Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულწლოვან დევნილებს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ აღების საშუალებას აძლევს და ამისათვის სპეციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, 25 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით, დევნილებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლი ყოველ შაბათ-კვირას მოემსახურება. სამინისტროს მხრიდან აღნიშნული ღონისძიების დეკლარირებული მიზანი საარჩევნო სიის დაზუსტებაა.

დევნილთა ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის კამპანია რომ საარჩევნო სიის დაზუსტების ამოცანას უკავშირდება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა:

”ჩვენი ვალია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოს მივცეთ ერთიანი დაზუსტებული საარჩევნო სია და გავიგოთ, რამდენი რეგისტრირებული დევნილი გვყავს საქართველოში. ეს მიზანი არის საშვილიშვილო. ყველა დევნილს, სრულწლოვან დევნილს მოვუწოდებ - ისინი არიან 177 000, რომელთაც არა აქვთ პირადობის მოწმობები - გამოიყენონ ეს დრო და აიღონ უფასოდ ელექტრონული პირადობის მოწმობა”.

ამით თითოეული სრულწლოვანი დევნილი 34 ლარს დაზოგავს. სწორედ ამდენი ღირს ელექტრონული პირადობის მოწმობა. საქართველოს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ჩიჩუას თანახმად, დევნილებმა სამინისტროს ინიციატივისადმი ადეკვატური ინტერესი გამოამჟღავნეს-კერძოდ, აქციის დაწყების პირველივე დღის პირველ ნახევარში ახალ პირადობის მოწმობაზე განაცხადი 1200-მა ადამიანმა გააკეთა. როგორც ითქვა, შეთავაზება ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ აღებაზე, მთლიანობაში, 177 000-მა დევნილმა მიიღო.

”პირადობა აქვთ, როგორ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი რეგისტრირებულნი არიან. უბრალოდ, არა აქვთ ახალი პირადობის მოწმობა და, შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება ამ პერიოდის განმავლობაში შაბათ-კვირას მოვიდნენ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. ჩვენ არ ვიტყვით იმას, რომ ეს იქნება ვალდებულება ახალი პირადობის მოწმობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ და ანუ ვაზუსტებთ საარჩევნო სიებს”, – გვითხრა ნინო ჩიჩუამ.
ჩვენ ძირითადად ვემზადებით ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წელს ფიზიკურად არ მოესწრება ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი...
ლევან სამადაშვილი

საარჩევნო სიების დაზუსტების პროცესში კი უკვე აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მისმა თავმჯდომარემ, ლევან სამადაშვილმა, თქვა, რომ ახალი ტიპის პირადობის მოწმობა არჩევნებზე ერთ ამომრჩეველზე ერთ ხმას უზრუნველყოფს და გაყალბებას გამორიცხავს. სწორედ ამიტომაა, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ელექტრონული პირადობის მოწმობის ქონა, რაც, ამავდროულად, ვალდებულებას არ წარმოადგენს. ლევან სამადაშვილი განგვიმარტავს იმასაც, თუ რატომ დაისახა ზუსტი საარჩევნო სია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პრიორიტეტად, მაშინ როდესაც მანამდე, 2013 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.:

”ჩვენ ძირითადად ვემზადებით ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წელს ფიზიკურად არ მოესწრება ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. თუმცა წელს, ცხადია, ვიწყებთ ასეთი აქტივობების განხორციელებას. და გარდა ასეთი აქციებისა, ჩვენ სხვა მონაცემების დაზუსტებასაც ვაკეთებთ წლის განმავლობაში”.

თუმცა, როგორც ლევან სამადაშვილმა გვითხრა, ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით განპირობებულ შეთავაზებას, პირველ რიგში, დევნილებისთვის, ობიექტური მიზეზები განსაზღვრავდა: გარდა იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სოციალური სეგმენტია, ზოგადად მათთან დაკავშირებული დოკუმენტებია მოუწესრიგებელი. და ეს, ლევან სამადაშვილის თანახმად, ეხება არა მხოლოდ პირადობის მოწმობებს, არამედ სამოქალაქო აქტებსაც.

რაც შეეხება უშუალოდ ელექტრონული პირადობის მოწმობების კავშირს საარჩევნო სიის მოწესრიგების საკითხთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა გვითხრა, ბიომეტრიული მონაცემების საარჩევნო პროცესში მეტად გამოყენების საკითხი აქტიურად განიხილება ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრებზეც. შესაბამისად, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ჯგუფისთვის აქტუალურია როგორ წავახალისოთ მოსახლეობა, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობები:
ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

”იმიტომ, რომ აიდი ბარათებზე დატანილია ბიომეტრიული მონაცემები და გაცილებით უფრო მარტივი იქნება, რომ ის რეფორმა, რომელიც დაგეგმილია, რომ ბიომეტრიული სიები იყოს, ამ გზით გაცილებით უფრ მარტივი იქნება, იმიტომ რომ აიდი ბარათი არის ძალიან კარგი საშუალება ამისთვის და არის ეს პრობლემა საზოგადოებაში, რომ აიდი ბარათი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. რეალურად ამ კუთხით საუბარი მიდის ყოველთვის, რომ როგორ შეიძლება წავახალისოთ”.

ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ დევნილთა წახალისების მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა. იუსტიციის სახლის მონაცემების თნახმად კი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობით 700 000-მდე ადამიანი სარგებლობს.
XS
SM
MD
LG