დაკავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის – იმუშაოს მთავრობასთან ერთად ხალხის სახელით და ხალხთან ერთად გააკონტროლოს მთავრობა...
დავით ბაქრაძე

თავმჯდომარის გარდა, გასულ სამუშაო კვირაში თბილისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა თანამდებობა და, შესაბამისად, გავლენა დაკარგა, ანუ ბრძოლა თბილისის თვითმმართველობისთვის ყოფილმა მმართველმა პარტიამ დათმო. 26 ივლისის სხდომაზე მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გასულ სამუშაო კვირაში ნათელი მოეფინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს – ვინ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. 27 ივლისს დასრულდა ერთთვიანი პრაიმერი, რომლის საბოლოო შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება.

“დღევანდელი ხელისუფლება მთელ თავის ენერგიას და რესურსს ხარჯავს დაპირისპირებაზე, ხარჯავს წარსულთან ბრძოლაზე და ხარჯავს ოპონენტების წინააღმდეგ. მთავრობა, რომელიც დაკავებულია მხოლოდ წარსულის ნგრევით, ვერ ააშენებს მომავალს. ამიტომ მთავრობა უნდა დაკავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის – იმუშაოს მთავრობასთან ერთად ხალხის სახელით და ხალხთან ერთად გააკონტროლოს მთავრობა იმისთვის, რომ მთავრობამ კეთილი ინებოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომლის ხათრითაც მან მიიღო ხმები წინა საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა თბილისის პრაიმერზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც დელეგატებმა 4 კანდიდატს შორის გამოავლინეს გამარჯვებულად.

არჩევნებისთვის მზადების რიტმი კი გასულ კვირაში დინამიკურად განვითარდა როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, არასაპარლამენტო ოპოზიციაში, რომელიც განაგრძობდა ბრძოლას იმისთვის, რომ მმართველმა კოალიციამ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესები გაითვალისწინოს.

გასული კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდა ასევე, რომ საქართველო “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან” 140 მილიონ დოლარს მიიღებს. საქართველოს მთავრობასა და “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” შორის გაფორმდა მეორე საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას 140 მილიონი დოლარი მოხმარდება. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორმა დანიელ იოჰანესმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი საქართველოზე:

დანიელ იოჰანესი
დანიელ იოჰანესი
„პირველ რიგში, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ ძალიან შერჩევითი დამოკიდებულება აქვს პარტნიორებთან მიმართებით. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ, მაგრამ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც წარმატებულნი არიან დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში. მეორე, ჩვენ განვაგრძობთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც პირველი საგრანტო პროგრამით დასახული მიზნების მიღწევა შეძლეს. მესამე კი ის არის, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ, რამდენად ხარისხიანად მომზადდა განაცხადი მეორე საგრანტო პროგრამისთვის“.

დანიელ იოჰანესის თანახმად, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას“ არ აქვს სპეციალური მოთხოვნა, რაში უნდა დაიხარჯოს ფული – განათლების სფეროზე საქართველოს მთავრობამ შეაჩერა არჩევანი.
XS
SM
MD
LG