პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო და რამდენიმე საათს გრძელდებოდა, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ''. ოთხშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, – გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში უკვე 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა.
17 სექტემბრის სხდომაზე პროკურატურამ დააყენა 4 შუამდგომლობა, რომელთაგანაც სასამართლო კოლეგიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და შედეგად,პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად 2-საათიანი ვადა მისცა, რა დროსაც პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მანამდე კი, მოსამართლემ ბრალდების მხარეს არ დაუკმაყოფილა შუამდგომლობა სათადარიგო მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, პროკურორებმა სხდომის თარიღის შეცვლის განჩინება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ ასევე უსაფუძვლო შუამდგომლობად მიიჩნია. მესამე შუამდგომლობა კი, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა, საკითხის განხილვის სააპელაციო სასამართლოში გადატანას შეეხებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რათა გიგი უგულავა არ გათავისუფლებულიყო „რიყისა და ტელეიმედის გასხვისების“ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე. საქმე ის არის, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია მოსალოდნელი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართლებრივი საკითხი აშკარად პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. 17 სექტემბერს ოპონენტები დიდხანს დავობდნენ იმის შესახებაც - სჭირდებოდა თუ არა გიგი უგულავას გათავისუფლებას, დამატებით, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.
იმ წუთიდან, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გაახმაურა, ადვოკატები და მხარდამჭერები გიგი უგულავას უკანონო პატიმრად მოიხსენიებდნენ და მის დაუყოვნებილ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
განსაკუთრებული რისხვა მიმართული იყო სასჯელაღსრილების სამინისტროს მისამართით, რომელსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, მათი წარმოდგენით, მყისიერად უნდა გაეღო ე.წ. მატროსოვის ციხის კარი და მყისიერად უნდა გაეთავისუფლებინა გიგი უგულავა.
ჩვენ გვესმოდა გუშინ, გვესმის დღეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ გაათავისუფლებს უგულავას, მისი გათავისუფლება უნდა მოახდინოს სასამართლომ. ჩვენ ეს მოთხოვნა, უფრო სწორად – ეს კიდევ ერთი ხუშტური ხელისუფლების მხრიდან, რომ აუცილებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, ამ სპეკულაციასაც დავუსვით ჩვენ წერტილი...ბექა ბასილაია
ეს ასე არ მომხდარა და, სანაცვლოდ, 17 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული ვერ გათავისუფლდებოდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და რომ აუცილებელია საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება – აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით:
„პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება“.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მსგავს პოზიციას გამოხატავდნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, თუმცა ოპოზიციური ფლანგი ნახევარი დღის განმავლობაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხელისუფლება განგებ აჭიანურებდა გიგი უგულავას გათავისუფლების პროცესს იმისათვის, რომ სხვა ბრალდებასთან (კერძოდ, ტელეიმედისა და რიყის გასხვისების საქმესთან) დაკავშირებით მისთვის პატიმრობის შეფარდება მოსწრებოდა. თუმცა 15:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ხსენებულ საქმეზე სასამართლოს განაჩენი 17 სექტემბერს აღარ გამოცხადდებოდა და პროცესი 18 სექტემბრისთვის გადაიდო.
საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ გიგი უგულავას ადვოკატებმა შუამდგომლობით მაინც მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და პროცესი 17 საათისთვის დაინიშნა. ოპტიმისტურად იყო განწყობილი ადვოკატი ბექა ბასილაია:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ წერტილი უნდა დაუსვას გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობის საგას. ჩვენ გვესმოდა გუშინ, გვესმის დღეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ გაათავისუფლებს უგულავას, მისი გათავისუფლება უნდა მოახდინოს სასამართლომ. ჩვენ ეს მოთხოვნა, უფრო სწორად – ეს კიდევ ერთი ხუშტური ხელისუფლების მხრიდან, რომ აუცილებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, ამ სპეკულაციასაც დავუსვით ჩვენ წერტილი, შუამდგომლობა შევიტანეთ სასამართლოში და 5 საათზე უპირობოდ ველოდებით გიორგი უგულავას გათავისუფლებას.“
საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს...გიორგი მარგველაშვილი
პოზიციას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამარლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო, არ იზიარებენ არასათავრობო ორგანიზაციები. 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშიც ნათქვამია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემაც აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ ბრალდებულის გასათავისუფლებლად აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. გვარამაძე განმარტავს, რომ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი მოწყობის საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ კონკრეტული დავის საკითხი მოაწესრიგოს:
„ჩვენი პოზიციის თანახმად, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ეხებოდა მხოლოდ კონსტიტუციურობის დადგენას კონკრეტულ ნორმასთან დაკავშირებით, ანუ სასამართლოს არ უმსჯელია გიგი უგულავას საქმეზე. უბრალოდ, გიგი უგულავა იყო მოსარჩელე და ამ სარჩელის საფუძველზე სასამართლომ იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფუძველი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს და დაწესებულებას პირდაპირ გამოეყენებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და გამოეშვა ბრალდებული გიგი უგულავა პატიმრობიდან, ამ მოსაზრებას ჩვენ არ ვიზიარებთ.“
იგივე გაიმეორა საქართველოს პრეზიდენტმაც, 17 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა და მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ უფლებათა სადარაჯოზე უნდა იდგნენ საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები. „საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს", – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, – დემოკრატიული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე. მან იქვე განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ უკავშირდება გიგი უგულავას ბრალეულობის საკითხს და ეს მის გამართლებას ან დადანაშაულებას არ ისახავდა მიზნად. საკონსტიტუციო სასამართლომ, უბრალოდ, არაკონსტიტუციურად ცნო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დამკვიდრებული კანონის ნორმა – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.