Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მწყობრიდან გამოსული 53-ათასლარიანი აბანო


საზოგადოებრივი მოხმარების აბანო სოფელ ველისციხის ცენტრალურ მოედანზე.
საზოგადოებრივი მოხმარების აბანო სოფელ ველისციხის ცენტრალურ მოედანზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებრივი მოხმარების აბანოს მშენებლობა 2009 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, დაიწყო. აბანოს მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. იმ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ყველგან თითქმის ერთფეროვანი სამუშაოები - გზის შეკეთება, სასმელი წყლით უზრუნველყოფა და გარე განათების მოწესრიგება - დასახელდა. ველისციხე ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც ადგილობრივებმა პრიორიტეტად განსხვავებული საკითხი - აბანოს მშენებლობა - დაასახელეს. პროექტი დამტკიცდა და მალე აბანოს მშენებლობაც დაიწყო. 4 ლუქსიანი აბანოს მშენებლობისთვის თავდაპირველად 38 ათასი ლარი გაიხარჯა. 2011 წლის ბიუჯეტში თანხები კიდევ გამოიყო და საბოლოო თანხამ 53 ათას ლარს გადააჭარბა. გურჯაანის გამგებლის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი, რომელიც იმ დროს საკრებულოს წევრი იყო, ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან აბანოს მშენებლობის მოთხოვნა მან მაშინვე ეჭვქვეშ დააყენა:

„სოფლის პროგრამის მოთხოვნა იყო აბანო და მაშინვე გამიკვირდა, რომ იმ დროისათვის სხვა პრობლემა არ არსებობდა. ეს იყო სასაცილო თემა. როცა მე ვიკითხე, რატომ მაინცდამაინც აბანო-მეთქი, ასეთი პასუხი მივიღე: სოფელმა წამოაყენა ეს პრიორიტეტი და ჩვენ სოფელს ვემსახურებითო“.

აბანო, რომელიც საზოგადოებისთვის აშენდა და მასზე 53 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დღეს არ მუშაობს. შენობაში მოშლილია ინფრასტრუქტურა - არ არის წყალი და ბუნებრივი აირი, დაზიანებულია ხელსაბანები, საშხაპეები და ტუალეტი და, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტით მოსახლეობა ვერ სარგებლობს. იქ მხოლოდ ერთი ოთახი ფუნქციონირებს, სადაც ადგილობრივ ნინო მახარაშვილს სალონი აქვს გახსნილი:

„მაგ აბანოში არავინ არ შედიოდა. არ იყო კარგად კეთილმოწყობილი. არ იყო გათბობა. რომ შეხვიდოდი, გაყინული გამოხვიდოდი იქიდან ადამიანი. ფასიც მაღალი ჰქონდა, 4 ან 5 ლარის ფარგლებში. ამხელა ფული ტყუილად დაიხარჯა. იქ არავინ არ შედის“.

ველისციხეში ამბობენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა იყო შესაძლებელი:

„ამ აბანოში ერთადერთი ქალბატონი მუშაობდა, კოსმეტოლოგი. ისიც გაიქცა. ამის შემდეგაც ეს აბანო ასე უფუნქციოდ იქნება, მერე ჩამოინგრევა და საღორედ და საძროხედ იქცევა. ველისციხელები უწყლობით ვიწვებით, სასმელი წყალი არ არის სოფელში და აქ საიდან უნდა მოეტანათ წყალი?“
ველისციხეში 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს. იმის გასარკვევად, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ. 70 გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა გამოთქვა სურვილი საერთო მოხმარების აბანოთი ისარგებლოს:

„მე სახლში მაქვს აბანო და, ამდენად, არ ვარ დამოკოდებული სოფლის აბანოზე“.

„აბანო სოფელში თითქმის ყველას აქვს და იმიტომ არ დადიოდნენ“.
„ძვირი იყო აბანოს მომსახურება“.

„მე ისიც კი არ ვიცი, რა ღირდა“.

სოფელ ველისციხის მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ აბანო მხოლოდ 7 თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა და უკვე მეორე წელია აღარ მუშაობს. სოფელ ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუკრი ბახლიშვილი, რომელიც აბანოს მშენებლობის დროსაც რწმუნებული იყო, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს დადებითად აფასებს. გურჯაანის გამგეობაში განმარტავენ, რომ ველისციხეში აბანოს მშენებლობის დროს სწორად არ განისაზღვრა პრიორიტეტები და, შესაბამისად, თანხა მიზნობრივად არ განიკარგა. ზვიად ყვირალაშვილი გამოსავალს ობიექტის კერძო პირისთვის გადაცემაში ხედავს:

„ის, რომ გურჯაანის გამგეობამ აბანოს რეაბილიტაცია დააფინანსოს, ამ ეტაპზე სრულიად წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ განვითარების საშუალება, მცირე ბიზნესს უნდა მივცეთ გასაქანი და თუ ვინმე აღმოჩნდა დაინტერესებული პირი, რომელიც ამას აამუშავებს, შემოსავალს მიიღებს, მოსახლეობის ნაწილსაც დაასაქმებს და ბიუჯეტშიც გარკვეულ თანხებს შეიტანს, ჩვენ მას ხელი უნდა შევუწყოთ. ასეთი პირი უკვე გამოჩნდა კიდეც“.

ამუშავდება თუ არა საერთო მოხმარების აბანო, რომლის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, და ისარგებლებენ თუ არა ობიექტით ადგილობრივები, წინასწარ ამის განსაზღვრა ძნელია. თუმცა, როგორც ველისციხელები ამბობენ, სოფელში, სადაც სასმელი წყლის პრობლემაა, აბანოს ფუნქციონირება შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG