მას შემდეგ, რაც, პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ, 18 სექტემბერს, ისევ საპატიმროში დააბრუნეს, ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვები: რომელ პოლიტიკურ ძალას დაეკარგა ან შეემატა პოლიტიკური ქულები პოტენციური ამომრჩევლის თვალში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ? ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამართლებრივ პროცესებში ზედმეტად ჩაერია პოლიტიკური ინტერესები და რომ ხელისუფლებას მეტი წინდახედულება ჰმართებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შედეგად, 17 სექტემბერს გათავისუფლებული გიგი უგულავა 18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ისევ ე. წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს და ,,თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდთან დაკავშირებით პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები და არც ბრალდებულის მოთხოვნა რომ საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად მისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცათ.
მოვლენათა ამგვარ სწრაფ და დაძაბულ განვითარებას, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია სოციალურ ქსელებსა თუ რეალობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მეტად წამგებიანად მიიჩნევს "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის განმარტავს, რომ პროცესებმა აშკარად მეტი პოლიტიკური ქულა მოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ამ პოლიტიკურ ძალას მაინც ვერ შეემატება „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი ამომრჩევლის მხარდაჭერა:
„ჩემი აზრით, ამ ორმა დღემ ხელისუფლებას დააკარგვინა გარკვეული რაოდენობის ელექტორატი, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიდის. ეს ადამიანები თვლიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უარესი ოპოზიცია, რომელსაც მათ განაჩენი გამოუტანეს სამი წლის წინ, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების განაჩენი მათ თვალში ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისგან წასულები იქ წავლენ, ხელისუფლებას არა აქვს, მაგრამ აქვს რისკი, რომ, ელექტორატის დაკარგვით, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი შემცირდება, რაც ძალიან მყიფეს ხდის საზოგადოებაში მის საყრდენს“.
ბოლო ორი დღის მოვლენების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის სიმპათია რომ დაკარგა, ამაში ეჭვი არც პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ეპარება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ელექტორატის ეს გაწბილებული ნაწილი, დიდი ალბათობით, საერთოდ არ წავა არჩევნებზე, რადგანაც ახალი ძალა, რომელსაც ეს ნაწილი ისურვებდა, ჰორიზონტზე არ ჩანს. ამასთან, ხათუნა ლაგაზიძის დაკვირვებით, ბოლო დღეების მოვლენებმა გამოკვეთა სასამართლოს გაძლიერების ტენდენცია და, ამომრჩეველთან ერთად, სწორედ სასამართლო გადაწყვეტს მომავალი არჩევნების ბედს:
„სასამართლოს ხელში იქნება, ასე ვთქვათ, გადაწყვიტოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა-არცნობის საკითხი და, შესაბამისად, განმეორებითი არჩევნების დანიშვნის თემა როგორც ცალკეულ ოლქებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. დღეს, როდესაც სასამართლომ ყველაზე მეტად იგრძნო დამოუკიდებლობის გემო და ხიბლი, ვფიქრობ, ის იქნება გაცილებით დამოუკიდებელი ერთი წლის შემდეგ თავის მოქმედებებშიც და, აქედან გამომდინარე, ერთგვარი ოპონენტი ხელისუფლებისა, ერთგვარი ბარომეტრი ხელისუფლების ქმედებების სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდომის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ეს“.
მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ბოლო დღეების მოვლენების შედეგად თითქმის არაფერი შეიცვლება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ვხვდებით. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ორივე პოლიტიკური მხარე ცდილობდა, რომ პოლიტიკური ქულები მოეპოვებინა და გარკვეულწილად ეს მოახერხა კიდეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“,მაგრამ, ექსპერტის აზრით, სადღაც ერთ კვირაში ეს უკვე აღარავის ემახსოვრება და შიდაპოლიტიკურ სარბიელზე ყველაფერი ძველებურად დარჩება. თუმცა განსხვავებულია სურათი და მოლოდინი საგარეო პოლიტიკურ სარბიელთან დაკავშირებით:
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია სწორედ ამ მიმართულებით ლაპარაკობს და აცხადებს, რომ გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ემთხვევა მათ განცხადებებს. გარდა ამისა, დასავლეთთან ურთიერთობის მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს და მის სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე ხელისუფლებისას. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასაც“ შეუძლია იგივე იმ ფაქტის გამოყენება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას გათავისუფლების შესახებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ პიარში აშკარად ჩამორჩება ‘ნაციონალურ მოძრაობას’“.
საერთაშორისო თანამეგობრობისგან უარყოფით შეფასებებს მოელის გია ხუხაშვილიც. „როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ერთ დღეს ცნობს ადამიანს უკანონო პატიმრად და შენ მას მეორე დღეს ისევ აპატიმრებ, თუნდაც სამართლებრივად გამართულად, ამის პოლიტიკურად ახსნა შეუძლებელია“, ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და თვლის, რომ დასავლეთის თვალში ძალიან გაჭირდება იმის დამტკიცება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ არის.
რაც შეეხება სამართლებრივ ჭრილს, გია ხუხაშვილის აზრით, ამ მიმართულებით პროცესი პოზიტიურად განვითარდა, რადგანაც დადასტურდა სასამართლოს მეტი თავისუფლების ხარისხი და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. თუმცა გამოჩნდა სისტემური ხარვეზი პროკურატურის მუშაობაში. ხუხაშვილის თქმით, პროკურატურა ვერ ახერხებს ამა თუ იმ საქმის ბოლომდე მიყვანას გონივრულ ვადებში.