Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“ ისრაელით


გამყოფი ბარიერი იერუსალიმთან, ლტოლვილთა ბანაკის სიახლოვეს
გამყოფი ბარიერი იერუსალიმთან, ლტოლვილთა ბანაკის სიახლოვეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“ თავისი მოკავშირე ისრაელით, რომელიც ათასობით ახალი დასახლების მშენებლობას გეგმავს პალესტინის ტერიტორიაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა ისრაელის ლიდერები დაადანაშაულა „პროვოკაციულ მოქმედებაში“, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ ნაკისრ სამშვიდობო ვალდებულებებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დაემთხვა ცნობას, რომ ევროკავშირისა და გარეთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმწიფოები - საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია და პორტუგალია - აპირებენ დაგმონ ისრაელის მიერ გამოცხადებული ახალი მშენებლობის გეგმა. ორშაბათს ისრაელის მთავრობამ ნებართვა გასცა აღმოსავლეთ იერუსალიმის რამატ შლომოს ტერიტორიაზე 1500 ახალი სახლი აშენდეს. გარდა ამისა, ისრაელი განიხილავს დამატებით კიდევ 3 ათასი ახალი სახლის აშენებას სხვა დასახლებებშიც. ასეთი მშენებლობების შედეგად სამშვიდობო პროცესი შესაძლოა „ფატალურად განვითარდესო“, თქვა დეკემბრის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ისრაელის ნაბიჯზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია უჩვეულოდ მკაცრად მიიჩნიეს. აი, რა განაცხადა ისრაელში მიმდინარე მშენებლობასა და სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებთან საუბარში ვიქტორია ნულანდმა:

„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ისრაელი დაჟინებით განაგრძობს ასეთ შაბლონურ პროვოკაციულ ქმედებებს. ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმის თაობაზე გაკეთებული ეს გამუდმებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის სამშვიდობო მიზანთან. ისრაელის ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ორი სახელმწიფოს შექმნის გზით კონფლიქტის მოწესრიგებას, მაშინ როცა ასეთი ქმედებები შემდგომი საფრთხის ქვეშ აყენებს ამ მიზანს“.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ისრაელსა და პალესტინას თავი შეიკავონ ნებისმიერი კონტრპროდუქტიული, ცალმხრივი ქმედებისაგან და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებში დასაბრუნებლად...
ვიქტორია ნულანდი


ამასთან, ვიქტორია ნულანდმა დასძინა, რომ აშშ არ დაუჭერს მხარს მოწოდებას, გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო რეზოლუცია მიიღოს ისრაელის მიერ გამოცხადებული ახალი დასახლებების მშენებლობის თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გაიმეორა აშშ-ის გრძელვადიანი პოზიცია, რომ მხოლოდ ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მყარად მოწესრიგდეს, რასაც მხარს თავად ისრაელიც უჭერს. ვიქტორია ნულანდმა მოუწოდა ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს:

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ისრაელსა და პალესტინას თავი შეიკავონ ნებისმიერი კონტრპროდუქტიული, ცალმხრივი ქმედებისაგან და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებში დასაბრუნებლად“.

აშშ და ისრაელი იმ ცხრა სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ნოემბერში მხარი არ დაუჭირეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსამდე ამაღლდა პალესტინის სტატუსი. პალესტინელები ესწრაფვიან, მათი მომავალი სახელმწიფოს საზღვრებში მოექცეს მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი, როგორც სახელმწიფოს დედაქალაქი, მაშინ როცა ისრაელი თავის მარადიულ დედაქალაქად მიიჩნევს მთელ იერუსალიმს.

აღსანიშნავია, რომ ახალი დასახლებების მშენებლობის შესახებ განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ისრაელში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ცხადყოფს, რომ 22 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში ისრაელის მოქმედ მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირეებს აქვთ გამარჯვების მოპოვების დიდი შანსი.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ორი წელია ჩიხშია შესული სწორედ პალესტინის მოთხოვნის გამო, ისრაელმა შეწყვიტოს ყველანაირი დასახლებების მშენებლობა. ისრაელი კი ამგვარ მოთხოვნებს „შეუწყნარებელ წინაპირობად“ მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG