Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავას დაცვა პატიმრობიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერის, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავას დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს მიმართა პატიმრობიდან უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების შუამდგომლობით. მისი საფუძველია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც გიგი უგულავას 9-თვიანი პატიმრობის ვადას შეეხებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა ნებადართული, რაც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციით დაცულ უფლებას. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა გააუქმა, გიგი უგულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ, 16 სექტემბერს უნდა გათავისუფლებულიყო და აბსურდია, თითქოს ამას სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სჭირდებოდა. „თუმცა, ამ სპეკულაციებს რომ წერტილი დაესვას, თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მივმართეთ გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ, წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს პატიმრობიდან გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება.

თბილისის ყოფილი მერის დაცვის მხარის შეფასებას, რომ პატიმრობიდან გიგი უგულავას გათავისუფლებას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, კატეგორიულად არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს გააუქმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 2010 წლის სექტემბერში მიღებული ნორმა, რის შემდეგაც იწყება პროცედურები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის თანახმად, ნორმის გაუქმება არ იწვევს ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და მოქმედება ხდება საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ეკა ბესელიას თქმით, პატიმრობის კოდექსი ასევე მიუთითებს, რომ პირის გათავისუფლების საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. „ანუ, ავტომატურ რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება რომელიმე პირის გათავისუფლების საფუძველი, თუ მას არ მოჰყვება საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, იურიდიულმა დეპარტამენტმა მინისტრის, კახა კახიშვილის დავალებით შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე სამინისტრომ დღეს განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუ შესაბამისი საერთო სასამართლო მიიღებს შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების გადაწყვეტილებას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებითვე, პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალო აღმასრულებელი ორგანო პენიტენციური დაწესებულებაა.

XS
SM
MD
LG