Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლაუდიო მარგოტინი: ,,ვარძიის გამაგრების ეს მეთოდი საქართველოში პირველია“


ვარძია
ვარძია

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ვარძიაში ივლისის თვეში კიდევ ერთი ახალი უბანი გამოჩნდა. პირველ ეტაპზე ორი ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული გამოვლინდა. ახალი აღმოჩენის შემდეგ კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. დამონტაჟდა აპარატურა, რომელიც ძეგლზე სეისმურ დაკვირვებას ახორციელებს. წინასწარ შერჩეულ, ყველაზე კრიტიკულ ადგილებში კლდის გამაგრების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები იტალიელ და ინგლისელ კოლეგებთან ერთად ატარებენ. იუნესკოს მთავარი ექსპერტი, გეოლოგი კლაუდიო მარგოტინი განმარტავს, რომ კლდის გამაგრების აღნიშნული მეთოდი საქართველოში პირველია, ამიტომ ისინი ინტენსიურად დააკვირდებიან რამდენად გაამართლებს:

კლაუდიო მარგოტინი
კლაუდიო მარგოტინი

“აქ, ვარძიაში, ბევრი პრობლემაა, რომლებიც კონსერვაციის საკითხებს უკავშირდება - როგორც მოხატულობის, ისე ქვების და ქვაბულების კონსერვაციას. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ, ორი ჯგუფი, ბრიტანეთიდან და იტალიიდან, ქართველ ექსპერტებთან თანამშრომლობით. ჩვენს სამუშაოს რაც ეხება - ქვის კონსერვაციას - ამაზე უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. ვატარებთ ქვების კოლაფსის მონიტორინგს, მაღალტექნოლოგიური სისტემებით ვაკვირდებით კლდის განვითარებას. ახლა ვიწყებთ ვარძიის კლდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის გამაგრებას. ლითონის კონსტრუქციებით ვმუშაობთ - ისინი ბურღვით შეგვყავს ქვაში, რითიც ქვას ვამაგრებთ. ვაგებთ ლითონის ჩონჩხს, რომელიც ქვას კლდეში შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ახლა ვმუშაობთ გვირაბში, რომელიც ვარძიის ზედა ნაწილს ქვედასთან აკავშირებს. თუმცა მსგავსი ინტერვენცია ბევრ სხვა ადგილსაც სჭირდება. მაგრამ ამ გამოცდილების მიღების შემდეგ ქართველი კოლეგები და ექსპერტები დამოუკიდებლად შეძლებენ ამგვარი სამუშაოს გაგრძელებას".

ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ ვნახოთ, როგორ განვითარდა პროექტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. პროექტი წელს მთავრდება. კვლევის შედეგებს თავს მოუყრიან და დასკვნებიც აქედან იქნება გამოტანილი...
პიტ ბრაუნი

გამაგრების სამუშაოების პარალელურად, ვარძიაში კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამაც ხორციელდება. უძველესი მხატვრობის შენარჩუნების პროექტს ბრიტანული დონორი ორგანიზაცია “ჯექსონის ფონდი” აფინანსებს. ფონდის დამაარსებლის, პიტ ბრაუნის თქმით, პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ლონდონის უნივერსიტეტის სტუდენტები კედლის მხატვრობის შესრულების ტექნიკასა და არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან:

"ამ პროექტს თავიდანვე ვაფინანსებთ და იმედი გვაქვს მთავრობის მხარდაჭერით კვლავაც გავაგრძელებთ პროექტში მონაწილეობის მიღებას, სტუდენტებისთვის მაქსიმალური ცოდნის მიცემას, რათა შემდგომში ისინი საქართველოში დაბრუნდნენ, ასწავლონ და კონსერვაციის სამომავლო პროექტებს უხელმძღვანელონ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მთელ სპექტრში. ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ ვნახოთ, როგორ განვითარდა პროექტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. პროექტი წელს მთავრდება. კვლევის შედეგებს თავს მოუყრიან და დასკვნებიც აქედან იქნება გამოტანილი. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ჩამოვედით დასარწმუნებლად, რომ ჩვენი ფული სწორად დაიხარჯა."

სტუდენტები
სტუდენტები

ვარძიის ისტორიულ კომპლექსში სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს, პარალელურად ხორციელდება კვლევებიც. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ივლისის თვეში კიდევ ერთი ახალი უბანი გამოჩნდა. პირველ ეტაპზე ორი ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული გამოვლინდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კვლევები კვლავ გრძელდება:

ვარძია
ვარძია

"ვარძიაში კვლევებისა და რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე ვართ. წელს განვაახლეთ არქეოლოგიური კვლევები და ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტიურად ახალი უბანი გამოჩნდა. ყოველწლიურად ახალი ფურცელი იშლება ვარძიის ისტორიისა“.

ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. იმისათვის, რომ კომპლექსის ყველაზე კრიტიკული ადგილები არ ჩამოიშალოს, ექსპერტები გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მოეწყობა სველი წერტილებიც და, მხატვრობის კონსერვაციის პროექტის მიხედვით, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება:

ნიკოლოზ ანთიძე
ნიკოლოზ ანთიძე

"ყველაზე მთავარი პრობლემა ვარძიას წყლის უწესრიგობა ჰქონდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ვარძია განსაკუთრებული ძეგლია და მუდმივად მეთვალყურეობას საჭიროებს“.

ვარძიაში, კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის მიზნით, მუშაობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიდის. მხოლოდ წელს პროექტის განსახორციელებლად მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი. წლევანდელი გეგმა კლდის კვლევა, გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა. პროექტი ხუთწლიანია და 2018 წელს დასრულდება.

XS
SM
MD
LG