Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინის პროკურატურა ქართულ მხარესთან არ თანამშრომლობს"


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის შესახებ უკრაინიდან ოფიციალური უარი მიიღო. ჯერჯერობით პასუხი უცნობია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურა უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ უკრაინის მხარე ძებნილი პირების გადაცემის საკითხზე ქართულ მხარესთან არ თანამშრომლობს.

უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილი პირების ექსტრადიციის საკითხს არეგულირებს ისეთი აქტები, როგორიცაა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი დახმარების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენცია და „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებები. ქვეყნებს შორის არსებულ ზემოხსენებულ ვალდებულებებზე აპელირებს სწორედ საქართველოს მთავარი პროკურატურა, როდესაც უკრაინისგან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გადმოცემას ითხოვს. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პროკურატურა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის პროკურატურას ზემოხსენებული ქართველი მაღალჩინოსნების ექსტრადირების მოთხოვნა განმეორებითაც გადაუგზავნა:

“ჩვენ მივმართეთ უკრაინის პროკურატურას ამ ორი ძებნილი ბრალდებულის ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით. ადეიშვილთან დაკავშირებით მივიღეთ უარი, თუმცა განმეორებითი მოთხოვნა გაიგზავნა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასთან დაკავშირებით პასუხი დღეს არ მიგვიღია, თუმცა გასულია ძალიან დიდი დრო პირველი შუამდგომლობის გაგზავნიდან და გაიგზავნა განმეორებითი მოთხოვნა. როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არ თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან“.

ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას და არათუ უკრაინასთან, სხვა ქვეყნებთანაც გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს ერთ დღეში არ მთავრდება, ეს პროცედურა...
გიორგი გოგაძე

ირაკლი შოთაძისთვის გასაგებია, რატომ არ თანამშრომლობს და რატომ არ ითანამშრომლებს უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების საკითხზე ამ ეტაპზე. ამ მიზეზებს შორისაა თავად მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმიანობა. კერძოდ, 13 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ოფიციალური თანამდებობა არა აქვს, მაგრამ ამჟამად უკრაინაში მუშაობს ზურაბ ადეიშვილიც.

მათი ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ, ორმხრივი და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, უკრაინა ვალდებულია დაიწყოს ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი და რომ საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ:

“ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას და არათუ უკრაინასთან, სხვა ქვეყნებთანაც გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს ერთ დღეში არ მთავრდება, ეს პროცედურა... ჩვენ გვაქვს საშინაო დავალებები მომზადებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ“.

მე მაინც მგონია, რომ პრაგმატიზმმა უნდა გაიმარჯვოს და, მიუხედავად იმ უხერხულობისა, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, ვთქვათ, უკრაინასთან გავაცივოთ ურთიერთობა. და, რაც მთავარია, ეს არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში...
კორნელი კაკაჩია

მთავარი პროკურატურის ეგრეთ წოდებული საშინაო დავალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. განცხადებაში კი, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს, ნათქვამია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულების დებულების შესაბამისად განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები. მთლიანობაში, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, ბოლოდროინდელი დანიშვნები საქართველოსა და უკრაინას შორის გარკვეულ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. მისი შეფასებით, ერთია პარტიული და პირადი ურთიერთობები, მეორე კი - სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები:

“მე მაინც მგონია, რომ პრაგმატიზმმა უნდა გაიმარჯვოს და, მიუხედავად იმ უხერხულობისა, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, ვთქვათ, უკრაინასთან გავაცივოთ ურთიერთობა. და, რაც მთავარია, ეს არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ეს უფრო სხვა, მესამე ძალების ინტერესებში შედის, რომლებიც სწორედ რომ დაინტერესებულნი არიან, რომ, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან დააცალკევონ, ვთქვათ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ასე რომ, მთლიანობაში თუ შევხედავთ ამას სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის“.

ექსტრადიციის საკითხები ორხრივი კომპეტენციის საკითხებად მიიჩნია საქართველოში ამ დღეებში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა, რომელსაც, მართალია, უშუალოდ ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ:

“უკრაინა ეძებს გამოცდილ ექსპერტებს და მრჩევლებს საერთაშორისო არენაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ცდილობს გაიკვალოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მე მოვუწოდებდი საქართველოს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომ ამ პროცესში ერთმანეთს მხარი დაუჭირონ“, განაცხადა 17 თებერვალს თბილისში მყოფმა ვიქტორია ნულანდმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის საკითხზე მას უკრაინის გენერალურ პროკურორთან არ ულაპარაკია, თუმცა ნათელია პროკურორის პოზიცია: იგი ენდობა ქართველებსა და ქართულ ჯგუფს და გვერდში დაიყენა, რათა პროკურატურის გამართული და თანამედროვე სისტემა შეიქმნას. დავით საყვარელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.

XS
SM
MD
LG