Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ


გუჯამ 6 წელზე მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა. ამბობს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები მის ცხოვრებაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია. მოგვიანებით შეიტყო, რომ სატრენინგო ცენტრში ყოფილ პატიმრებს და პრობაციონერებს სხვადასხვა ხელობას ასწავლიდნენ. გუჯა 2 თვეში მეავეჯის პროფესიას დაეუფლა და თბილისის ერთ-ერთ საწარმოში სამსახურიც იშოვა. ტრენინგცენტრს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ შექმნა, გუჯა ახლაც აკითხავს და აკვირდება, ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ახალ ხელობას როგორ ეუფლებიან.

ინტეგრირებული ტრენინგცენტრის გარდა, ამავე ბაზაზე უკვე სოციალური საწარმოც გაიხსნა, სადაც წარმატებული ბენეფიციარები დასაქმდებიან. პროექტი, რომელსაც ასოციაცია „თანხმობა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილვსვერკ ავსტრია“ (HILFSWERK AUSTRIA INTERNATIONAL) ერთობლივად ახორციელებენ, მიზნად ისახავს ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციონერების, დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზოგადოებაში რეინტეგრაციას, რესოციალიზაციას განათლების, დასაქმებისა და პიროვნული მხარდაჭერის გზით. პროექტის სახელწოდებაა „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“. სატრენინგო ცენტრში 160 ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაეუფლოს შემდუღებლის, მეავეჯის ან ბიზნესმენეჯერის სპეციალობას. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი არსოშვილის აზრით, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნების პრობლება სახელმწიფოსთან ერთად თითოეული მოქალაქის საზრუნავი უნდა იყოს და მესამე სექტორი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე აცხადებს, რომ ეს არის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწყებული საპილოტე პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა, პროექტში ჩართულმა პირებმა კი უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ დიდი ხანია შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ახორციელებს. მათი ბენეფიციარები ძირითადად დევნილები იყვნენ ხოლმე, მაგრამ ასოციაციის ხელმძღვანელის იულია ხარაშვილის განცხადებით, სხვა რისკჯგუფებიც არსებობენ, რომელთა დასახმარებლად დევნილებთან დაგროვილი გამოცდილება გადმოიტანეს.

ტრენინგცენტრის და სოციალური საწარმოს გარდა, პროექტის ავტორები მოხალისეებს მენტორობას სთავაზობენ. დატრენინგებული მენტორები რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებთან იმუშავებენ და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან. „ჰილვსვერკ ავსტრიის“ რეგიონალური მენეჯერი ნიკოლ მარია ბაუერი აცხადებს, რომ ეს მოდელი ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მოქმედებს, როცა სამოქალაქო და სასულიერო პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსულ პირებს თანადგომას უცხადებენ და მათზე ზრუნავენ.

სოციალური საწარმოს გახსნის ცერემონიალზე ცენტრის ბენეფიციარებმა იქ მყოფი საზოგადოებისგან საოფისე ავეჯზე შეკვეთებიც მიიღეს. უკვე გამოცდილი გუჯა სხვა ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს რჩევებს აძლევს და ეხმარება. მისი თქმით, ეს საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანმა ახალი ცხოვრება დაიწყოს და უკან დაბრუნებაზე აღარ იფიქროს.

XS
SM
MD
LG